დარტფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
დარტფორდი
Dartford3799.JPG
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კოორდინატები 51°26′47″ ჩ. გ. 0°13′00″ ა. გ. / 51.44639° ჩ. გ. 0.21667° ა. გ. / 51.44639; 0.21667
მოსახლეობა 85 911 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 01322
საფოსტო ინდექსი DA
დარტფორდი — გაერთიანებული სამეფო
დარტფორდი

დარტფორდი (ინგლ. Dartford) — ქალაქი კენტის საგრაფოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, დარტფორდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. განთავსებულია კენტის საგრაფოსა და დიდი ლონდონის საზღვარზე.

ველზე, სადაც ქალაქის ცენტრი მდებარეობს, მდინარე დარენტს კვეთს ლონდონიდან დუვრისკენ მიმავალი ძველი რომაული გზა. სწორედ ამას უკავშირდება ქალაქის სახელწოდება. მდინარის სახელმა კუმშვა განიცადა (დარენტ>დარტ) და დაემატა სიტყვა „ფორდი“ (ford — ფონი). შესაბამისად, დარტფორდი ნიშნავს ადგილს, სადაც ყველაზე მოსახერხებელია მდინარე დარენტზე გადასვლა.

სხვადასხვა ეპოქაში ქალაქს ჰქონდა დიდი რელიგიური, ინდუსტრიული და კულტურული მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა სტატუსით დღეს იგი დიდი ლონდონის თანამგზავრი ქალაქია, დარტფორდს ღირსეული ადგილი უკავია ინგლისის ისტორიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე პირველი ადამიანი ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში, დაახლოებით, 250 ათასი წლის წინათ გამოჩნდა. ეს იყო Swanscome ადამიანის სახელით ცნობილ მონადირე-შემგროვებელთა ტომი. ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მნიშვნელოვანი არტეფაქტები.

სავარაუდოდ, საქსონებმა დააარსეს პირველი დასახლებული პუნქტი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე.

ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ, რომაელებმა გაიყვანეს დუვრი-ლონდონის გზა, რომელსაც მოგვიანებით უოტლინგის ქუჩა ეწოდა. გზის მშენებლობისას, რომაელ ინჟინრებს მდინარე დარენტზე გადასასვლელად მოსახერხებელი ფონის მოძებნა დასჭირდათ. სწორედ აქედან წამოვიდა დასახლებული პუნქტისთვის სახელის დარქმევის იდეა. მალე დარენტის სანაპიროზე რომაული ვილები აიგო.

უილიამ I დამპყრობლის მმართველობისას, 1086 წელს შედგენილ „საშინელი სამსჯავროს წიგნში“ დარტფორდი მამულის სტატუსით იხსენიება და მეფის საკუთრებაა.

შუა საუკუნეებში დარტფორდმა განსაკუთრებული გეოგრაფიული მნიშვნელობა შეიძინა ძველი რომაული გზის წყალობით. პილიგრიმები და ყველა ჯურის მოგზაურები სწორედ აქ იყრიდნენ თავს, როცა კონტინენტურ ევროპაში სურდათ წასვლა. არაერთმა რელიგიურმა ორდენმა დააარსა თავისი კერა ამ ქალაქში და კიდევ უფრო გაზარდა მისი გეოგრაფიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა. XII საუკუნეში დარტფორდის მამული ტამპლიერ რაინდებს ეკუთვნოდა.

XIV საუკუნეში აქ დაარსდა მონასტერი, რომელიც ანა ბოლეინზე შეყვარებული ჰენრი VIII-ის მიერ კათოლიკური ტაძრების ნგრევისას განადგურდა. დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ორდენთა ბერებმა იმავე XIV საუკუნეში ააგეს ლაზარეთები სნეულთა სამკურნალოდ. სწორედ ამ პერიოდში დარტფორდი ჩამოყალიბდა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქად.

გლეხების ცნობილი აჯანყებისას დარტფორდი, სავარაუდოდ, აჯანყებულთა სხვადასხვა ჯგუფის შეკრების პუნქტი უნდა ყოფილიყო 1381 წლის ივნისის დასაწყისში.

XV საუკუნეში ინგლისის ორი მეფის სახელი უკავშირდება ქალაქის ისტორიას. 1415 წლის ნოემბერში ჰენრი V-მ მის ქუჩებში ჩაიარა თავისი ჯარებით, სანამ ფრანგებს გაანადგურებდა აზენკურის ბრძოლაში. 1452 წლის მარტში იორკის ჰერცოგმა რიჩარდმა სწორედ დარტფორდში აღიარა ჰენრი VI-სთან დამარცხება. რიჩარდის 10-ათასიანი ჯარის დაბანაკების ისტორიულ ადგილს დღეს იორკის გზა ჰქვია.

XVI საუკუნეში ქალაქის ისტორია პარადოქსული ფაქტებითაა აღსავსე. ჯერ გაპროტესტანტებულმა ჰენრი VIII-მ აიგო სასახლე დარტფორდის მონასტრის მიწასთან გასწორების შემდეგ. მოგვიანებით, მისმა თავგადაკლულმა კათოლიკე ქალიშვილმა, დედოფალმა მერი I-მა არაერთი კენტელი პროტესტანტი დასაჯა სიკვდილით 1553-1554 წლებში. მათ შორის აღსანიშნავია კრისტოფერ უეიდი, რომლის აუტო-და-ფე 1555 წელს გაიმართა. თანამედროვეთათვის უეიდისა და სისხლიანი მერის შურისძიების სხვა მსხვერპლთა მოსაგონრად, ისტ-ჰილზე აღმართულია მოწამეთა მემორიალი.

