დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის ცენტრში. სავარაუდოდ აგებულია XIV საუკუნეში. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ეს ნავი გვერდითი მინაშენებისაკენ თითო ფართო თაღით არის გახსნილი; განათებულია საკურთხევლის სამი და დასავლეთის კედელში არსებული ერთი სარკმლით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებში თითო სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე, ისევე როგორც მინაშენებისა გადახურულია კამარით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. დასავლეთის სათავსო –– ნარტექსი სამივე ნავთან კარით არის დაკავშირებული.

ორსაფეხურიან ცოკოლზე დამყარებული ნაგებობა გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო –– მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით და დაგვირგვინებულია თარო — კარნიზით. ფასადები მოურთავია. დღეს მხოლოდ დასავლეთის სარკმელის ზედანს შემორჩა ცხოველების რელიეფური გამოსახულებები.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიგნით ეკლესიის კედლებს მთლიანად ფარავდა მოხატულობა. იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია.გადარჩენილი სცენების ფერადოვანი გამა ჩამქრალია. მხატვრობა რამდენიმე რეგისტრად ნაწილდება. ცენტრალური აფსიდის კონქში ორ მთავარანგელოზს შორის, წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის ქვემოთ :"ზიარების" ტრადიციული კომპოზიციაა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრში მხატვარს გამოუსახავს „მსხვერპლის თაყვანისცემა“. ძირითადი ნავის კამარაში ცენტრალური გამოსახულების — ჯვრის აქეთ-იქით ამაღლების სცენის ორი ვარიანტია განაწილებული. ამ რეგისტრის ქვემოთ მოცემულია შვიდი ძირითადი სადღესწაულო სცენა: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, „ლაზარეს აღდგინება“, „იერუსალიმად შესვლა“ და ჯვარცმა. მათ შორის თავისუფალ ადგილებს წმინდანთა გამოსახულებები იკავებენ. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სცენა ეკლესიის წმინდანის იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან. საკურთხევლის წინ დადგმული კანკელის თაღედი მედალიონებით არის შემკული. ზედა მწკრივში მახარობელთა სიმბოლოებია მოცემული. ქვევით, წმინდანთა ნახევარფიგურული გამოსახულებებია.ეს რიგი უწყვეტად გადადიოდა ჩრდილოეთ მინაშენის კანკელზე,რომელიც დღეისათვის დაზიანებულია. ამ მინაშენის კონქში „ვედრებაა“ წარმოდგენილი,ქვეშ კი ოთხი საეკლესიო მამა. ჩრდილოეთ კედელს ქტიტორთა რიგი მიყვებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ფიგურაღაა შემორჩენილი. შუაში ახალგაზრდა მამაკაცი, აქეთ-იქით კი მანდილოსნები. საერო პირის კიდევ ერთი ფიგურაა დასავლეთის მინაშენის პილასტრზეც. წარწერა არც ერთს არ შემორჩენია.

ეკლესიის მოხატულობიდან დახვეწილი ნახატითა და მჟღერი კოლორიტით გამოირჩევა ამავე მინაშენის კედლებზე გამოსახული „განკითხვის დღის“ ვრცელი კომპოზიცია. სამხრეთ მინაშენის კონქში წარმოდგენილია „საყდარი განმზადებული“,ხოლო კედლებზე სხვა სცენებთან ერთად დახატულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი.

დერჩის ნათლისმცემლის მხატვრობა XVII საუკუნით თარიღდება[2]

წარწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური საკურთხევლის ზედა რეგისტრებს შორის მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც ამავე პერიოდს ეკუთვნის. ძლიერი დაზიანების გამო ტექსტი სრულად არ იკითხება. ქტიტორთა სახელები არ შემორჩენილა. დაცული ფრაგმენტებიდან საინტერესო ცნობას ვიგებთ: ეკლესიის მომხატველებს მისი რომელიღაც ნაწილი სამარხად გამოუყენებიათ. აქვე იკითხება:„... და შევამკეთ ჯვრითა, ხატითა, წიგნებითა...“

დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვლი, ლ. ჭურღულია. ლეჩხუმი, „მეცნიერება“, თბ., 1983;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. ჯ. იოსებიძე, დერჩის ნათლისმცემლის ეკლესიის მოხატულობა (ხელნაწერი), 1973
  3. დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვლი, ლ. ჭურღულია. ლეჩხუმი, თბ., 1983. გვ. 55–58