შინაარსზე გადასვლა

დანღისის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანღისის ბრძოლა
თარიღი 28 ოქტომბერი, 1750
მდებარეობა დანღისი
შედეგი ქართლ-კახეთის ბრწყინვალე გამარჯვება
მხარეები
ქართლ-კახეთი დაღესტნის სახანო
მეთაურები
ერეკლე II, თეიმურაზ II უცნობი
ძალები
1500 3500
დანაკარგები
128 1700


დანღისის ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის 1750 წელს ადგილ დანღისთან (შაქის სახანოს ტერიტორია, იორ-ალაზნის შესართავთან). ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ბრძოლის შესახებ მოთხრობილია პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის ისტორიულ თხზულებებში.

დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს (ახლანდ. აზერბაიჯანის ტერიტორია) და შემდეგ მდ. იორზე ჩამოდგა. ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდ. იორს დაჰყვა და დანღისს, იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოეწივნენ და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს. თვით ერეკლე II მოწინავე ჯარში იბრძოდა და დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსკდა და ლტოლვილნიც დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი.

დანღისის ბრძოლის შემდეგ დაღესტნელმა ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები დათარეშობდნენ ქურდულად.