დერბენდის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარუბანდი (მრავალმნიშვნელოვანი).

დერბენდის სახანო, დარუბანდის სახანო — ფეოდალური სამფლობელო (სახანო) სამხრეთ დაღესტანში; ცენტრი — ქალაქი დერბენდი.

IX-X საუკუნეებში დარუბანდში არაბული წარმომავლობის ჰაშიმიდების დინასტია იყო გაბატონებული. XII-XIII საუკუნეებში დარუბანდის საამირო თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სამეფოს ემორჩილებოდამ XVI საუკუნეებიდან კი — სეფიანთა ირანის შირვანთა ხელისუფლებას. 1722 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რომელმაც დერბენიდ 1735 წლის ხელშეკრულებით ირანს დაუთმო.

1747 წელს ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი დერბენდის სახანო ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ეჭირა მცირე ტერიტორია თაბასარანის, ყარახაიდაყისა და ყუბის სახანოთა შორის. 1759 წელს ყუბის მფლობელმა ფათალი-ხანმა ტახტიდან ჩამოაგდო დერბენდის ხანი მუჰამედ ჰუსეინი და მისი ტიტული მიითვისა, შეიერთა სხვა სახანოები და აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძლიერესი მფლობელი გახდა. მას რთული ურთიერთობა ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-თან. 1778 წელს ქართლ-კახეთისა და ყარაბაღის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ფათალი-ხანი. 1787 წელს ფათალიხანმა და ერეკლე II-მ კავშირი შეკრეს ირანის წინააღმდეგ. შემდგომ დერბენდის სახანოს განაგებდნენ ფათალი-ხანის შვილები: აჰმედხანი (1789–1791) და შეიხ-ალი-ხანი (1791–1806). ეს უკანასკნელი 1793 წელს რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. მიუხედავად ამისა, 1796 წელს შეიხ-ალიხანმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპარსეთის წინააღმდეგ გალაშქრებულ რუსეთის ჯარებს. 1806 წელს რუსებმა საბოლოოდ დაიკავეს ქ. დერბენდი და იქ თავიანთი მმართველობა დაამყარეს. დერბენდის სახანოს დანარჩენი ტერიტორია კი რუსეთის ქვეშევრდომს — ტარკის საშამხლოს — გადაეცა. 1813 წლის გულისტანის საზავო ხელშეკრულებით დერბენდი საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.