შინაარსზე გადასვლა

დევშირმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დევშირმე“ — გრავიურა თოფქაფის სასახლიდან

დევშირმე (თურქ. دوشيرمه / devşirme „ნაკრები“ ← თურქ. ديوشرمك / devşirmek „შეგროვება ნაყოფის, ყვავილების და ა.შ.; ბერძ. παιδομάζωμα „ბავშვების ნაკრები“; სომხ. տերշիմէ; სერბულ, ბოსნიურ, ჩერნოგორიულ, მაკედონურ და ბულგარულ ენებზე: „სისხლის გადასახადი“) — ოსმალეთის იმპერიაში არამუსლიმური მოსახლეობისგან ოსმალეთის იმპერიაში არსებული სამხედრო-სამსახურებრივი ბეგარის (გადასახადის) უმძიმესი ფორმა.

იგი წარმოადგენდა იძულებითი გაწვევის სისტემას, რომლის მიხედვითაც ქრისტიანული ოჯახებიდან აჰყავდათ ბიჭები მათი შემდგომი აღზრდისა და სამსახურისთვის, როგორც „Kapıkulu“ — „პორტის მსახურნი“, ანუ სულთნის პირადი მონები.

ოსმალეთის იმპერიის ჩინოვნიკთა და სამხედრო პირთა უმეტესობა XV-XVI საუკუნეებში სწორედ დევშირმეს გზით გაწვეული პირებისგან შედგებოდა.[1] სულთნის პირადი მსახურები (ფაქტობრივად, მონები) ჩვეულებრივ მსახურობდნენ იმპერიის ოთხი ძირითადი უწყებიდან ერთ-ერთში: სასახლის სამსახურში, კანცელარიაში (ქალემიე), საღვთისმეტყველო წრეში (ილმიე) და სამხედრო წრეში (სეიფიე). ეს ელიტარული სამხედრო ნაწილები, რომლებიც უშუალოდ სულთანს ემორჩილებოდნენ, იყოფოდა კავალერიად და ქვეითად. კავალერიას ეწოდებოდა „პორტის მსახურთა კავალერია“, ხოლო ქვეითებს კი — „პორტის მსახურთა არმია“. მეორე, უფრო გავრცელებული სახელი იანიჩარები („ახალი მეომარი“), უფრო მეომრის სტატუსს ასახავდა, ვიდრე მის კუთვნილებას ამა თუ იმ სამხედრო ნაწილისთვის. იანიჩარები ასევე ასრულებდნენ პოლიციურ და დაცვით ფუნქციებს.

მეომრებისა და მსახურების აყვანის პრაქტიკა უცხოტომელებისა და დაპყრობილი ტომებისა თუ ხალხებისგან ცნობილია უხსოვარი დროიდან კაცობრიობის ისტორიაში. კერძოდ, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა დიდი სტეპის სახელმწიფოებში, მათ შორის თურქთა სახაკანოსა და XIII–XV საუკუნეების მონღოლთა იმპერიაში. ოსმალები ამ წესიდან გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. ჯერ კიდევ ოსმალეთის ბეილიკის, შემდეგ კი სასულთნოს ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, მის არმიაში მსახურობდნენ სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები, რომელთაგან ბევრმა მიიღო გაბატონებული სარწმუნოება — ისლამი. სწორედ ამ სისტემის გაფორმებამ ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი სისტემის კონტექსტში, წარმოშვა „დევშირმეს“ ფენომენი.

დევშირმეს წარმოშობის ძირითადი მიზეზი იყო ოსმალეთის სულთნების უნდობლობა საკუთარი თურქული ელიტის მიმართ.[2] მურად I-ის დროიდან მოყოლებული, ოსმალ მმართველებს მუდმივი საჭიროება გაუჩნდათ, „გაეწონასწორებინათ არისტოკრატიის ძალაუფლება ქრისტიანი დამოკიდებული ჯარისკაცებისგან და მოქცეული ქაფისყულუების („პორტის მსახურნი“) პირადი არმიის შექმნითა და განვითარებით“. მაგალითად, სასახლის ერთ-ერთი ასეთი „პატიმარი“ წერდა: „სასახლეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დაბადებიდან თურქულად მოლაპარაკე, რადგან სულთანს მიაჩნია, რომ მას უფრო ერთგულად ემსახურებიან მოქცეული ქრისტიანები, რომლებსაც არც ჭერი აქვთ, არც სახლი, არც მშობლები და არც მეგობრები“.

