შინაარსზე გადასვლა

დაფნისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფნისის ძეგლის ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში შექმნილი რომაული ასლი, რომელიც დაცულია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე ჩინკვანტენეირის მუზეუმში
დაფნისი, რომაული ასლი, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნე. დაცულია სენკანტენერის პარკის მუზეუმში, ბრიუსელში

დაფნისი (ძვ. ბერძნ. Δἀφνις) — ბერძნულ მითოლოგიაში ლეგენდარული სიცილიელი მწყემსი (სხვა ვერსიით ფრიგიელი მომღერალი და პოეტი), რომელსაც მიეწერება მწყემსური სიმღერების შექმნა.[1] გადატანითი მნიშვნელობით, დაფნისი ნიშნავს საოცარი სილამაზის ჭაბუკს.

მითის მიხედვით, დაფნისი დაიბადა ერთ-ერთი ფერიისა და ჰერმესის კავშირის შედეგად. მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი ფერიებმა გაზარდეს და მისგან დადგა გამორჩეული სილამაზის ყმაწვილი. პანმა მას სალამურზე დაკვრა ასწავლა. დაფნისის ცხოვრების აღწერა ითვლებოდა საუკეთესო სიუჟეტად მწყემსურ პოეზიაში.[1]

არსებობს დაფნისის დაღუპვის სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მან დაარღვია თავისი სატრფოს — ფერია ნომიასადმი დადებული ფიცი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი დააბრმავა. ამის შემდეგ დაფნისი მთელ კუნძულზე დაეხეტებოდა და გულის დარდს მუსიკითა და სიმღერით იქარვებდა. ბოლოს ის კლდიდან ზღვაში გადავარდა.[2] სხვა ვერსიით, დაფნისი კლდედ იქცა და მისი დაღუპვის ადგილას ჰერმესმა წყარო გააჩინა.[3] გვიანდელი ვარიანტის მიხედვით იგი შეეწირა ცალმხროვ, უიმედო სიყვარულს. აგრეთვე არსებობს სხვა მითი, რომლის თანახმადაც დაფნისმა უარყო აფროდიტეს მიერ მიგზავნილი ქალი, რის გამოც ეს უკანასკნელი გაჯავრდა და დაფნისი სიკვდილით დასაჯა.[3]

დაფნისის მითმა შთააგონა მრავალი ხელოვანი (თეოკრიტე, ვერგილიუსი, ფრანსუა რაბლე და ა.შ).

  1. 1.0 1.1 ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 71. 
  2. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). განათლება', გვ. 71–72. 
  3. 3.0 3.1 ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 72. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაფნისი“-დან