დამასკოს ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამასკოს ეროვნული მუზეუმი
არაბ. المتحف الوطني بدمشق

მუზეუმის შესასვლელი
33.512572°00′00″ ჩ. გ. 36.290044°00′00″ ა. გ. / 33.51257° ჩ. გ. 36.29004° ა. გ. / 33.51257; 36.29004
დაარსდა 1919
ქვეყანა სირიის დროშა სირია
მდებარეობა დამასკი
ექსპონატი 300 000-ზე მეტი[1]
კლასიფიკაცია არქეოლოგიური მუზეუმი
დირექტორი მაჰმუდ ჰამუდი
ოფიციალური საიტი dgam.gov.sy
Map

დამასკოს ეროვნული მუზეუმი (არაბ. الْمَتْحَفُ الْوَطَنِيُّ بِدِمَشْقَ) — მუზეუმი დამასკოს ცენტრში, სირია. ეს არის უდიდესი მუზეუმი სირიაში. მუზეუმი მოიცავს სირიის ისტორიის მთელ სპექტრს 11 ათასწლეულის მანძილზე.[2] დაწესებულებაში დაცულია სხვადასხვა სახის არტეფაქტები, რელიქვიები, მნიშვნელოვანი აღმოჩენები მარიდან, ებლასა და უგარითიდან (სირიის სამი უმნიშვნელოვანესი და უძველესი არქეოლოგიური ობიექტი)[2]. მუზეუმი დაარსდა 1919 წელს, ფეისალ I-ის მმართველობის პერიოდში.[3]

მუზუემის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა დურა-ევროპოსის სინაგოგა,[2] რომელიც 245 წლით თარიღდება. ეს არის რეკონსტრუირებული სინაგოგა, რომლიც ნაწილებიც 1930-იან წლებში დამასკოში გადაიტანეს. ნაგებობა გამორჩეულია ფრესკებით. მუზეუმში ასევე დაცულია ქანდაკებები და ქსოვილები ცენტრალური პალმირადან. სამხრეთ სირიიდან მუზეუმში დაცულია ბერძნული მითოლოგიის გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს ქანდაკებები..[4] მუზეუმის ექსპონატებს შორისაა სოლისებრი დამწერლობის 5000-მდე ნიმუში. მათ შორისაა ისტორიაში ცნობილი პირველი ანბანის, უგარითულის ნიმუშები.[5][6][3]

2012 წელს მუზეუმი დროებით დაიხურა სირიის სამოქალაქო ომის გამო, რადგან საფრთხე შეექმნა მუზეუმის ექსპონატებს. მუზეუმის ხელმძღვანელებმა 300 000-ზე მეტი ექსპონატი გადამალეს, რათა სირიის კულტურული მემკვიდრეობა განადგურებისა და ძარცებისაგან დაეცვათ. დახურვიდან ექვსი წლის შემდეგ, 2018 წლის 29 ოქტომბერს მუზეუმის ხუთი განყოფილებიდან ოთხი ხელმეორედ ოფიციალურად გაიხსნა.[1]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამასკოს ეროვნული მუზეუმი მდებარეობს დამასკოს დასავლეთ ნაწილში, დამასკოს უნივერსიტეტისა და სულთან სელიმის მეჩეთს შორის, შუკრი ალ-ქუვათლის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის პირველი მუზეუმი დაარსდა 1919 წელს სირიის განათლების მინისტრის განკარგულებით ალ-ადილა მადრასაში და მცირე კოლექციას მოიცავდა. მოგვიანებით მუზეუმის ადგილმდებარეობა შეიცვალა და ის მის ამჟამინდელ შენობაში გადავიდა.[7][8][9] დამასკოს ეროვნული მუზეუმის ახლანდელი შენობა აშენდა 1936 სულთან სელიმის მეჩეთის გვერდით. მუზეუმის შენობის ფასადზე განთავსებულია ყასრ ალ-ხაირ ალ-ღარბის ომაიანთა სახალიფოს დროინდელი სასახლის წინა კედლების ნაწილები, რომლებიც მისი თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან, სირიის უდაბნოდან გადაიტანეს.[9]