იმ დროინდელ ოსმალურ ბიუროკრატიაში პოპულარულ წიგნში, „მმართველობა, ანუ მეგზური მმართველთათვის“, ასეთი პოლიტიკა ნაწილობრივ იმით არის დასაბუთებული, რომ თუ სულთანი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს მიიღებს სამსახურში, მაშინ „ყველა ეროვნება შეეცდება ერთმანეთზე აღმატებული იყოს... თუ ჯარი მხოლოდ ერთი ერისგან შედგება, საშიშროება ჩნდება. ჯარისკაცებს მონდომება აკლიათ, და ისინი არეულობისკენ არიან მიდრეკილნი“.[2]

დევშირმეს პრაქტიკამ თავის პიკს მიაღწია მეჰმედ II-ის მმართველობის დროს, რომელმაც სრულად გამოსცადა ძლიერი მუსლიმური ელიტისგან მომდინარე საფრთხე. 1446 წელს, მხოლოდ ორწლიანი მმართველობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის მომავალი დამპყრობელი, შესაძლოა, დიდი ვეზირისა და საკუთარი ნათესავის, ჩანდარლი ჰალილ-ფაშას, წაქეზებით, ძალაუფლებას ჩამოაშორეს. ტახტი ორ წლით მამამისს, მურად II-ს, დაუბრუნდა. ჰალილ-ფაშა ასევე იყო ბიზანტიის დედაქალაქზე ლაშქრობის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე, ამ წამოწყებას კი „გათიშული ყმაწვილის გონების დაბინდვას“ უწოდებდა. ამის შემდეგ, დიდი ვეზირებისა და ფაშების უმრავლესობა „პორტის მსახური“ გახდა. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 48 ვეზირიდან მხოლოდ 18-ს (ზოგიერთი მონაცემით 12-ს) ჰქონდა თურქული წარმოშობა, რის გამოც ზოგიერთი თურქი დივანს (იმპერიულ საბჭოს) „მონების ბაზარს“ უწოდებდა.

დევშირმეს სისტემა გულისხმობდა, რომ საგადასახადო თემის, ყველაზე ხშირად ბალკანელი ქრისტიანი გლეხების ოჯახებიდან, თუმცა არა ყოველთვის რეგულარულად, საშუალოდ ყოველი მეხუთე მოზარდი ბიჭი მიჰყავდათ (8-დან 16 წლამდე ასაკის, თუმცა ხდებოდა, რომ 6 წლის ბავშვებსაც იყვანდნენ, ისევე როგორც 20 წლამდე ჭაბუკებს).

თემის თავკაცის, მღვდლისა და ყადის თანდასწრებით, მისი სახელი და წარმოშობა რეგისტრირდებოდა, რის შემდეგაც ბიჭს წინადაცვეთას უკეთებდნენ, ისლამზე აქცევდნენ და კონსტანტინოპოლში მიჰყავდათ, სადაც იგი სქესობრივ სიმწიფემდე იზრდებოდა. ყველაზე ნიჭიერები განათლებას სასახლის სკოლაში ან რომელიმე ფაშის სახლში იღებდნენ და შემდგომში სამთავრობო სამსახურში, ჩინოვნიკების რანგში ინიშნებოდნენ. დანარჩენებს სოფელში „თურქთან“ აგზავნიდნენ, სადაც ისინი თურქულ ენას სწავლობდნენ. შემდეგ ასეთი ჭაბუკები სასახლის სამსახურში შედიოდნენ, სადაც მებაღეები ხდებოდნენ. ზოგი მეზღვაურად ან მშენებლად მუშაობდა. უმეტესობა კი იანიჩარელი ხდებოდა და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა, რეგულარულ ქვეით ჯარში სამსახურიდან სულთნის ან პატრიარქის პირად დაცვამდე. სწორედ ამ გზით გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის ოსმალეთის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი და ინჟინერი — სინანი.

