შინაარსზე გადასვლა

დანიელ ჰოვარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ჰოვარდი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1861(1861-08-04)
დაბადების ადგილი Buchanan
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1935(1935-07-09) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი მონროვია
მოქალაქეობა  ლიბერია

დანიელ ჰოვარდი (დ. 4 აგვისტო 1861 — გ. 9 ივლისი 1935) — ლიბერიის მე-16 პრეზიდენტი, 1912 წლიდან 1920 წლამდე.

ჰოვარდი პრეზიდენტად 1911 წელს აირჩიეს და თანამდებობა 1912 წლის 1 იანვარს დაიკავა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი ცდილობდა ქვეყნის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, თუმცა მიდრეკილი იყო მხარი დაეჭირა მოკავშირეებისთვის, რომელთა კოლონიური ტერიტორიები აფრიკაში გარს აკრავდა ლიბერიას. გერმანიის პროტესტის მიუხედავად, მან ფრანგებს უფლება მისცა, დედაქალაქ მონროვიაში უსადენო კავშირის სადგური აემუშავებინათ. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მათი საჩივრები ამაო იყო, გერმანელებმა 1917 წელს ქალაქზე თავდასასხმელად წყალქვეშა ნავი გაგზავნეს, რამაც აიძულა ყოყმანის მდგომარეობაში მყოფი ჰოვარდი, მოკავშირეების მხარეს დამდგარიყო და გერმანიისთვის ომი გამოეცხადებინა.

ჰოვარდი პოსტზე ომის დასრულებიდან კიდევ ორი წლის განმავლობაში დარჩა. იგი გარდაიცვალა მონროვიაში 1935 წელს.

დანიელ ედვარდ ჰოვარდი დაიბადა ქალაქ ბუკეტენში, გრანდ ბასას ოლქში; იგი იყო თომას ჰოვარდის, „ნაციონალური True Whig“ პარტიის თავმჯდომარისა და ლიბერიის ხაზინადარის ვაჟი.[1] მან განათლება ლიბერიის კოლეჯში მიიღო.[1]

იგი საჯარო სამსახურში ეტაპობრივად დაწინაურდა და გახდა „True Whig“-ის ქვეყნის იმ დროისთვის ერთადერთი პოლიტიკური პარტიის მდივანი. პრეზიდენტობამდე ჰოვარდი ფინანსთა მდივნის (ხაზინის მდივანი) პოსტს იკავებდა.[2]

დანიელ ედვარდ ჰოვარდი ლიბერიის პრეზიდენტი 1912 წლიდან 1920 წლამდე იყო. ლიბერიის ფინანსები იმდენად შერყეული იყო, რომ სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემა ხშირად თვეობით წყდებოდა.

მკვიდრი მოსახლეობის ამბოხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს სანაპიროზე მცხოვრები კრუს (Kru) ხალხი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მონროვიის ხელისუფლებას, აჯანყდა; მათ ერთგულება გამოუცხადეს დიდ ბრიტანეთს და მოითხოვეს სიერა-ლეონეს კოლონიისა და პროტექტორატის მიერ მათი ანექსია. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ოსმალეთის თურქეთიდან შინ მიმავალი სამხედრო ხომალდი USS Chester აფრიკისკენ მიმართა, რათა დახმარებოდა აჯანყების ჩახშობაში.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას პრეზიდენტი ჰოვარდი ცდილობდა ქვეყნის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. თუმცა, ის მიდრეკილი იყო მოკავშირეების მხარდაჭერისკენ, რომელთა კოლონიებიც გარს ერტყა ლიბერიას და რომელთა საზღვაო უპირატესობამ მალევე შეაფერხა ვაჭრობა გერმანიასთან. ვინაიდან გერმანია ლიბერიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, საბაჟო შემოსავლების დაკარგვამ მძიმედ დააზარალა სახელმწიფო ფინანსები. შემოსავლის ის მცირე ნაწილიც, რაც რჩებოდა, კიდევ უფრო შემცირდა გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ დაწესებული ბლოკადის გამო, რამაც ფაქტობრივად შეაჩერა ვაჭრობა ლიბერიასა და მოკავშირეებს შორისაც. რადგან ლიბერიის ეკონომიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებული იყო საექსპორტო შემოსავლებზე, საბაჟო ამონაგების ამგვარმა გაქრობამ აიძულა ლიბერია, გადაევადებინა 1.7 მილიონი დოლარის სესხის გადახდა, პრეზიდენტმა ჰოვარდმა კი ვუდრო უილსონის ადმინისტრაციას 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი სთხოვა. თუმცა, აშშ-ის კონგრესმა სესხის დამტკიცებაზე უარი თქვა.

გერმანიის პროტესტის მიუხედავად, ჰოვარდმა ფრანგებს მონროვიაში უსადენო კავშირის სადგურის ოპერირების უფლება მისცა. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მათი პროტესტი უშედეგო იყო, გერმანელებმა 1917 წელს ქალაქზე თავდასასხმელად წყალქვეშა ნავი გაგზავნეს, რამაც აიძულა ჰოვარდი, 1918 წლის 12 იანვარს გერმანიისთვის ომი გამოეცხადებინა. აპრილში გერმანიის მიერ მონროვიის დაბომბვამ ქალაქისა და ფლოტის განადგურება გამოიწვია.[3]

ამის შემდეგ ლიბერიამ მოახდინა ლიბერიაში არსებული გერმანიის მოქალაქეების ქონების ლიკვიდაცია. ამ გზით მიღებული თანხა ჩაირიცხა ლიბერიის სამთავრობო საბანკო ანგარიშზე, რათა კომპენსირებულიყო ბლოკადის შედეგად მიღებული ზარალი. ომი 1918 წელს დასრულდა და ლიბერიის საკანონმდებლო ორგანომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

ტერიტორიული კონფლიქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს ლიბერია ერთა ლიგის დამფუძნებელი წევრი გახდა.

ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებულმა კონფლიქტებმა 1919 წელს კვლავ გამოიწვია მიწების დაკარგვა ბრიტანეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ. როდესაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ლიბერიის ხარჯზე მათი კონტროლის ქვეშ არსებული მეზობელი ტერიტორიების გაფართოებას ცდილობდნენ, აშშ-ის სამხედრო ხომალდების პერიოდული გამოჩენა ხელს უშლიდა ხელყოფას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მომდევნო ადმინისტრაციებმა უარყვეს მონროვიის თხოვნები უფრო ქმედითი მხარდაჭერის შესახებ.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Ellis, George W. (1911). „Political Institutions in Liberia“. American Political Science Review (ინგლისური). 5 (2): 213–223. doi:10.2307/1944327. ISSN 0003-0554. JSTOR 1944327. S2CID 144929842.
  2. Dunn, Elwood D.; Beyan, Amos J.; Burrowes, Carl Patrick (20 December 2000) Historical Dictionary of Liberia (en). Scarecrow Press. ISBN 9781461659310. 
  3. Gillispie, William (2018-01-02). „Colonialism in global conflict: Liberia's entry and participation in World War One“. First World War Studies. 9 (1): 111–129. doi:10.1080/19475020.2018.1520137. ISSN 1947-5020.
  4. Liebenow, J. Gus, Liberia: the Quest for Democracy. Bloomington: Indiana University Press, 1987