დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია

დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წარწერის მიხედვით, X–XI საუკუნეების მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ.
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა ქარაფოვან ნაპირზე. გუმბათიანი ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, გეგმაში ჯვრის ფორმისაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდით.
ორი შესავლელი აქვს — დასავლეთი მკლავის სამხრეთი და ჩრდილოეთის მკლავის დასავლეთ კედელში. სამხრეთის კარი გადახურულია დიდი თლილი ქვით. სამხრეთი კარის თავზე და აღმოსავლეთ კედელზე წარწერებია. ეკლესია რესტავრირებულია. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით სამაროვანია გამართული, სადაც გვხვდება გამოსახულებებით შემკული საფლავის ქვები და ცხენის ქანდაკებები.
წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი.
სოფელ დაშბაშში დგას ასევე მეორე ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 500 მ დაცილებით, მთაზე. ეკლესია აგებულია VIII–IX საუკუნეებში გადაკეთებულია XIX საუკუნის II ნახევარში ბერძნების მიერ.
დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაშბაში. წმ. გიორგის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980.- გვ.243-248. - წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების წარწერების (პილიგრიმული, საამშენებლო, ქტიტორული) შესახებ. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი.
- ლ. მელიქსეთ - ბეგი, - ტაშბაშ //მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ.,1938 წ., გვ. 54
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 408.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია