დიგერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიგერები — XVII საუკუნეში ინგლისის რევოლუციის დროს უკიდურესი მემარცენე მიმართულების წარმომადგენლები. გამოხატავდნენ სოფლისა და ქალაქის უკიდურესად ღარიბი ფნის, განსაკუთრებით კი უმიწო და მცირემიწიანი გლეხების ინტერესებს. დიგერობა, როგორც იდეოლოგია ჩამოყალიბდა 1647-1649 წლებში. დიგერები გამოეყვნენ ლეველერებს და მათგან განსხვავებით თავიანთ თავს „ჭეშმარიტი ლეველერები“ უწოდეს. დიგერების იდეოლოგი ჯ. უინსტენლი მოითხოვდა „ჭეშმარიტ“ ანუ სოციალურ თანასწორობას, „თავისუფალი რესპუბლიკის“ შექმნას, სადაც არ იარსებებდა ექსპლუატაცია, მიწაზე იარსებებდა კოლექტიური საკუთრება და შრომა. მათი პროგრამა ითვალისწინებდა კოპიჰოლდის გაუქმებას, გლეხობისთვის წართმეული მიწების დაბრუნებას. ამ პროგრამის განხორციელება მეურნეობის ფეოდალური სისტემის სრულ გაუქმებას ნიშნავდა. ინგლისის გლეხობის დიფერენციაციის პირობებში დიგერების მოთხოვნები ვერ გახდა სოფლად მასობრივი მოძრაობის საფუძველი. 1649 წელს დიგერთა ერთმა ჯგუფმა სცადა კოლექტიურად დაემუშავებინა გავერანებული სათემო მიწა კობემის მახლობლად, სურეის საგრაფოში, მაგრამ ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალა. 1650 წელს დიგერების მოძრაობას ბოლო მოეღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]