მრავალი ოჯახისთვის ვაჟების დევშირმეში აყვანა ნამდვილი ტრაგედია იყო, თუმცა არცთუ იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები თავად უწყობდნენ ხელს შვილის სასახლეში მოხვედრას, რადგან იქ სამსახური უბრალო გლეხის ბიჭისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნიდა.[3] ვინაიდან დევშირმე არ ვრცელდებოდა მუსლიმებზე, ბევრი არც თუ ისე მდიდარი მუსლიმანი შვილისთვის კარიერული გზის უზრუნველსაყოფად, მეზობელ ქრისტიანებს სთავაზობდა, რომ შეგროვების დროს მათი შვილი იანიჩარებში საკუთარი შვილის სახელით ჩაეწერათ (რაც შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ თურქებში წინადაცვეთის რიტუალი ტრადიციულად შედარებით გვიან – 10-13 წლის ასაკში ტარდებოდა). სახლიდან და საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტა ხშირად იწვევდა იმას, რომ ეს ახალგაზრდები სულთნის, როგორც მათი ერთადერთი მამის, და ახალი რელიგიის თავგამოდებული დამცველები ხდებოდნენ. თუმცა, ყველას არ ავიწყდებოდა საკუთარი ფესვები, და ცნობილია შემთხვევები, როდესაც დიდი ვეზირები პოლიტიკურ მოლაპარაკებებსა და დიპლომატიურ ურთიერთობებში იყენებდნენ თავიანთ წარმოშობას, ასევე, შესაძლოა, გულწრფელად ეხმარებოდნენ თავიანთ თანამემამულე ქრისტიანებს, იმპერიისთვის სარგებლიანობით ამართლებდნენ რა ამას. მაგალითად, სერბი ბიჭუნებისგან გამოსულმა დიდმა ვეზირმა აღადგინა სერბეთის საპატრიარქო საეკლესიო სლავურ ენაზე ღვთისმსახურებით და მის სათავეში საკუთარი ნათესავი დასვა, თუმცა სულთანი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უჭერდა მხარს, რომელიც დღემდე არ ცნობს საეკლესიო სლავურ ენას. მხედართა შემოწირულობებისა და წვლილის შესახებ მოხსენიებულია ჩანაწერებში, რომლებიც ეხება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობასა (ოფიციალურად აკრძალულს ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ ხშირად ქრისტიანობიდან მოქცეული მოხელეების მიერ ადგილზე ნებადართულს) და აღდგენას, ხატწერისა და კედლის მხატვრობის დაფინანსებას, ხელნაწერებისა თუ წმინდა ჭურჭლის შეკვეთებს.

1580-იანი წლებიდან „პორტის მსახურებს“ მიეცათ ოჯახების შექმნისა და შვილების მემკვიდრეობით იანიჩარებში ჩაწერის უფლება. ამის შედეგად, კორპუსმა თანდათანობით დაიწყო დახურულ, მემკვიდრეობით ინსტიტუტად გადაქცევა, რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა მის თავდაპირველ პრინციპებს, როგორც სულთნის პირადი არმიისა.[4]

ქრისტიანი ბიჭების დევშირმეს გზით აყვანის შესახებ ბოლო ცნობა XVIII საუკუნის დასაწყისს უკავშირდება.

  1. Philip Mansel. Constantinople, City of the World’s Desire, 1453—1924. John Murrey Publishers. 1995, p. 16, ISBN 978-0-7195-6880-0
  2. 2.0 2.1 Philip Mansel. Constantinople, City of the World’s Desire, 1453—1924. John Murrey Publishers. 1995, p. 18, ISBN 978-0-7195-6880-0
  3. Philip Mansel. Constantinople, City of the World’s Desire, 1453—1924. John Murrey Publishers. 1995, p. 17, ISBN 978-0-7195-6880-0
  4. Христиане в Османской империи. Сербский взгляд. ციტირების თარიღი: 2015-11-18