შინაარსზე გადასვლა

დანიელ ბერნული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ბერნული
გერმ. Daniel Bernoulli

დანიელ ბერნული
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1700
დაბ. ადგილი გრონინგენი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[1] [2]
გარდ. თარიღი 27 მარტი, 1782
გარდ. ადგილი ბაზელი
დასაფლავებულია Peterskirche Basel[3]
მოქალაქეობა შვეიცარია
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი, ექიმი და სტატისტიკოსი
მუშაობის ადგილი ბაზელის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბაზელის უნივერსიტეტი[4] [5] , ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[5] , სტრასბურგის უნივერსიტეტი[5] და ბაზელის უნივერსიტეტი[5]
მამა იოჰან ბერნული
დედა Dorothea Falkner
ნათესავ(ებ)ი იაკობ ბერნული, Nicolaus Bernoulli და Hieronymus Bernoulli
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
ხელმოწერა
სამეცნიერო სფერო მათემატიკა, სტატისტიკა; ფიზიკა, მექანიკა; ეკონომიკა; მედიცინა

დანიელ ბერნული (გერმ. Daniel Bernoulli; დ. 8 თებერვალი, 1700 – გ. 27 მარტი, 1782 ) — შვეიცარიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. ბერნულების ოჯახის მრავალი გამორჩეული მათემატიკოსიდან ერთ-ერთი. ბერნულების აღნიშნული შტოს წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ქალაქ ბაზელში. დანიელის მოღვაწეობა გამორჩეულია მათემატიკისა და მექანიკის საკითხების თანაკვეთით, მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს ჰიდრომექანიკაში, ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში. [6]

დანიელ ბერნულის სახელი უკვდავყოფილია ბერნულის პრინციპში (ბერნულის კანონი), რომელიც ენერგიის შენახვის კანონის კერძო მაგალითს წარმოადგენს, აღწერს მე-20 საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევის - კარბიურატორისა და თვითმფრინავის ფრთის - მუშაობის საფუძვლებს, მექანიზმის ფუნქციონირების მათემატიკურ მხარეს.[7][8]

დანიელ ბერნული დაიბადა გრონინგენში, ჰოლანდიაში, გამორჩეული მათემატიკოსების ოჯახში.[9] ბერნულების ოჯახი წარმოშობით ანტვერპენიდან იყო, რომელიც იმ დროს ესპანურ ნიდერლანდებს ეკუთვნოდა, მაგრამ ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ ესპანელი პროტესტანტების დევნისგან თავის დასაღწევად. მცირე პერიოდი ცხოვრობდნენ ფრანკფურტში, შემდეგ კი გადავიდნენ ბაზელში, შვეიცარიაში.

დანიელი იყო იოჰან ბერნულის (დიფერენციალური აღრიცხვის ერთ-ერთი ადრეული ფუძემდებელი) ვაჟი და იაკობ ბერნულის (ალბათობის თეორიის ადრეული მკვლევარისა და მათემატიკური მუდმივა e-ის აღმომჩენის) ძმისშვილი.[9] დანიელს ჰყავდა ორი ძმა, ნიკლაუსი და იოჰან II. ბრიტანელი მათემატიკოსი უოლტერ უილიამ როუზ ბოლი დანიელს მოიხსენიებდა, როგორც „უდავოდ ყველაზე უნარიან მეცნიერს უმცროსი ბერნულებიდან“.[10]

ამბობენ, რომ დანიელს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ორივე მათგანმა მონაწილეობა მიიღო და პირველი ადგილი გაიზიარა სამეცნიერო კონკურსში პარიზის უნივერსიტეტში. იოჰანმა დანიელს თავის სახლში შესვლა აუკრძალა, ალბათ, ვერ იტანდა „სირცხვილს“, რომ დანიელი მის თანასწორად ითვლებოდა. იოჰანმა, სავარაუდოდ, პლაგიატს მიმართა - დანიელის წიგნიდან „ჰიდროდინამიკა“ ძირითადი იდეები გადაიტანა თავის წიგნში „ჰიდრავლიკა“ და საკუთარ ნაშრომს ძველი თარიღი დააწერა. დანიელის მცდელობები შერიგებულიყო მამასთან წარუმატებელი აღმოჩნდა.[11]

როდესაც დანიელი სკოლაში იყო, იოჰანმა შვილს მოუწოდა ესწავლა ბიზნესი, ეუბნებოდა, რომ მათემატიკოსობით ფულს ვერ იშოვიდა, ვინაიდან ცუდი ანაზღაურება ექნებოდა. დანიელმა თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით დათმო და მამის ბრძანებით სწავლობდა ბიზნესს, ასევე მედიცინას იმ პირობით, რომ მამა მას პირადად ასწავლიდა მათემატიკას.[11] დანიელმა შეისწავლა მედიცინა ბაზელში, ჰაიდელბერგსა და სტრასბურგში და მიიღო დოქტორის ხარისხი ანატომიასა და ბოტანიკაში 1721 წელს.

