დემილიტარიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დემილიტარიზაციამილიტარიზაციის პროცესის შებრუნება. იგი გულისხმობს სამხედრო სექტორის ზომისა და გავლენის შემცირებას სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე და ასევე, სამხედრო რესურსების სამოქალაქო მიზნებისთვის გარდაქმნას. თუმცა როგორც მილიტარიზაციის კონცეფციაა სადავო, ასევეა დემილიტარიზაციაც.

დემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც არსებობს რამდენიმე მოვლენის დაკვირვებადი კომბინაცია. მათ შორისაა: სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ზრდა, სახმედრო ძალების ზომის შემცირება, განიარაღება, სამხედრო ხარჯების შემცირება და იარაღის ინდუსტრიის სამოქალაქო მიზნებისთვის გარდაქმნა.

დემილიტარიზაციის ფენომენს სამი განზომილება აქვს: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური/ფსიქოლოგიური. პოლიტიკური განზომილება მიუთითებს დემოკრატიული სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებს, კერძოდ კი სამხედრო სფეროს სამოქალაქო კონტროლზე. ეკონომიკური განზომილება აღწერს დემილიტარიზაციის ხარჯებისა და რესურსების დანაზოგს. ეს ორი განზომილება დაკავშირებულია სახელმწიფო დემილიტარიზაცისთან, ხოლო სოციალური/ფსიქოლოგიური დაკავშირებულია საზოგადოების დემილიტარიზაციასთან[1].

განიარაღება და გარდაქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემილიტარიზაციის ფენომენის ცენტრალური საკითხები განიარაღება და გარდაქმნაა. ხშირად, ეს პროცესები ნებსით თუ უნებლიედ, დემილიტარიზაციის შინაარსით გამოიყენება. განიარაღება ნიშნავს იარაღის რაოდენობის შემცირებას. ის მოიცავს სამხედრო ხარჯების შემცირებას, როგორც რაოდენობრივ მონაცემებში, ასევე, ისეთ ცვლადებთან შეფარდებით, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), სახელმწიფო ხარჯები და ინფლაცია. განიარაღება ასევე მოიცავს იარაღის გარკვეული სისტემების განადგურებას ან მისი წარმოების შეზღუდვას ან საერთოდ აკრძალავს. ამასთანავე, განიარაღებაში იგულისხმება სამხედრო პერსონალის რაოდენობის შემცირება, იარღის ვაჭრობის ლიმიტირება, სამხედრო კვლევებისა და განვითარების კონტროლი, იარაღთა განდგურების მონიტორინგი. თუმცა, ყველა ტიპის იარაღის შემცირება არ ითვლება განიარაღებად, რადგან ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომის სამხედრო ძალა უფრო ეფექტურია, ვიდრე დიდი. ამ შემთხვევაში, საჭიროა სამხედრო შესაძლებლობების შეფასება, რათა განისაზღვროს აქვს თუ არა ადგილი განიარაღებას და თუ აქვს, რა ხარისხით.

არსებობს გარდაქმნის ორი ინტერპრეტაცია. პირველი, ვიწრო გაგებით, ეს არის სამხედრო კვლევითი სტრუქტურებისა და საწარმოების გარდაქმნა ისეთ დაწესებულებებად, რომლებიც ემსახურებიან სამოქალაქო კვლევებსა და სამოქალაქო სიკეთეების წარმოებას. მეორე უფრო ფართო ინტერპრეტაციით, გარდაქმნა გულისხმობს სამხედრო ძალებისა და სამხედრო თავდაცვითი ინდუსტრიის რესურსების გადატანას ეკონომიკის სხვა სექტორებში, მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება და ჯანდაცვა.

გარდაქმნა განიარაღების შედეგია, რადგან განიარაღება იწვევს სამხედრო თავდაცვითი სექტორის რესურსებზე მოთხოვნის შემცირებას. სამხედრო სფეროსთვის ნაკლები ადამიანური რესურსი ხდება საჭირო და გარკვეული სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის დახურვა ხდება. ამგვარად, მცირე სამხედრო ინდუსტრია ნაკლებ მეცნიერს, ინჟინერს, მუშას, კვლევისა და განვითარების ისტაბლიშმენტს და საწარმოო ობიექტებს მოითხოვს.

