დეზმონდ ტუტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დესმონდ ტუტუ)
დეზმონდ ტუტუ
ინგლ. Desmond Mpilo Tutu
კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი
ეკლესია: ანგლიკანური
 
დაბადება: 7 ოქტომბერი, 1931
გარდაცვალება: 26 დეკემბერი, 2021 (90 წლის)

დეზმონდ მპილო ტუტუ (ინგლ. Desmond Mpilo Tutu; დ. 7 ოქტომბერი, 1931 — გ. 26 დეკემბერი, 2021) — სამხრეთ აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა 1980-იან წლებში, როგორც აპართეიდის ოპონენტმა. ტუტუ პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელი ანგლიკანური არქიეპისკოპოსი იყო კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში. ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა 1984 წელს.

კეიპტაუნის ანგლიკანი არქიეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ 1931 წელს ქალაქ კლერკსდორფში დაიბადა. იგი აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მოგვიანებით მონაწილეობდა შერიგების პროცესშიც, რამაც ქვეყანა დემოკრატიამდე მიიყვანა. 1954-1957 წლებში იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და დაკავებული თანამდებობა იმ მიზნით დატოვა, რომ შავკანიან ახალგაზრდებს განათლების მიღების უფლებას არ აძლევდნენ. 1960 წელს ინგლისში მღვდლად აკურთხეს, სადაც 1975 წლამდე მოღვაწეობდა. 1976 წელს ტუტუ სამშობლოში დაბრუნა და ლესოტოს ეპისკოპოსად აკურთხეს. იმავე წელს სოვეტოში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ დეზმონდ ტუტუს აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის სურვილი აღუძრა. ტუტუ გმობდა ძალადობას, მათ შორის აპარტეიდის წინაღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მხრიდან გამოვლენილ ძალადობასაც. 1984 წელს დეზმონდ ტუტუ მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. აღნიშნული ჯილდოს მოპოვებიდან სულ მოკლე ხანში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართულ განცხადებაში ტუტუ წერდა:

ვიკიციტატა
„თქვენ აცხადებთ, რომ თავისუფალნი ვიქნებით. გთხოვთ: დაგვეხმარეთ, რათა ეს თავისუფლება სამხრეთ აფრიკის თითოეულ მოქალაქეს ეწვიოს, თეთრსაც და შავსაც. ასევე ვისურვებდი, რომ ამ თავისუფლებას რაც შეიძლება ნაკლები ძალადობით, მშვიდობიანი გზით და რაც შეიძლება მოკლე ხანში ვეზიაროთ.“

დეზმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ანგლიკანმა ეპისკოპოსმა რასისტული რეჟიმის კრიტიკისათვის ეკლესიის კათედრა გამოიყენა. აპარტეიდის რეჟიმის დაცემის შენდეგ დეზმონდ ტუტუ სათავეში ჩაუდგა შერიგებისა და სიმართლის დამდგენ კომისიას, ორგანიზაციას, რომელიც შურისძიების გამოვლინებების აღკვეთას ემსახურებოდა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუტუ ავტორია საეკლესიო ქადაგებათა ექვსი ნაკრების და სხვა ნაშრომების:

  • „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“ (Crying in the Wilderness, 1982)
  • „იმედი და ტანჯვა“ (Hope and Suffering: Sermons and Speeches, 1983)
  • „დეზმონდ ტუტუს შეგონებანი“ (The Words of Desmond Tutu, 1989)
  • „ცისარტყელას ქვეყანა და ღმერთი“ (The Rainbow People of God, 1994)
  • „დეზმონდ ტუტუს რაობა“ (The Essential Desmond Tutu (1997)
  • „პატიების გარეშე მომავალი არ გვექნება“ (No Future without Forgiveness, 1999)
  • „ღმერთის სიზმარი: იმედის ხედვა ჩვენს დროში“ (God Has a Dream: A Vision of Hope for Our Time, 2004)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]