დვირის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დვირის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის ცენტრში, სკოლის შენობის უკან, ძველ (ამჟამად გაუქმებულ) სასაფლაოზე. ეკლესიას გარს არტყია დაბალი განივი გალავანი, რომელშიც გამოყენებულია ეკლესიის ქვები. ეკლესია ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნატეხი ქვით. თავდაპირველი სახით დვირის ეკლესია წარმოადგენდა ორნავიან ეკლესიას გართულებულს სამხრეთის ეკვდერით. 1900 წელს ტაძარი ბერძენ ოსტატებს შეუკეთებიათ და დაუკარგავთ ძეგლისათვის პირვანდელი სახე. დღესდღეობით ჩვენამდე ეკლესიის მხოლოდ ცენტრალურმა ნაწილმა და ჩრდილოეთმა ნავმა მოაღწია. ეკლესიას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. სამხრეთის შესავლელის თავზე ჩადგმულია წრეში ჩასმული ტოლმკლავიანი ჯვარი. ეკლესიის ტერიტორიაზე XIX საუკუნის რამდენიმე საფლავია. ტაძარი შიგნიდან მოუხატავთ და დღეისათვის მოქმედია. დვირის მთავარანგელოზის ეკლესიას, მისი ხუროთმოძღვრული მონაცემებიდან გამომდინარე, X საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987