1576 წელს დაარსდა დარტფორდის სკოლა, რომელიც განათლების მიღების შანსს აძლევდა ტიუდორების ეპოქაში მცხოვრებ უბრალო ხალხს.

1723 წელს დარტფორდში ჩატარდა პირველი დოკუმენტურად დადასტურებული მატჩი კრიკეტში.

1785-1802 წლებში აქ დროებით დაიდო ბინა კენტელ სამეფო მშვილდოსანთა საზოგადოებამ. ქალაქის ერთ-ერთ რაიონს ჯერაც ბოუმენზი (Bowmans - მშვილდოსნის უბანი) ჰქვია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1801 წელს ქალაქის მოსახლეობა, დაახლოებით, 2 400 ადამიანს შეადგენდა. 2001 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 85 911-მდე გაიზარდა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილის მსგავსად, დარტფორდს ოკეანის კლიმატი ახასიათებს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, როცა საშუალო ტემპერატურა 21 °C-ს აჭარბებს. ზამთარი ხანგრძლივია. განსაკუთრებით ცივა დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში. ნაახალწლევს აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურა 0 °C-მდე ეცემა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარტფორდს რამდენიმე მეგობარი ქალაქი ჰყავს საზღვარგარეთ. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ჰანაუ (გერმანია)
  • ტალინი (ესტონეთი), 1992 წლიდან
  • გრავლინი (საფრანგეთი)
  • ნამიანჯუ (სამხრეთ კორეა)

ცნობილი დარტფორდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი თქმულების თანახმად, 1381 წელს მომხდარი გლეხების აჯანყების მეთაური, უოტ ტაილერი აქაური იყო. ამავე დროს, კენტის საგრაფოს სხვა სამი ქალაქიც აცხადებს პრეტენზიას ინგლისელი გმირის სამშობლოს სტატუსზე. ლეგენდის დასტურად, ქალაქის ცენტრში ტურისტებს აჩვენებენ ლუდხანა „უოტ ტაილერს“, მაგრამ მისი სახელობის პაბები არაერთია ინგლისის მასშტაბით. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ნაკლებად გამოდგება სოლიდურ მტკიცებულებად.

დარტფორდის მცხოვრებლები ამაყობენ იმით, რომ ამ ქალაქში დაიბადნენ ლეგენდარული როკ-ჯგუფის „როლინგ სტოუნზ“ წევრები - მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი. მათ ერთმანეთი დარტფორდის რკინიგზის სადგურზე გაიცნეს.

ასევე დარტფორდის სასახელო შვილები არიან როკ-ჯგუფ „The Pretty Things“-ის დამაარსებლები: ფილ მეი (დ. 1944 წ., წამყვანი ვოკალისტი) და დიკ ტეილორი (დ. 1948 წ., გიტარისტი, რომელიც „როლინგ სტოუნზის“ ბას-გიტარისტი იყო მცირე ხნით 1962 წელს).

დარტფორდში დაიბადნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც:

  • მალკოლმ ალისონი (1927-2010) - ფეხბურთელი და მწვრთნელი
  • ანდრეა არნოლდი (დ. 1961) - ოსკარისა და ბაფტას მფლობელი კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი
  • ჯორჯ ბარტონი (1808-1864) - სასექსელი კრიკეტის მოთამაშე
  • სერ პიტერ ბლეიკი (დ. 1932) - მხატვარი და გრაფიკოსი, რომელმაც შექმნა ყდა „The Beatles-ის“ ალბომისთვის „სერჟანტი პეპერის მარტოხელა გულების კლუბის ჯგუფი“
  • გრემ დილი (1959-2011) - კრიკეტის მოთამაშე
  • მეტ მორგანი (დ. 1977) - კომიკოსი, მწერალი, მსახიობი, დიჯეი, რადიოწამყვანი
  • სტივე რაიდერი (დ. 1950) - სპორტული ტელეწამყვანი
  • პიტ ტონგი (დ. 1960) - ბიბისის რადიო ერთის დიჯეი
  • დეივ ჩარნლი (1935-2012) - ბრიტანეთის ჩემპიონი მსუბუქ წონაში 1957-1963 წ.წ., ცაცია მოკრივე, მეტსახელად „დარტფორდელი გამანადგურებელი“
  • პოლ ჰართნოლი (დ. 1968) და ფილ ჰართნოლი (დ. 1964) - დუეტ „ორბიტალის“ წევრები

დარტფორდში დაიბადა ადრიან ელმზი (1964-2017), რომელმაც გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიო ისტორიაში თანამედროვე ჰეროსტრატეს სახელი დატოვა.

მართალია, „რკინის ლედი“ ლინკოლნშირის პატარა ქალაქ გრანტემში დაიბადა, მაგრამ დარტფორდელებმა მაინც იპოვეს მათ მშობლიურ ქალაქთან ცნობილი პოლიტიკოსი ქალის სახელის ლეგალურად დაკავშირების მიზეზი. ბრიტანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს (1979-1990 წ.წ.) ორჯერ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, როცა 1950 და 1951 წლებში ამაოდ სცადა ინგლისის პარლამენტში ეყარა კენჭი დრატფორდიდან. მარგარეტ თეტჩერის ასეთი მარცხიც მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია და პატარა ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი ბრიტანული სარკასტულობით დღემდე „ამაყობს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kent History Illustrated - Frank W Jessup (KCC, 1966);
  • Railways of the Southern Region - Geoffrey Body (PSL Field Guide 1989).