დანაშაული საბერძნეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერძნული პოლიცია მოტოციკლებზე

საბერძნეთში დანაშაულის მაჩვენებელი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა აღმოსავლეთ ევროპაში.1980-იან წლებში, საბერძნეთის პოლიციის უფროსის, ნიკონ არკუდეასის ( ბერძ. Νίκων Αρκουδέας ) ძალისხმევით მოხერხდა დანაშაულის დონის საგრძნობლად შემცირება. დანაშაულთან ბრძოლას აწარმოებს საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც 2002 წელს შეაჩერა მემარცხენე რადიკალური ტერორისტული დაჯგუფების „ 17 ნოემბრის რევოლუციური ორგანიზაციის “ საქმიანობა. გარდა ამისა, საბერძნეთის პოლიციამ წარმატებით მოახერხა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება და 2016 წელს დაამარცხა საბერძნეთში ყველაზე დიდი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მხილებული იყო 2 ათასზე მეტ ძარცვაში.

მე-20 საუკუნის განმავლობაში სადაზვერვო სააგენტოებსა და პოლიციას ბრალად დებდნენ, რომ დიდ დროს უთმობდნენ არა იმდენად დამნაშავეებთან ბრძოლას, რამდენადაც მემარცხენე პოლიტიკური მოღვაწეების დევნას. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დანაშაული გაიზარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული არალეგალურ მიგრანტების ხარჯზე.

დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს, სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთში 184 მკვლელობა მოხდა, საშუალოდ 1,7 შემთხვევა 100 000 ადამიანზე [1] .

Vertical bar chart of დანაშაული საბერძნეთში between 1997 and 2016
მკვლელობების რიცხვი საბერძნეთში წლების მიხედვით 1997 -დან 2016-მდე

წყარო: საბერძნეთის პოლიციის ყოველწლიური ანგარიში

ორგანიზებული დანაშაული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნულ დანაშაულებრივ სამყაროში მოქმედებენ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები (ბერძნული მაფია), რომლებსაც ხალხში უწოდებენ "ღამის ადამიანებს" ( ბერძ. άνθρωποι της νύχτας ) . უცხოური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებიდან ყველაზე ცნობილია ალბანური მაფია, რომლის წევრებიც დაკავებულები არიან ძარცვით, ადამიანების გატაცებით და წამებით, ასევე კონტრაბანდით და ნარკოტიკების შემოტანით. ალბანური მაფია ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას საბერძნეთში ახლო აღმოსავლეთიდან და პაკისტანიდან, "მფარველობს" ამ ქვეყნებიდან, კერძო საწარმოების მფლობელებს და აკონტროლებს ღამის კლუბებს დასავლეთ ათენში, სადაც მუშათა კლასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ქვეყანაში მოქმედებს რუსული მაფია, რომელიც ქვეყანაში ეწევა იარაღის და სიგარეტის კონტრაბანდას, ასევე რუმინული მაფია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძარცვა და გატაცება.

ბერძნულ კრიმინალურ სამყაროში ყველაზე ძლევამოსილად ბერძნული მაფია ითვლება ალბანურ მაფიასთან კავშირებისა და თავისებური ურთიერთთანამშრომლობის გამო, ალბანელებს ქირაობენ მცველებად ან დაქირავებულ მკვლელებად. ბერძნული მაფია დაკავებულია არალეგალური ბიზნესის დაცვით, ადამიანების გატაცებითა და ნარკოტიკების შემოტანით, დიდძალ თანხებს შოულობს ქვეყანაში გავრცელებული კორუფციის წყალობით. საბერძნეთში კოკაინისა და ჰეროინის შემოტანა ხდება გემების საშუალებით: გემთმშენებლობას ჰყავს ბერძნული მაფიის საკუთარი წარმომადგენლები. [2]

