დანდიქოის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანდიქოის ციხე — ციხე თურქეთში ციხე მდებარეობს ხარშიტის ხეობის შუა წელზე. ეს მცირე მოცულობის ციხეც საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილასაა აგებული. აქედან მოსჩანს მთელი ხეობა ოთხივე მხრივ.

აქაც იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როგორც შაბან–კალესთან. უხუცესთა გადმოცემით ძველი გზები სწორედ ამ უზარმაზარი ბორცვის აღმოსავლეთით არცთუისე მკვეთრად დახრილი ფერდობის შუა ნაწილში გაივლიდა. ეს ციხე როგორც ჩანს, ერთის მხრივ აკონტროლებდა ზღვისპირეთიდან გუმუშხანესაკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, ხოლო მეორეს მხრივ ასევე დერე გოზუს ხეობაში ალპური მდელოებით გამავალ უმოკლეს საზაფხულო გზას გუმუშხანესაკენ. ბორცვი, რომელზედაც ციხეა დაშენებული, ძირითადი ხეობისაგან შიგნითაა შეწეული. თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე როგორც ჩანს, იგი უკავშირდებოდა სხვა ციხეებს და ამიტომ მას საგუშაგო-სასიგნალო დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა. ციხე საკმაოდ დანგრეულია. მისი დიდი ნაწილი საძირკვლების დონემდეა მოშლილი. მის მთლიან ზედაპირს ეკალბარდი ფარავს. შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ–აღმოსავლეთი ნაწილი. ზოგან მისი სიმაღლე 6–8 მეტრსაც აღწევს. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი რამოდენიმეჯერ ჩანს დანგრეულ-აღდგენილი. ქვედა ნაწილის წყობები გამართულია შედარებით კარგად დამუშავებული ქვებით. ზედა, აღდგენის შემდგომი კი უსისტემო და დაუმუშავებელი ქვებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 38-40 ISBN 978-9941-8-1990-2.