შინაარსზე გადასვლა

დამრგვალება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამრგვალება — ერთი ნამდვილი დადებითი რიცხვის შეცვლა მეორე ისეთი ნამდვილი დადებითი რიცხვით, რომელსაც მოცემული რაოდენობის ათობითი ნიშანი აქვს. განასხვავებენ ორი სახის დამრგვალებას: ნაკლებობით დამრგვალებას, როდესაც დასამრგვალებელ რიცხვს ჩამოაცილებენ ყველა ციფრს, რომელიც რომელიმე განსაზღვრული თანრიგის ციფრის მარჯვნივაა, და მეტობით დამრგვალებას, როდესაც დასამრგვალებელ რიცხვს ჩამოაცილებენ ყველა ციფრს, რომელიც რომელიმე განსაზღვრული თანრიგის ციფრის მარჯვნივაა და დარჩენილი თანრიგის უკანასკნელ ციფრს ერთი ერთეულით გაზრდიან. ჩვეულებრივ იყენებენ დამრგვალების შემდეგ წესს. თუ პირველი ჩამოსაცილებელი ციფრია 0, 1, 2, 3 ან 4, მაშინ ხდება ნაკლებობით დამრგვალება; თუ ჩამოსაცილებელი ნაწილი შედგება 5-ისაგან ან 5-ისა და მასთან მიწერილი ნულებისაგან, მაშინ დამრგვალება ისე უნდა მოხდეს, რომ დამრგვალებული რიცხვის ბოლო ციფრი ლუწი იყოს; დანარჩენ შემთხვევებში ხდება მეტობით დამრგვალება.