„გარდაქმნის ბონის საერთაშორისო ცენტრს“ აქვს გარდაქმნის საკუთარი განმარტება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაქმნა რეალურად განიარაღების პროცესის მენეჯმენტია. გარდაქმნა არის ძალისხმევა, რომელიც მონაწილე აქტორებისა და დაინტერესებული მხარეებისგან არსებული საწარმოო ძალების სამოქალაქო მიზნებისთვის ოპტიმიზაციას მოითხოვს[1].

დემილიტარიზაციის ისტორიული საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემილიტარიზაციის პროცესი არსებობს თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდანვე. უმეტესწილად ეს პროცესი შეეხებოდა კოლონიზაციასა და დაპყრობას. პირველივე, რასაც კოლონიზატორი ახალი ტერიტორიის დაპყრობისას აკეთებდა ეს ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღება და პაციფიზაცია იყო.

დემილიტარიზაციის პირველი დოკუმენტური მასალა შუა საუკუნეებით თარიღდება. წესები, რომლებიც საფორტიფიკაციო ნაგებობების დაშლა და მისი აღდგენის აკრძალავას გულისხმობდა, ხშირად გვხვდება XVII-XVIII საუკუნეებში ევროპაში დადებულ სამშვიდობო შეთანხმებებში. ამის ერთ-ერთი პირველი მაგალითია 1559 წლის შატო კამბრესის ხელშეკრულება საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, სადაც მითითებული იყო, რომ ტერუანის რეგიონში თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა იკრძალებოდა. 1768 წელს, დანიამ მდინარე ელბას შესართავში არსებული რამდენიმე კუნძული ჰამბურგს გადასცა იმ პირობით, რომ ამ კუნძლებზე არანაირი სამხედრო დანიშნულების ნაგებობა არ აიგებოდა. დემილიტარიზაციის მრავალი გარიგება შედგა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დადებულ შეთანხმებებში, როგორებიც იყო ზაარის რეგიონი, დანციგის (გდანსკი) თავისუფალი ქალაქი, სპიტსბერგენის/სვალბარდის და ხმელთაშუა ზღვის რამდენი კუნძული. ამგვარი მიდგომები გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც და ისეთი მაგალითები არსებობდა, როგორებიც იყო დოდეკანესის კუნძულები, პელაგოსასა და ტრიესტეს თავისუფალი ტერიტორია.

დემილიტარიზაციის კარგი მაგალითია 1856 წელს, ყირიმის ომის დასრულების შემდეგ პარიზის ხელშეკრულებით დამოწმებული მანამდე გაფორმებული სამმაგი კონვენცია საფრანგეთს, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ბალტიის ზღვაში ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციაზე. იგი არ ყოფილა მეგობრული ან სამშვიდობო მოტივებით განპირობებული შეთანხმება და არც კუნძულზე მაცხოვრებელი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ზრუნვა. დემილიტარიზაციის ლოგიკა იყო და რჩება ის, რომ ამ პატარა კუნძულების საფორტიფიკაციო ნაგებობებისგან გათავისუფლებით იგი ნაკლებად სტარტეგიული მნიშვნელობის იქნებოდა სამხედრო მიზნებისთვის. ეს იყო მეზობელი შვედეთის მთავარი ინტერესი და ხელშეკურლების გაფორმების მთავარი მამოძრავებელი მიზანი. თუმცა სხვადასხვა მიზეზებით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში თავად შვედეთს მონაწილეობა არ მიუღია და ამ დოკუმენტის მიღმა დარჩა.

დემილიტარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული შემთხვევაა ანტარქტიდის ინსტიტუციონალიზებული საერთაშორისო მმართველობის პირობები. 1959 წლის ანტარქტიდის ხელშეკრულებით, ზოგადსაკაცობრიო ინტერესებიდან გამომიდინარე, ეს ტერიტორია გამოყენებული იქნება მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის და არასდროს საერთაშორისო ტერიტორიული დავებისთვის. დემილიტარიზაციის პროცესისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო 1999 წელს, გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის გეგმა კვიპროსის განიარღების შესახებ[2]

დემილიტარიზაციის სხვა ცნობილი მაგალითებია:

  • ვერსალის ხელშეკურლება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რითაც გერმანიას აეკრძალა საჰაერო ძალების, ჯავშანტექნიკის და საზღვაო ტექნიკის ყოლა. ასევე, ხელშეკურლებით შეიქმნა რაინის დემილიტარიზებული ზონა;
  • მოკავშირე ძალების მიერ სამხედრო პერსონალის მასობრივი შემცირება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ;
  • ბრიტანული შეიარაღებული ძალების დემობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ;
  • ვაშინგტონის საზღვაო ხელშეკურლება;
  • ქიმიური იარაღის კონვენცია;
  • 1948 წელს კოსტა-რიკის პრეზიდენტის, ხოსე ფიგუერესის მიერ სამხედრო ძალების გაუქმება.