დანიელი ლეონარდ ეილერის თანამედროვე და ახლო მეგობარი იყო.[12][13]

დანიელი 1724 წელს სანქტ-პეტერბურგში გადავიდა სამუშაოდ, როგორც მათემატიკის პროფესორი, მაგრამ იქ ძალიან უბედური იყო. დროებითმა ავადმყოფობამ,[11] რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენზურამ,[14] უთანხმოებამ ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით მისცა მას საბაბი 1733 წელს დაეტოვებინა სანქტ-პეტერბურგი.[15] დაბრუნდა ბაზელის უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მედიცინის, მეტაფიზიკისა და ბუნებისმეტყველების კათედრების ხელმძღვანელის თანამდებობას მის გარდაცვალებამდე.[16]

1750 წლის მაისში დანიელ ბერნული აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად.[17]

ნაშრომები მათემატიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დანიელ ბერნული

დანიელ ბერნულის პირველი მათემატიკური ნაშრომი იყო „სავარჯიშოები“ (მათემატიკური სავარჯიშოები), რომელიც გამოაქვეყნა 1724 წელს ქრისტიან გოლდბახის დახმარებით. ორი წლის შემდეგ დანიელმა პირველად მიაქცია ყურადღება რთული მოძრაობის განმეორებად მოძრაობებად გამოსახვას, ამ მოძრაობების სიხშირეს და მრუდწირულ და ბრუნვით მოძრაობებად დაშლას. 1729 წელს გამოაქვეყნა პოლინომის (მრავალწევრის) ფესვის პოვნის ალგორითმი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ბერნულის მეთოდი. დანიელის მთავარ ნაშრომად აღიარებულია „ჰიდროდინამიკა“, გამოქვეყნებული 1738 წელს. ნამუშევარი წააგავს ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის „ანალიზურ მექანიკას“ იმით, რომ შედგენილია ისე, რომ ყველა შედეგი არის ერთი პრინციპის შედეგი, კერძოდ, ენერგიის მუდმივობის კანონის ადრეული ვერსიის „vis viva“-ს გამოყენებით. ამ ნაშრომს მოჰყვა მემუარი რხევების თეორიის შესახებ, რომლისთვისაც, ეილერისა და კოლინ მაკლორინის მემუარებთან ერთად, პრიზი მიანიჭა ფრანგულმა აკადემიამ: ეს სამი მემუარი შეიცავს ყველაფერს, რაც გაკეთდა ამ საგანზე ისააკ ნიუტონის „ბუნებისმეტყველების მათემატიკური საწყისების“ გამოქვეყნებასა და პიერ სიმონ ლაპლასის გამოკვლევებს შორის. ბერნულმა ამას გარდა დაწერა დიდი რაოდენობით ნაშრომები მექანიკის სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით რხევით სიმებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ასევე შესწავლილია ბრუკ ტეილორისა და ჟან ლერონ დ'ალამბერის მიერ.[10]

ნაშრომები ეკონომიკასა და სტატისტიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1738 წელს დაწერილ წიგნში „Specimen theoriae novae de mensura sortis“ (ახალი თეორიის ექსპოზიცია რისკის გაზომვის შესახებ),[18] ბერნულმა საზოგადოებას შესთავაზა სანქტ-პეტერბურგის პარადოქსის გადაწყვეტა, როგორც რისკის თავიდან აცილების, რისკის შესაძლო უპირატესობებისა და ხელსაყრელობის ეკონომიკური თეორიის საფუძველი. [19] ბერნული ხშირად აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც მოიცავდა რიგ გაურკვევლობებს, ადამიანები ყოველთვის არ ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეზარდათ თავიანთი შესაძლო ფულადი მოგება, არამედ ცდილობდნენ „ხელსაყრელობის“ მაქსიმიზაციას, ეს არის ეკონომიკური ტერმინი, რომელიც მოიაზრებს ადამიანების პირად კმაყოფილებასა და სარგებელს. ბერნულმა გააცნობიერა, რომ ადამიანებისთვის არსებობს პირდაპირი კავშირი მიღებულ ფულსა და ხელსაყრელობას შორის, მაგრამ ის მცირდება, როდესაც მიღებული ფული იზრდება. მაგალითად, იმ ადამიანისთვის, რომლის შემოსავალი წელიწადში $10 000-ია, დამატებითი $100 შემოსავალში უფრო მეტ ხელსაყრელობას უზრუნველყოფს, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომლის შემოსავალი წელიწადში $50 000-ია.

ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი მცდელობა ცენზურირებული მონაცემების შემცველი სტატისტიკური პრობლემის გაანალიზებისა იყო ბერნულის 1766 წლის ანალიზი ჩუტყვავილის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მონაცემების შესახებ, რათა დაედასტურებინა ვაქცინაციის ეფექტურობა.[20]

ნაშრომები ფიზიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელმა „ჰიდროდინამიკაში“ (1738 წელი) საფუძველი ჩაუყარა აირების კინეტიკურ თეორიას და ეს იდეა გამოიყენა რობერტ ბოილის კანონის ასახსნელად.[10]

ბერნული ლეონარდ ეილერთან ერთად მუშაობდა დრეკადობის თეორიის საკითხებზე,[21] ასე შეიმუშავეს ეილერ-ბერნულის ძელის განტოლება.

ბერნულის პრინციპი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჰიდროდინამიკაში. ლეონ ბრილუენის თანახმად, სუპერპოზიციის პრინციპი პირველად დანიელ ბერნულმა ჩამოაყალიბა 1753 წელს: „მოძრავი სისტემის ზოგადი მოძრაობა დამოკიდებულია მისი შემადგენელი ვიბრაციების სუპერპოზიციაზე“.[22]

დანიელ ბერნულის ნაშრომი, 1737 წელი

2002 წელს დანიელ ბერნული შეიყვანეს სან-დიეგოს ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსის დიდების დარბაზში..[23]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Bernoulli Daniel. Mathematik.ch. ციტირების თარიღი: 7 September 2007
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118656503 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. различные авторы Русский биографический словарь / под ред. А. А. Половцов, Н. П. Чулков, Н. Д. Чечулин и др. — СПб, Москва.
  3. Find a Grave — 1996.
  4. Наточин Ю. В. Становление физиологии в России: XVIII век, The Development of Physiology in 18th Century in Russia // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 2. — С. 9–24. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  6. Anders Hald (2005). A History of Probability and Statistics and Their Applications before 1750. John Wiley & Sons, გვ. 6. ISBN 9780471725176. 
  7. Richard W. Johnson (2016). Handbook of Fluid Dynamics. CRC Press, გვ. 2-5 – 2-6. ISBN 9781439849576. 
  8. (2010) Flight and Motion: The History and Science of Flying. Routledge, გვ. 143. ISBN 9781317470427. 
  9. 9.0 9.1 Rothbard, Murray. Daniel Bernoulli and the Founding of Mathematical Economics დაარქივებული 28 July 2013 საიტზე Wayback Machine. , Mises Institute (excerpted from An Austrian Perspective on the History of Economic Thought)
  10. 10.0 10.1 10.2 Rouse Ball, W. W. (2003). „The Bernoullis“, A Short Account of the History of Mathematics, 4th, Dover. ISBN 0-486-20630-0. 
  11. 11.0 11.1 11.2 ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. დანიელ ბერნული (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor. (1998)
  12. Anderson, John David (1997). A History of Aerodynamics and its Impact on Flying Machines. New York, NY: Cambridge University Press, გვ. 47. ISBN 0-521-45435-2. 
  13. Calinger, Ronald (1996). „Leonhard Euler: The First St. Petersburg Years (1727–1741)“ (PDF). Historia Mathematica. 23 (2): 121–166. doi:10.1006/hmat.1996.0015. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 28 March 2019.
  14. Calinger, Ronald (1996).p.127
  15. Calinger, Ronald (1996), pp.127–128
  16. [Anon.] (2001) "Daniel Bernoulli", Encyclopædia Britannica
  17. Daniel Bernoulli. Science in the Making. Royal Society. ციტირების თარიღი: 30 April 2025
  18. English translation in Bernoulli, D. (1954). „Exposition of a New Theory on the Measurement of Risk“ (PDF). Econometrica. 22 (1): 23–36. doi:10.2307/1909829. JSTOR 1909829. S2CID 9165746. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 13 May 2008.
  19. Stanford Encyclopedia of Philosophy: "The St. Petersburg Paradox by R. M. Martin
  20. reprinted in Blower, S; Bernoulli, D (2004). „An attempt at a new analysis of the mortality caused by smallpox and of the advantages of inoculation to prevent it“ (PDF). Reviews in Medical Virology. 14 (5): 275–88. doi:10.1002/rmv.443. PMID 15334536. S2CID 8169180. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 27 September 2007.
  21. Timoshenko, S. P. (1983). History of Strength of Materials. New York: Dover. ISBN 0-486-61187-6. 
  22. Brillouin, L. (1946). Wave propagation in Periodic Structures: Electric Filters and Crystal Lattices, McGraw–Hill, New York, p. 2.
  23. Sprekelmeyer, Linda, editor. These We Honor: The International Aerospace Hall of Fame. Donning Co. Publishers, 2006. ISBN 978-1-57864-397-4.