რაფიელ დანიბეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დანიბეგაშვილი, რაფიელ)

რაფიელ იოსების ძე დანიბეგაშვილი (დ. 1778, თბილისი, — გ. 1830-იანი წლები) — XVIII-XIX საუკუნეების ქართველი მოგზაური.

დანიბეგაშვილი ტრადიციულ ვაჭარ-მოგზაურთა წრიდან იყო. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, XVII საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული. დანიბეგაშვილის პაპა (რაფიელი) ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს ემსახურებოდა, მამა (იოსები) ერეკლე II-ის საიდუმლო დიპლომატიურ მისიას ასრულებდა ინდოეთში (მადრასში) მცხოვრებ სომეხ ვაჭარ შაამირიანთან. ერეკლე II-მ მას დიდი დამსახურებისათვის აზნაურის წოდება და სახელმწიფო ჯამაგირი უბოძა, რაც მემკვიდრეობით რაფიელზე გადავიდა (1799). რაფიელ დანიბეგაშვილს ჰქონდა მამული ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.

პირველად იგი 17–18 წლის ასაკში გაჰყვა მამას. მომავალმა მოგზაურმა შეისწავლა თურქული, სომხური და სხვა ენები. რაფიელ დანიბეგაშვილმა ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში: ორჯერ ერეკლე II-ის (1795-96, 1797-98), ერთხელ კი გიორგი XII-ის დავალებით (1798-1813), ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იმოგზაურა ამ ქვეყანაში (1815-20, 1822-27). პირველი ორი მოგზაურობის დროს ის სპეციალურად იყო მივლინებული ინდოეთში ერეკლე II-ის მიერ მდიდარ სომეხ ვაჭრებთან მოსალაპარაკებლად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ერთიანი ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის იდეას. იდეის თანახმად, სახელმწიფოს თავად ერეკლე II უნდა ჩასდგომოდა სათავეში. მესამე მოგზაურობისას ის 14 წელი ცხოვრობდა ინდოეთში, რამაც საშუალება მისცა დაკვირვებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათი საქმიანობა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები. რაფიელმა მესამე მოგზაურობა დაწვრილებით აღწერა და რუსულად თარგმნა 1815 წელს. ჩანაწერები წიგნად გამოსცა მოსკოვში სათაურით „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“ (ქართული დედანი დაკარგულია). ნაშრომში მოცემულია ცნობები ინდოეთის ბუნების, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების, ინდოელებისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ. მოგზაურობისას დანიბეგაშვილმა სამჯერ გადაკვეთა ჰიმალაისა და ყარაყორუმის ქედები, ტიბეტის ზეგანი, კაშგარის დაბლობი. რუსეთის მთავრობამ დამსახურებისათვის „გუბერნსკი სეკრეტარის“ ჩინი უბოძა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]