თუმცა, დემილიტარიზაციის კონცეპტუალური საფუძვლები 1860-იან წლების დასავლეთ ევროპის მილიტარიზმის დებატებიდან იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ დემილიტარიზაციის კონცეპტუალიზება არ მომხდარა, დასავლეთში ყოველთვის მიმდინარეობდა მსჯელობა თუ რა კონტექსტსა და გარემოებებში შეიძლებოდა მილიტარიზმის პროცესი გამქრალიყო. მაგალითად, ჰერბერტ სპენსერი ამტკიცებდა, რომ მილიტარიზმი ფეოდალურ-აგრარული საზოგადოებების დამახასიათებელი ნიშანი იყო და ის გაქრებოდა მაშინვე, როდესაც სოციო-ეკონომიკური პროგრესი განხორციელდებოდა, კერძოდ კი, ლიბერალურ-კაპიტალისტურ ინდუსტრიალიზმზე ტრანზიცია მოხდებოდა. მარქსისტი თეორეტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მილიტარიზმი გაქრებოდა, როდესაც საზოგადოებები კომუნიზმს მიუახლოვდებოდნენ, ერთი საფეხურის შემდეგ ვიდრე ამას საზოგადეობის განვითარების სპენსერისეული მიდგომა ამბობდა.

ადრეულ 1900-იან წლებში დემილიტარიზაციაზე მსჯელობა აკადემიური სივრცეში შევიდა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ომების შეჩერების კონტექსტში, სადაც დამარცხებული ძალა ვალდებული იყო შეემცირებინა სამხედრო ძალები, იარაღის წარმოება და იარაღის იმპორტი. ცივი ომის პერიოდში დემილიტარიზაცია იქცა მშვიდობის სწავლების მკვლევართა საქმედ, სადაც ტერმინი უფრო გაფართოვდა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოების სამხედრო პოტენციალის შემცირებასთან ერთად, დემილიტარიზაციას დაემატა სამხედრო ინსტიტუტების როლის შემცირება, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. ცივი ომის შემდეგ, დემილიტარიზაციის კონცეფციის მიმართ ინეტრესი არ განელებულა. მისი განხილვა ამჯერად, სოციალური და კულტურული პერსპექტივებიდან ხდებოდა[1],

მილიტარიზმი და მილიტარიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემილიტარიზაცია დაკავშირებულია მილიტარიზმისა და მილიტარიზაციის ცნებებთან. მილიტარიზმის უნივერსალური განსაზღვრება და მისი ფორმულირება რთულია, გამომდინარე ამ ფენომენის მრავალფეროვნებისა. მილიტარიზმის ცნებაზე დიდი გავლენა აქვს კონტექსტსა და ისტორიულ გამოცდილებას. მაგალითისთვის, მილიტარიზმი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში განსხვავებულია აგრარული საზოგადოებების მილიტარიზმისგან. ხშირად, მილიტარიზმის განმარტება დამოკიდებულია იდეოლოგიაზეც.

