დანიელ-ბეგი
დანიელ-ბეგი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1803 |
დაბადების ადგილი | სოფ. ელისუ, ახლანდ. კახის რაიონი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი | 1870 |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
ეროვნება | წახური |
რელიგია | ისლამი |
საქმიანობა | ელისუს სულთანი |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი |
დანიელ-ბეგი (დ. 9 იანვარი, 1803, სოფ. ელისუ, ახლანდ. კახის რაიონი, აზერბაიჯანი, — გ. 1870, სტამბოლი) — ელისუს სასულთნოს უკანასკნელი მმართველი (1831-1844), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1842). ემორჩილებოდა რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ 1844 წელს კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგობის ლიდერის, იმამ შამილის მხარეს გადავიდა. რუსეთის ჯარებმა მისი სასულთნო დაიპყრეს. მონაწილეობდა კავკასიის ომში. 1859 წელს პატიება ითხოვა და 1869 წელს სამუდამოდ გადასახლდა ოსმალეთში, სადაც გარდაიცვალა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დანიელ-ბეგი დაიბადა ელისუს წახური სულთნის, ახმედ-ხანის ოჯახში. ტახტზე 1831 წელს ძმის, მუსა-აღას გარდაცვალების შემდეგ ავიდა რუსეთის ხელისუფლების თანხმობით (1803 წლიდან ელისუს სასულთნო, ისევე როგორც ჭარ-ბელაქნის თემები, რუსეთს ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ). დანიელ-ბეგი ირიცხებოდა რუსეთის სამხედრო სამსახურში, 1840 წელს მიიღო ლაიბ-გვარდიის გროდნოს ჰუსართა პოლკის მუნდირის ტარების უფლება და პოლკოვნიკის ჩინი, 1842 წელს — გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1837), წმ. ვლადიმერის III (1843) და წმ. ანას II (1843) ხარისხის ორდენებით. 1840-იან წლების დასაწყისში მას გართულებული ურთიერთობა ჰქონდა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის მმართველ გენერალ-მაიორ გრიგორი შვარცთან, რომელიც სულთნის ძალაუფლების შეზღუდვას ცდილობდა. დანიელ-ბეგი რუსეთის ხელისუფლებისგან ელისუზე მისი მემკვიდრეობითი უფლებების დადასტურებას და საშინაო ავტონომიის პატივისცემას ითხოვდა.
1844 წლის ივნისში დანეილ-ბეგი რუსეთის მთავრობას განუდგა და ერთგულება შეჰფიცა დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამ შამილს. იმავე წლის 13 ივნისს გენერალი შვარცი ზაქათალიდან ელისუს სასულთნოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სულთნის 3-ათასიანი ჯარი აგათაის ბრძოლაში დაამარცხა. 21 ივნისს რუსეთის არმიამ ბრძოლით დაიკავა აული ელისუ და დასახლება მიწასთან გაასწორა (დაინდეს მხოლოდ მეჩეთი). დანიელ-ბეგი მთებში გაიქცა და შამილს ეახლა. იმამმა ის ხუნძურ აულ ირიბში თავის ნაიბად, შემდეგ კი სამხრეთ დაღესტნის მუდირად დანიშნა. 1845 წელს დანიელ-ბეგმა შერიგების პირობების შესათანხმებლად ფარული მოლაპარაკება გამართა გენერალ მიხეილ ვორონცოვთან, თუმცა სულთნის უფლებების აღდგენაზე მას უარი ეთქვა. 1847 წლის მაის-ივნისში შამილის თანხმობით დანიელ-ბეგმა სცადა ელისუში შეჭრა, მაგრამ რუსეთის ჯარების მანევრმა იძულებული გახადა უკან დაეხია. ის შემდგომ წლებშიც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ხოლო 1853 წელს იყო შამილის მიერ ოსმალეთში დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1859 წლის აპრილში რუსეთის არმიის მიერ აულ ვედენოს აღებისა და ჩეჩნეთში შამილის ძალაუფლების დამხობის შემდეგ დანიელ-ბეგმა რუსეთის სარდლობასთან მოლაპარაკება გამართა და იმავე წლის 2 აგვისტოს გენერალ ვრანგელს თავისი საგამგებლო აულები — ირიბი და დუსრექი ჩააბარა. 7 აგვისტოს მან მორჩილება გამოუცხადა კავკასიაში რუსეთის ჯარების მთავარსარდალ თავად ალექსანდრე ბარიატინსკის და მისგან ამნისტია მიიღო. 1861 წელს იმპერატორმა მას გენერალ-მაიორის წოდება დაუბრუნა, 1864 წელს კი — ჩამორთმეული ჯილდოები. 1869 წელს დანიელ-ბეგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამუდამოდ გადასახლდა ოსმალეთში, სადაც გარდაიცვალა 1870 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Даниель-бек // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907;
- Акты, собранные Кавказской археографической комиссией. — Тифлис, 1869. — Т. III. — С. 326;
- И.П. Линевич. Бывшее Елисуйское султанство // Сборник сведений о кавказских горцах. — Тифлис, 1873. — Т. VII. — С. 43;
- В. Линден. Елисуйский султанат. История его образования. Общественно-политический и поземельный строй // Кавказский календарь на 1917 год. Отдел общий. — Тифлис, 1916, с. 301—310.