შინაარსზე გადასვლა

დასტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასტა — აღმოსავლური მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი. შედგება ორი ზურნისა ან ორი დუდუკისა და დოლისაგან. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე —„უსტა“ — ოსტატი, მეორე მეზურნე —„დამქაში“ — მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურებზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დასტის რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, ლირიკულ-სატრფიალო, სალაღობო, საცეკვაო მუსიკას.

დასტა საქართველოში აღმოსავლეთი ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში. იგი ყარაჩოხელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დასტა თანდათანობით განვითარდა და გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. ანსამბლმა განსაკუთრებულ წარმატებას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც ცნობილმა ხალხურმა მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მას მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დასტამ იწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პიპულარობა მოიპოვა საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთ. თბილისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ხაჩიკ ტალგაუკოვის და ქსოვრელების დასტები, ანსამბლი „სოინარი“. დასტის თანხლებით მღეროდნენ ანა ვარდიაშვილი და ნინო დადიანი.