დასავლეთში, ზოგიერთი ავტორი ხაზს უსვამს სამხედრო ძალების ზომასა და გავლენას საზოგადოებაზე, ზოგი კი ღირებულებით აღქმას და დამოკიდებულებებზე მიანიშნებს. სხვა ავტორები უმეტესწილად სამხედრო აპარატის ეკონომიკურ საფუძვლებზე კონცენტრირდება. მიუხედავად ამგვარი სხვადასხვაობისა, დასავლელი ავტორები თანხმდებიან მილიტარიზმის ერთ თვისებაზე, რომელიც მეტობის/სიჭარბის იდეას უკავშრდება. მილიტარიზმი დანახულია, როგორ სამხედრო სექტორის გაფართოება საკუთარ საზღრვებს მიღმა, სადაც ის გავლენას იძენს სამოქალაქო ინსტიტუტებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მარქსისტები მილიტარიზმის შესახებ ერთიან თეორიულ ჩარჩოს არ იძლევიან, მაგრამ ადგენენ გარკვეულ კავშირებს მილიტარიზმს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკონომიკას შორის. მარქსისტები თვლიან, რომ მილიტარიზმი სოციალური ფენომენია, რომელიც საზოგადოების კლასებად დაყოფიდან აღმოცენდება და ახასიათებს ექსპლოატატორ სახელმწიფოებს. კლასობრივი ანტაგონიზმის საზოგადოებებში ბურჟაზიამ მოახდინა მილიტარიზმის რეაქციული ელემენტების ათვისება და საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგება.

კაპიტალიზმში მილიტარიზმი აღწევს უპრეცედენტო მასშტაბს და იძენს საკვანძო მნიშვნელობას. კაპიტალისტურ საზოგადოებებში სამხედრო საშუალებები გამოყენებულია საკუთრების უფლების დაცვის გასამართლებლად. შესაბამისად, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება მმართველი კლასის ინტერესშია, რათა მან შეინარჩნოს საკუთარი ჰეგემონური პოზიცია. რობინ ლაქჰემის განმარტებით:

„მილიტარიზმი მიუთითებს იმ სიმბოლოების, ღირებულებებისა და დისკურსების გაძლიერებას საზოგადოებაში, რომელიც უფრო და უფრო მეტ ლეგიტიმაციას აძლევს სამხედრო ძალასა და ომისთვის მზადებას.“

მილიტარიზმისგან განსხვავებით, მილიტარიზაცია არ ნიშნავს სამხედროების დომინაციას ან მის გამოყენებას რომელიმე იდეოლოგიის მიერ. ის არის ბუნებრივი პროცესი, როემლიც ასახავს საზოგადოებასა და სამხედრო სექტორს შორის ურთიერთობას.

მილიტარიზაციის პირველი ტიპი არის პროცესი, რომელითაც სარგებლობს მილიტარიზმი, კონკრეტულად, ძალადობის მზარდად გამოყენება, მილიტარისტული იდეოლოგიების მნიშვნელობის გაზრდა და მასთან ასოცირებული რწმენები, ღირებულებები და სოციალური ურთიერთობები. მეორე ტიპის მილიტარიზაცია ხასიათდება მზარდი სამხედრო ხარჯებით, სამხედრო ძალების ზომის, იარაღის წარმოებისა და იმპორტის გაზრდით. ის ასევე, ხასიათდება სამხედროების მხრიდან საზოგადოებისა და ეკონომიკის მიმართ მზარდი მოთხოვნებით, რაც ხშირად მათი პოლიტიკური როლისა და გავლენის განვრცობაში გადაიზრდება ხოლმე.

იგივე ლაქჰემის დეფინიციით:

ვიკიციტატა
„მილიტარიზაცია არის მრავალგანზომილებიანი პროცესი, რომლითაც რამდენიმე ელემენტი - როგორიცაა სამხედრო გადატრიალებები, სამხედრო რეჟიმები, ავტორიტარული მთავრობები, პატრიარქალური დომინაცია, სამხედრო და სახელმწიფო აპარატი, ომი და შეიარაღებული კონფლიქტი, მზარდი სამხედრო ხარჯები და იმპორტი და ასევე საგარეო სამხედრო ჩარევები - ხდება დინამიურად ურთიერთდაკავშირებული, როგორც ერთამენთზე, ასევე კაპიტალის აკუმულაციასა და ეროვნული და საერთაშორისო ჰეგემონიის პროექტებზე.[1]

დემილიტარიზაცია და სუვერენიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემილიტარიზაცია, ნეიტრალიტეტთან ერთად, ხშირად გაგებულია როგორ ტერიტორიული სუვერენულობის შეზღუდვად, თუმცა, ისინი შეიძლება წარმატებით თანაფუნქციონირებდნენ. დემილიტარიზაციის წესები არის სამართლებრივი დაპირება, რომ ურთიერთობებში პრიორიტეტი ენიჭება დიპლომატიურ საშუალებებს და მოლაპარაკებებს, ვიდრე სამხედრო ძალას, თუმცა ის აღიარებს სამხედრო ძალის პრიმატსაც.

