დგიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დგიმი — ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის მუშა ნაწილი, ქსლის ძაფების ამწევ-დამწევი. ქართულ-ხალხურ ჰორიზონტალურ ანუ დგიმ-სავარცხლიან საქსოვ-დაზგებში ქსოვისას უმთავრესად ორ (წინა და უკანა) დგიმს იყენებდნენ. დგიმებს სოფლად თვითონ მქსოველი ქალები „ამოასხამდნენ“ ე.წ. სადგიმე ფიცარზე კანაფის მკედით. საქსოვ დაზგაზე ჩამოკიდებული წყვილი დგიმის თვლებში მქსოველი გაატარებდა: წინა დგიმში კენტ, უკანაში — ლუწ ძაფებს, რითაც ჰორიზონტალურად დაგებული ქსელი ორ ფენად იყოფოდა. ქსოვის დროს მქსოველს ფეხები დგიმზე გამობმულ საფეხურებში ჰქონდა გაყოფილი. ფეხის დაწევით დგიმი ძირს დაიწევდა და ქსელი ორად გაიყოფოდა. ხალხურ ფეიქრობაში ამას ქსლის „უბის“ (რაჭა), „ქირცის“ (ხევსურეთი) ან „ხიფხას“ (ხევი) მოყვანა ეწოდებოდა. ქსოვის დროს ასეთი დგიმი მალე ცვდებოდა და ქსლის 2-3 ამოჭრის შემდეგ მქსოველს ახლით უნდა შეეცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]