დაღეთის არქეოლოგიური ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დაღეთის არქეოლოგიური ძეგლიბრინჯაოსა და შუა საუკუნეების ხანის ხუროთმოძღვრებისა და არქეოლოგიური ძეგლი ქვემო ქართლში, სოფ. დაღეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, მდინარე ხრამისა და მისი შენაკადის, ღელეს, ხეობებში (41°30′14″ ჩ. გ. 44°34′02″ ა. გ. / 41.50389° ჩ. გ. 44.56722° ა. გ. / 41.50389; 44.56722).

ძეგლი შედგება კანიონისებურ ბაზალტის კალთებში ერთმანეთის პირდაპირ გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბულების 2 დიდი კომპლექსისგან. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1985 წელს, განახლდა 1997 წლიდან (აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია, ხელმძღვანელი ნ. ბახტაძე და ოქსფორდის არქეოლოლოგიური კვლევის ლაბორატორია). კომპლექსის ახლოს ტაფობი მოფენილია ნასახლარების, ციხე-კოშკების, ეკლესიებისა და სამეურნეო ტერასების ნაშთებით. ძეგლის მკვლევარები ამ კომპლექსს აიგივებენ ვახუშტი ბაგრატიონისა და პაპუნა ორბელიანის მიერ მოხსენიებულ „მუგუთის ქვაბებთან“.

ხეობის მარცხენა კალთაში განლაგებული, 3 იარუსად გამოკვეთილი კომპლექსი 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისაგან შედგება. მარჯვენა კომპლექსში 19 გამოქვაბულია, რომელთა ირიბი იარუსი მარჯვენა ნაპირზე ერწყმის ერთმანეთს. გამოქვაბულები კანიონის შუა და ქვედა რეგისტრში, კლდის ბუნებრივ ან ხელოვნურად გაფართოებული ტერასების გასწვრივაა გამოკვეთილი ბაზალტის ქანების გახურება-გაცივებით, ბზარებში სოლების ჩაჭედებისა და გამონგრევის ხერხით, ლითონის იარაღის გამოუყენებლად. ქვაბები ოთხკუთხა ან დაახლოებით ოვალური ფორმისაა.

სტრატიგრაფიულ ჭრილში ნაპოვნია შუა ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. გამოქვაბულთა დიდი ნაწილი გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უკვე ათვისებული იყო. აღმოჩენილია შავპრიალა და რუხი მქრქალზედაპირიანი მოშავო და ნაცრისფერი, მოყვითალო და ჩალისფერზედაპირიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ზოგიერთის ზედაპირი შემკულია მარტივი გეომეტრიული ფორმებით. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს კომპლექსები საბოლოოდ აუთვისებიათ. გამოქვაბულს ეტყობა საფუძვლიანი აღდგენა-რეკონსტრუქცია. მარჯვენა კომპლექსის 6 გამოქვაბული მოიცავს ზღუდეებს, ნახევარწრიულ კოშკს და ჭის ტიპის ასასვლელს.

მარჯვენა ჯგუფის ერთ გამოქვაბულში ქვითკირის მინაშენებით ერთნავიანი ეკლესიაა მოწყობილი. ეკლესიის სამხრეთით 2 გამოქვაბულის ნაშთი, ჩანს, სატრაპეზოს მოვალეობას ასრულებდა, პატარა ქვაბი კი სამარტვილეს წარმოადგენდა. ორივე კომპლექსის გამოქვაბულებში დასტურდება ამ ხანის თიხით მოტკეპნილი ან მოკირწყლული იატაკი, ალიზის კერები, გამომწვარი თიხის თონეები, კირით მოლესილი წყლის რეზერვუარები, სამეურნ. დანიშნულების ორმოები. თითქმის ყველა გამოქვაბულის იატაკისზედა მიწის ფენა XI–XIV საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ნივთიერ მასალას შეიცავდა (თიხა, მიწა, ლითონი, ძვალი, ტყავის ნაწარმი, ქსოვილებისა და ხალიჩა-ფარდაგების ფრაგმენტები და სხვ. ნაკეთობები). აქვე აღმოჩნდა XIII–XIV საუკუნეების სპილენძის მონეტები, პერგამენტზე ნუსხურად ნაწერი ოთხთავის ფრაგმენტები, ქაღალდზე მელნით შესრულებული ეპისტოლარული ხასიათის ხელნაწერი. სავარაუდოა, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში აქ იყო დედათა მონასტერი, რომელიც თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად განადგურდა. XVII საუკუნეში მონასტერში ღვთისმსახურება შეკვეცილი სახით აღდგენილა, XVIII საუკუნის ბოლოს კი ქვაბთა კომპლექსები საბოლოოდ გაუკაცრიელდა. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძირები, თბ., 1991;
  • მუგუთის ქვაბები, „ძეგლის მეგობარი“, №. 80, გვ. 33-40, თბ., 1988 წელი.
  • ბახტაძე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შესწავლისათვის, «მაცნე». ისტორიის სერია, 1988, №4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 6841