დემილიტარიზაცია არის განიარაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ის არის იმ ფაქტის აღიარება, რომ „შეიარაღის რბოლა“ დიდწილად არის სამხედრო კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი, მათ შორის ორი მსოფლიო ომისა.

ეუთოს 2015 წლის ადამინური განვითარების რეპორტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები განეკუთვნებიან მათ რიგს, ვისაც ძალიან მაღალი და მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროპასა და მის მიღმა თანდათანობით მაინც იზრდება სამხედრო აგრესიული რიტორიკა, ხარჯები და ამ კუთხით აქტივობა, ასევე ძალის გამოყენების ნებელობაც საერთაშორისო არენაზე. ამ შემთხვევაში განიარაღების ხელშეწყობა და დემილიტარიზაცია არის პრაგმატული და კონტექსტუალური გამოსავალი, რომელიც დაინტერესებული მხარეების მმართვის პროცესში ჩართულობას და ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას მოითხოვს[2].

დემილიტარიზებული ზონა არის სპეციფიკური ტერიტორია ან ბუფერული ზონა, სადაც მანამდე ქვეყნების სამხედრო კონფლიქტში იყვნენ ჩართულნი, და ამჯერად, იქ აკრძალულია სამხედრო პირების, შეიარაღების ან სხვა სამხედრო აქტივობის განხორციელება. დემილიტარიზებული ზონა ასევე თავისუფალია ნებისმიერი იმ აქტივობისგან, რომელიც ხელს უწყობს ომის გაღვივებას. ზოგადად, ასეთი ზონები დაცულია ნებისმიერი თავდასხმისგან და ქვეყნები თავს იკავებენ მათ სამიზნეში ამოღებას, რადგან ეს მნიშვნელოვან საბრძოლო დაღვევას და ომის დანაშაულს წარმოადგენს. თუმცა, ცნობილი კორეის დემილიტარიზებული ზონის პერიმეტრი მძიმედ შეიარაღებული ტერიტორიებია [3]

დემილიტარიზაცია და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ცხინვალის რეგიონში გართულებული სიტუაციიდან გამომდინარე, 17-18 აგვისტოს შერეულმა საკონტროლო კომისიამ საგანგებო შეხვედრები გამართა თბილისსა და ცხინვალში, სადაც მხარეებმა განიხილეს, როგორც კომპლექსური ცეცხლისშეწყვეტის საკითხი ასევე, შემოთავაზებული იქნა დემილიტარიზაციის პროექტიც.

იმავე წლის 5 ნოემბერს, სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ედუარდ კოკოითის შეხვედრაზე, მიიღწა შეთანხმება კონფლიქტის ზონის სრულად დემილიტარიზაციის შესახებ.

უკვე 18-19 ნოემბერს, შერეული საკონტოროლო კომისიის ვლადიკავკაზის შეკრებაზე შეფასდა საქართველოს მხარეებს შორის ორი კვირით ადრე გაფორმებული შეთანხმება კონფლიქტის ზონის სრულად დემილიტარიზაციის შესახებ. ამავე შეხვედრაზე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა ინიციატივა გამოთქვა სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რომელიც ჩრდ. ოსეთის ალაგირის რაიონს, სამხრეთ ოსეთსა და გორის რაიონს მოიცავდა [4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Djukić, D. & Pons, N. 2018. A Companion to International Humanitarian Law. Leiden: BRILL Nijhoff. p. 201. ISBN 9789004342002
  • Lamb, G. 1999. DEMILITARISATION: A REVIEW OF THE CONCEPT AND OBSERVATIONS FROM THE SOUTHERN AFRICAN EXPERIENCE. University of Cape Town.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lamb, G. DEMILITARISATION: A REVIEW OF THE CONCEPT AND OBSERVATIONS FROM THE SOUTHERN AFRICAN EXPERIENCE. University of Cape Town. 1999.
  2. 2.0 2.1 Akermark, S. 2017. Demilitarization as a Constructive Tool for Co-operation and Peace: the Example of the Åland Islands. OSCE.org.
  3. Djukić, D. & Pons, N. 2018. A Companion to International Humanitarian Law. Leiden: BRILL Nijhoff. p. 201. ISBN 9789004342002.
  4. Georgia: Avoiding War in South Ossetia". 26 November 2004