დედაციხე (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედაციხე — ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ თეძმის ხევში, მდინარე თეძმის მარჯვენა სანაპიროზე.

ციხე აღმართულია მაღალ, კლდოვან მწვერვალზე. ოთხკუთხა გალავნის შიგნით არის კოშკი, თონე, წყალსაცავები, ციხის ძირში კი — ნასოფლარი და დარბაზული საყდრის ნანგრევი. VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში თანამიმდევრულადაა ჩამოთვლილი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მ. შ. იხსენიება ტანის ხევი (თეძამ-ატენის ხეობები), რომლის სათავეშია „დევციხე“ (ქართულ წყაროებში დევციხე არ არის მოხსენიებული). XVIII საუკუნის გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ამ ადგილას ასახელებს დედაციხეს. დედაციხის ასეთი მნიშვნელობა განპირობებული უნდა იყოს თეძმისა და ატენის ხეობებით, ქართლიდან თრიალეთში მიმავალი გზებით, რომლებიც სწორედ აქ გადიოდა. მათ როლზე მეტყველებს ნახიდურები თეძამზე და იქაური ტოპონიმები: „სავანეთი", „ნადარბაზევი", „ბოგირი". IX საუკუნეში, კლდეკარის ციხის აგების შემდეგ, დედაციხის მნიშვნელობა ეცემა — აქ სხვა სააღმშენებლო ფენა აღარ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ბერძენიშვილი დ., ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი, «ძეგლის მეგობარი», 1968, №14;