დედოფლისწყაროს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედოფლისწყაროს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია (ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ეკლესია მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე იყო შემორჩენილი). თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთი კედელი. დანარჩენი კედლებიდან მთელ სიგრძეზ ემხოლოდ დასავლეთი კედელი დგას. დროის განმავლობაში შენობა გამოიყენებოდა სამრეწველო საქონლის საწყობად, რის გამოც მან დიდი სახეცვლილებები განიცადა.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია (15,1 მ X 8,7 მ) უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, ნაგებია მთლიანად აგურით, შიგნიდან შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ტიხრით გამოყოფილია განცალკევებული სწორკუთხა სათავსი — შესასვლელით დასავლეთისკენ და სწორკუთხა სარკმლით აღმოსავლეთიდან. მსგავსი სათავსის კვალი ეკლესიის მოპირდაპირე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში არ ჩანს, ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში მოწყობილია ხის ალათიანი, სწორკუთხა შესასვლელი. დასავლეთით, კარი შიგნიდან და გარედან მოქცეულია საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში. ჩრდილოეთ შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. მესამე შესასლელი (შემორჩენილია კვალი) სამხრეთ კედელში, ჩრდილოეთ შესასვლელის მოპირდაპირედ იყო მოწყობილი. შიგნიდან, დასავლეთ კარის ორივე მხარეს, თითო განიერი და მაღალი თაღია (ჩრდილოეთით მდებარე თაღის მნიშვნელოვანი ნაწილი განგრეულია) ზემოთ კი, ერთ ვერტიკალზე ორი სარკმელი, რომელთაგანაც ქვედა თაღოვანია, ხოლო ზედა — წრიული. ჩრდილოეთის შესასვლელის გვერდებზე თითო მოზრდილი ზომის, ოთხკუთხა სარკმელია (აღმოსავლეთით მდებარე მოგვიანებით ამოუშენებიათ) — ხის ალათებით და რკინის გისოსებით (ანალოგიური სარკემელები იყო მოწყობილი სამხრეთ შესასვლელის ორივე მხარეს). მსგავსი სამი სარკმელია აღმოსავლეთ კედელშიც, რომელთაგანაც შუა გვერდითებზე რამდენადმე განიერია. მათგან სამხრეთით მდებარე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხის სათვსს აშუქებდა.

ეკლესიის ოთხივე კედელი სადა პილასტრებითაა დანაწევრებული. აღმოსვლეთ და დასავლეთ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე კი — სამ-სამი. თითო პილასტრია გამოყვანილი კუთხეებშიც. პილასტრები, როგორც ჩანს, დაუსრულებელი იყო თითოული პილასტრის  შესაბამისად, იგივე სიგანის, ორსაფეხურიანი კაპიტელით დასრულებული პილასტრია გამოყვანილი გარეთა კედლებზეც.

დასავლეთ ფასადის ფრონტონზე, ქვედა სარკმელის ორივე მხარეს, გამოსახულია თითო შეღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებული იყო საფეხუროვანი ლავგარდნით. შენობა გადახურული იყო თუნუქის ორქანობიანი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]