შინაარსზე გადასვლა

დეპოზიტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეპოზიტარი (ლათ. depositarium – საცავი; ინგლ. depository) — პირი ან დაწესებულება, რომელიც შესანახად იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებს, დოკუმენტებსა და ფასეულობებს.

საქართველოს კანონმდებლობით დეპოზიტარი არის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს დეპოზიტარული მომსახურება და/ან ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგი და ანგარიშსწორება. დეპოზიტარული მომსახურება გულისხმობს ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასა და შენახვას, მათზე დეპონენტების უფლებების ფიქსირებას და დადასტურებას, აგრეთვე ამ უფლებების დატვირთვის და შეზღუდვის აღრიცხვას.

იმისდა მიხედვით, თუ რა ფასეულობებს ვინახავთ, არსებობს რამდენიმე სახის დეპოზიტარი. ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ცენტრალური რგოლია. ტერმინი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში სხვადასხვანაირადაა განმარტებული და ამასთან განსხვავებულ ფუნქციებსაც ასრულებს. მაგ., ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი დეპოზიტარის — დეპოზიტარული სატრასტო კომპანიის (DTC) ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების შენახვა, იმობილიზაცია, მათზე საკუთრების უფლების აღრიცხვა, ნომინალური მფლობელის მოვალეობის შესრულება და სხვ.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური დეპოზიტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი კასტოდიანისა და საკლირინგო ორგანიზაციის ფუნქციებს აერთიანებს. კასტოდიანური მომსახურება გულისხმობს საინვესტიციო სახსრების აღრიცხვასა და შენახვას, მათ შორის მართვისა და მეურვეობის უფლებით. კლირინგი ეწოდება ფასიანი ქაღალდების გარიგებების შედეგად ანგარიშსწორებაში მონაწილე მხარეების ვალდებულებებისა და მოთხოვნების ურთიერთჩათვლას, აგრეთვე ასეთი გარიგებების შესრულების გარანტიების სისტემის შექმნასა და კონტროლის განხორციელებას.

საქართველოს კანონმდებლობით, ცენტრალური დეპოზიტარი ნომინალური მფლობელის დავალებით უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ კლირინგსა და ანგარიშსწორებას, ან ეწევა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მომსახურებას (ნომინალური მფლობელის მოვალეობის შესრულების მიზნით ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების ანგარიშების წარმოება, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის განხორციელება, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და მისი უზრუნველყოფის სფეროს, ასევე საინვესტიციო ფონდების მომსახურება და დეპოზიტური ხელწერილების გამოშვება). საქართველოში მოქმედებს ერთი ცენტრალური დეპოზიტარი — საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც დაარსებულია 1999 წელს.

სპეციალიზებული დეპოზიტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალიზებული დეპოზიტარი არის ფინანსური ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია დამატებით სპეციალური ფუნქცია-მოვალეობები და მომსახურებები. საქართველოში სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ, იგი წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს, რომელიც მომსახურებას უწევს ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს.

ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი (კომერციული ბანკი ან სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება), აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკი. სპეციალიზებული დეპოზიტარის მაგალითია საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომლის მომსახურებები, ვალდებულებები, და ასევე მისი შერჩევის წესი, გაწერილია საქართველოს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სვანაძე ვ., ხიზანიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]