დანაშაულები კერძო საკუთრების წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს, ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გაიზარდა კერძო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები [3] : 2009 წელს დაფიქსირდა ძარცვის 80 ათასი შემთხვევა ჩვეულებრივი ჯიბის ქურდობიდან ბანკებისა და სახლების ძარცვამდე, 2005 წლის 50 ათასთან შედარებით. [3] ამან ასევე გამოიწვია კერძო დაცვის კომპანიების მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა [3], თუმცა ითვლება, რომ ზოგადად საბერძნეთში დანაშაულის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 2016 წელს საბერძნეთში დამარცხდა უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი სახლის ძარცვაში. ოპერაციაში სულ მცირე 1000 პოლიციელი და 37 მოსამართლე იყო ჩართული.

მიგრანტების დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური სტატისტიკით, საბერძნეთის პოლიციის მიერ რეგისტრირებული დანაშაულების ნახევარზე მეტი მიგრანტების მიერ არის ჩადენილი. საბერძნეთის პოლიცია ადასტურებს, რომ ბევრი მოქალაქე ინახავს ფულს არა საბანკო ანგარიშებზე, არამედ ბინაში ნაღდი ფულის სახით, რაც იზიდავს მძარცველთა ბანდებს ალბანეთიდან და ბულგარეთიდან. [4] 2012 წლის შეფასებით, საბერძნეთში სულ მცირე 1 მილიონი არალეგალური მიგრანტი იყო [4] [5] . მიგრანტების მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული იყო არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების შემთხვევა ფაროსზე.

ესპანეთისა და იტალიის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად, უამრავი ადამიანი აზიიდან და აფრიკიდან დაიძრა საბერძნეთისკენ, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის, პაკისტანის, ავღანეთის, ერაყისა და ბანგლადეშის მაცხოვრებლები იყვნენ. 2010 წელს ევროკავშირში უკანონო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევის 90% საბერძნეთის საზღვრის გავლით ხდებოდა (2008 წელს — 50%, 2009 წელს — 75%), დააკავეს 132,524 ადამიანი (2009 წელს — 95,239 ადამიანი), რომელთაგან დეპორტირებული იქნა 52 469 ; დეპორტირებულთა უმეტესობა ალბანელები იყვნენ [5] .

კორუფცია და გადასახადებისგან თავის არიდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა გადასახადებისგან თავის არიდება და კორუფციის გავრცელება საჯარო მოხელეებს შორის, მიუხედავად ბოლო წლებში მიღებული ზომებისა, [6] ყოველწლიურად საბერძნეთის ხაზინა კარგავს 30 მილიარდ ევროს გადასახადების გადაუხდელობის გამო, რომელსაც ბერძნები ირონიულად უწოდებენ "ნაციონალურ სპორტს" [7] .

გადასახადებისგან თავის არიდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 2009 წლის აგვისტოში შეაფასა, რომ საბერძნეთში შავი ბაზრის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 65 მილიარდ ევროს (მშპ-ს 25%) , ამან გამოიწვია ყოველწლიური გადასახადებისგან თავის არიდება 20 მილიარდი ევროს ოდენობით, [8] რაც ითვლება საკმაოდ დიდ თანხად ევროპული სტანდარტებისთვის. შედარებისთვის, გერმანიის შავი ბაზარი სიდიდის მიხედვით ორჯერ პატარა იყო და მშპ-ს მხოლოდ 15%-ს შეადგენდა. [9] ბოლო წლებში საბერძნეთის მთავრობის მცდელობები, გაეთავისუფლებინა ეკონომიკა ამ პრობლემისგან, უშედეგოდ აღმოჩნდა. საბერძნეთს რეკომენდაცია მისცეს, რომ შეეცვალა საგადასახადო სისტემა მაგრამ ამ პროცესს შესაძლოა პარლამენტის სულ მცირე ორი ვადა დასჭირდეს. [9]

