შინაარსზე გადასვლა

დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაღესტნის ასსრ-ის რუკა

დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დაღესტნის ასსრ (რუს. Дагестанская Автономная Советская Социалистическая Республика, Дагестанская АССР20 იანვარი, 19211991) — ავტონომიური რესპუბლიკა რსფსრ-ში. ფართობი 50.3 ათ. კმ². მოსახლეობა 1588 ათ. კაცი (1977). დედაქალაქი – მაჰაჩყალა. დაღესტნის ასსრ-ში იყო 39 ადმინისტრაციული რაიონი, 8 ქალაქი და 14 დაბა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევდა ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო — მინისტერთა საბჭო (მთავრობა), რომელსაც ქმნდნენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. სახელმწიფო ხელთსუფლების ადგილობრივი ორგანოები — სარაიონოს, საქალაქო, ქალაქის რაიონების, დაბების, სასოფლო-დასახლებული პუნქტების შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოები.

დაღესტნის ასსრ მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით ეკვროდა კასპიის ზღვა. სანაპირო ხაზი (530 კმ) სუსტად არის დანაწევრებული. უმთავრესად მთიანი ქვეყანაა. ტერიტიის 3/4 კავკასიონის ფარგლებშია. რელიეფის მიხედვით იყოფოდაა 4 ნაწილად: კასპიისპირა დაბლობი, შთისწინეთი, შიგა მთიანი და მაღალმთიანი დაღესტანი.

XX საუკუნის დამდეგს დაიწყო მუშათა კლასის ჩამოყალიბება. 1905 წელს დაღესტანში 10 ათ-მდე მუშა იყო. 1904 წლის აღმოცენდა პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები პეტროვსკ-პორტში (ახლანდელი მაჰაჩყალა), დერბენდსა და თემირხან-შურაში (ახლანდელი ბუინაქსკი). ბაქოში შეიქმნა დაღესტნელი მუშების რევოლუციური ორგანიზაცია „ფარუყი“, რომელშიც შედიოდნენ კ. აღასიევი, მ. აიდინბეკოვი და სხვები. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში დაღესტანში აჯანყდნენ რკინიგზის მუშები, ფეიქრები, მათ მიემხრო გლეხობის ნაწილიც. 1910-1914 წლებში დაღესტნის მშრომელების რევოლუციურ მოძრაობას უშუალოდ რსდმპ-ის დაღესტნის კავშირი ხელმძღვანელობდა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დაღესტანში შეიქმნა დროებითი მთავრობის ადგილობრივი ორგანო, ე. წ. „განსაკუთრებული კომისარიატი“, რომელიც ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს ექვემდებარებოდა. 1917 წლის მაისში თემირ-ხან-შურაში ადგილობრივი მოწინავე ინტელიგენციისაგან შეიქმნა დაღესტნის სოციალისტური ჯგუფი მ. დახადაევის მქთაურობით. მასში შედიოდნენ ს. გაბიევი, დ. ყორკმასოვი, ა. ტახო-გოდი და სხვები. ამ ჯგუფის ძალები შემდგომში ბოლშევიკებმა გამოიყენეს დაღესტანში სოციალისტური რევოლუციის მოსამზადებლად.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ შეიქმნა დაღესტნის სამხედრო რევკომი უ. ბუინაქსკის ხელმძღვანელობით, რომელმაც 1917 წლის 1 (14) დეკემბერს პეტროვსკ-პორტში მიტინგზე გამოაცხადა დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. კონტრრევოლუციური ძალები აფერხებდნენ საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას ზოგ რაიონში. 1918 წლის მაისში ბაქოს სახკომსაბჭომ, რომელსაც ექვემდებარებოდა დაღესტნის საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები, დაღესტნის ოლქის საგანგებო კომისრად დანიშნა ვ. ნანეიშვილი, მაგრამ 1918 წლის ზაფხულში ჯერ გერმანია-ოსმალეთის, შემდეგ კი ინგლისის ინტერვენტების შემოჭრის შემდეგ დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლება დროებით დაეცა. ლ. ბიჩერახოვის კონტრრევოლუციურმა ნაწილებმა ხელთ იგდეს დაღესტნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბოლშევიკების ხელმძღვანელები დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს.

1919 წლის თებერვალს ჩამოყალიბდა რკპ (ბ) დაღესტნის იატაკქვეშა საოლქო კომიტეტი უ. ბუინაქსკის ხელმძღვანელობით. საოლქო კომიტეტი მეთაურობდა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ იმავე წლის მაისში მისი თითქმის ყველა წევრი კონტრრევოლუციონერებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს, მ. შ. ბუინაქსკიც. 1919 წლის ივლისში დაღესტანი დენიკინელებმა დაიპყრეს. 1919 წლის ბოლოს დაღესტანში დაიწყო მასობრივი აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა ახლად შექმნილი დაღესტნის იატაკქვეშა საოლქო კომიტეტი და რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი.

1920 წლის მარტში დაღესტანში შევიდნენ მე-11 წითელი არმიის ნაწილები გ. ორჯონიკიძისა და ს. კიროვის მეთაურობით. საბჭოთა ხელისუფლება აღდგა მთელ დაღესტანში. 1920 წლის 13 ნოემბერს თემირ-ხან-შურაში დაღესტნის ხალხთა საგანგებო ყრილობამ გამოაცხადა რსფსრ-ის მთავრობის დეკლარაცია დაღესტანში საბჭოთა ავტონომიის დამყარების შესახებ. ყრილობის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ი. სტალინი და გ. ორჯონიკიძე. 1921 წლის 20 იანვარს სრულიად რუსეთის ცაკმა მიიღო გადაწყვეტილება რსფსრ-ის შემადგენლობაში დაღესტანის ასსრ-ის შექმნის შესახებ. 1921 წლის გაზაფხულზე დაღესტნის მთიან რაიონებში ჩაახშვეს ნ. გოცინსკის ანტისაბჭოთა ამბოხება.

1921 წლის დეკემბერში სრულიად დაღესტნის საბჭოების დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო დაღესტნის ასსრ-ის კონსტიტუცია, აირჩია რესპუბლიკის ცაკი და სახკომსაბჭო.