დესპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დესპანი — II კლასის დიპლომატიური წარმომადგენელი; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში წარგზავნილი საგანგებო პირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებით.

ვენის 1961 წლის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობათა შესახებ, რომლითაც დაწესებულია დიპლომატიურ წარმომადგენელთა კლასები, დესპანი II კლასის დიპლომატიური წარმომადგენელია (ამავე კლასს მიეკუთვნება ვატიკანის ინტერნუნციუსი). დესპანი აკრედიტებულია სახელმწიფოს მეთაურთან (გზავნის ერთი სახელმწიფოს მეთაური მეორე სახელმწიფოს მეთაურთან). დესპანის რანგი, ისევე როგორც სხვა დიპლომატიური რანგები (წოდებები), განისაზღვრება შინასახელმწიფოებრივი სამართლით.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონით „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, დესპანს ეწოდება „საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი“. საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დესპანი საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად წარმოადგენს უმაღლეს დიპლომატიურ რანგს და უფროს დიპლომატიურ თანამდებობას. დესპანის რანგს საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე ტერმინი „დესპანი“ აღნიშნავდა სხვა ქვეყანაში სპეციალური მისიით, რაიმე გარკვეული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალების შესასრულებლად წარგზავნილ საგანგებო პირს. ისტორიულად საქართველოში იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე ტერმინები „ელჩი“ და „მოციქული“. ხანგრძლივად, დიდი ხნით წარგზავნილ დესპანს „ომირა“ — „დიდი დესპანი“ — ერქვა (სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით). დესპანი იხსენიება, მაგალითად, ოშკის ბიბლიაში (გადაწერილია 978), ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, გეორგიევსკის ტრაქტატში (1783) და სხვ. „შუშანიკის წამებაში“ (V საუკუნე) ნახსენებია „სადიასპანო ცხენი“ („წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი“). დესპანს დანიშნულებისამებრ „წასაყენებელნი აზრი-მოხსენებანი“ როგორც სიტყვიერად, ისე წერილობითაც მიეცემოდა. გიორგი XII-ის ძის, დავით ბატონიშვილის საკოდიფიკაციო პროექტით (შედგენილია XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე), მეფის დესპანის „ნებსით“ გამძარცველისა და მკვლელისათვის გათვალისწინებული იყო ჩამოხრჩობა. ასეთი სასჯელი პროექტში დასაბუთებულია იმით, რომ დესპანი „სახე არს წარმომგზავნელისა თჳსისა და ...ჯერ არს მეზობელთა პატივის-ცემაჲ მეზობელთაგან“. დესპანად წარგზავნილი კაცი კი „მცბიერობით“" მოქცევისათვის „მსგავსად ორგულთა“ დაისჯებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]