2005 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 49%-მა თავი აარიდა გადასახადებს გარკვეულწილად , თუმცა ეს მაჩვენებელი 2006 წლის იანვარში 41,6%-მდე შემცირდა [6] . ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, 2009 წელს გადასახადებს თავი აარიდეს ძირითადად სხვადასხვა ოფისის თანამშრომლებმა, რომელთა შორის იყვნენ: სტომატოლოგები, იურისტები, ექიმები, რეპეტიტორები და ფინანსური კონსულტანტები, რომლებმაც არ გადაიხადეს 28 მილიარდი ევრო (ბიუჯეტის დეფიციტის 31%). წელი). Tax Justice Network (TJN) ასახელებს, რომ გადაუხდელი გადასახადების ციფრი შეადგენდა 20 მილიარდ ევროს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს თანხები ინახება შვეიცარიაში ბერძენი მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე , და აღნიშნავს 10 ათასი ბერძნული ოფშორული კომპანიის არსებობას. საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვენიზელოსის თქმით, დაახლოებით 15000 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა 37 მილიარდი ევროს გადახდას აარიდა თავი.

დანაშაული ათენში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლიდან 2009 წლამდე ათენი ძარცვის ტალღამ მოიცვა: თუ 2007 წელს დაფიქსირდა ქურდობის 26,872 შემთხვევა (ძარცვის ჩათვლით), მაშინ 2009 წელს რიცხვმა 4აიწია 7,607-მდე. [10] გაორმაგდა ჩადენილი მკვლელობების რაოდენობაც. [10] თუმცა ქალაქი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება [10] . საბერძნეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ ჩარეულან სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში, ცდილობდნენ მაქსიმალურად შეემცირებინათ ბრალდებულებისთვის სასჯელი და ავრცელებდნენ ცრუ ჭორებს პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

პოლიციის ქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული მედია პოლიციელების პოლიტიზებას აკრიტიკებს. 1981 წლამდე, სანამ ანდრეას პაპანდრეუს პანელინისტური სოციალისტური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, ბერძნული ჟანდარმერიის და ქალაქის პოლიციის თითქმის ყველა წამყვანი ოფიცერი იყო მტკიცე მემარჯვენე კონსერვატორი. 1984 წელს, მათი გაერთიანების შემდეგ, ჩამოყალიბდა თანამედროვე პოლიტიკური პოლიცია. საბერძნეთის პოლიციაში „ჩაწყობის“ შემთხვევები საკმაოდ დიდია და ხშირად მაღალ თანამდებობებს იკავებენ ადამიანები გარკვეული წრეებიდან: მაგალითად, პოლიციის თითქმის ყველა უმაღლესი პირი პელოპონესიდან ან კრეტადანაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Global Study on Homicide. [[United Nations Office on Drugs and Crime]], 2013.. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  2. ECHO²: UNLEASHING CREATIVITY AGAINST DRUG TRAFFIKING. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 2016-8-11.
  3. 3.0 3.1 3.2 Tom Stoukas (2010-09-17). „Greek Crime Wave Spells Boom for Security Firms“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-30. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  4. 4.0 4.1 «Greeks confront crime wave amid austerity», Chloe Hadjimatheou, BBC News, Athens, 16 August 2012.. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  5. 5.0 5.1 «Greece: Illegal Immigration in the Midst of Crisis», Charalambos Kasimis, Agricultural University of Athens, March 2012.. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  6. 6.0 6.1 Πτώση της φοροδιαφυγής στο 41,6% από 49% το τελευταίο εξάμηνο. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  7. „A national sport no more“. The Economist. 3 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-28. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  8. „Korruption und Steuerhinterziehung: Griechenland versinkt im Sumpf“. Die Presse. 5 August 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-28. ციტირების თარიღი: 5 May 2010.
  9. 9.0 9.1 Griechenland: Abkehr von den Fakelaki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-19. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  10. 10.0 10.1 10.2 Carassava, Anthee (31 May 2011). „Crime casts long shadow over Athens“. Los Angeles Times.