მეფე იკუ-შამაგანის ქანდაკება, დაახლ. ძვ.წ. 2500,[10][11] დამასკოს ეროვნული მუზეუმი
მინერვა, დამასკოს ეროვნული მუზეუმი

ყასრ ალ-ხაირ ალ-ღარბის აღმოჩენამ ისლამური პერიოდის კოლექციას პოპულარობა შემატა. სწორედ ამიტომ მუზეუმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სასახლის ნაწილების მუზეუმში განთავსება. სასახლის წინა ნაწილი დამასკოში გადაიტანეს. მოგვიანებით მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ეროვნული მუზეუმის შესასვლელში განათავსეს. პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდა და მუზეუმის შესასვლელის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1950 წელს მოეწყო.[8] დროთა განმავლობაში ექსპონატების რაოდენობის გაზრდის გამო მუზეუმს დაემატა ახალი დარბაზები და განყოფილებები. 1953 წელს დამასკოს მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა სამ სართულიანი დაწესებულება, სადაც განთავსდა ისლამური პერიოდის ექსპონატები და სირიული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.[8]

1963 წელს მუზეუმს დაემატა ახალი ლექციების დარბაზი და ბიბლიოთეკა. ლექციების დარბაზი XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ნიმუშებით იყო გაფორმებული და დამასკოში მდებარე იმ პერიოდის სასახლეებს ჰგავდა.[12] 1974 წელს მუზეუმს დაემატა პალეოლითის პერიოდის ნიმუშები.[8]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის უნიკალურ ექსპონატებს შორისაა: დურა-ევროპოსის სინაგოგის აღდგენილი ნაწილები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნით თარიღდება; იარჰაის ჰიპოგეუმი პალმირადან, რომელიც 108 წლით თარიღდება; ასევე, ომაიანთა სახალიფოს დროინდელ ყასრ ალ-ხაირ ალ-ღარბის ფასადი და ფრესკები, რომლებიც VIII საუკუნით თარიღდებიან და პალმირადან დაახლოებით 80 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.

მუზეუმის სხვა მნიშვნელოვალი არტეფაქტების აღმოჩენა მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებებშია შესაძლებელი. მათ შორისაა პირველი ანბანის, უგარითულის ნიმუშები და ძველი რომის დროინდელი მოზაიკები. დამასკოს ეროვნულ მუზეუმს გააჩნია 5 განყოფილება:

პრეისტორიული ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია ქვის ხანის დროინდელი ნაშთები და ჩონჩხები. ექსპონატებს შორისაა ტელ-რამადში და მდინარე ორონტესისა ევფრატის აუზში აღმოჩენილი ნივთები.

უძველესი სირია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ განყოფილებაში ინახება ქვის წარწერები, ცილინდრული ბეჭდები და თილისმები ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა: მარი, ებლა, უგარითი. დაცულია ქანდაკებები ტელ-ჰალაფიდან. გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა უგარითული სოლისებრი დამწერლობა, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი დამწერლობაა.

ბერძნული და რომაული/ბიზანტიური ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ეს განყოფილება მოიცავს ბევრ კლასიკურ სირიულ არტეფაქტს. ექსპონატები მოიცავს ქანდაკებებს, მარმარილოს და ქვის სარკოფაგებს, მოზაიკებს, სამკაულებსა და მონეტებს რომის იმპერიის, სელევკიდების სახელმწიფოსა და ბიზანტიის იმპერიის პერიოდებიდან.[6]

ისლამური ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური სასახლის ფასადს რესტავრაცია ჩაუტარდა და ის მუზეუმის შესასვლელში განთავსდა. ამ ძველი სასახლის ზოგიერთი ელემენტი, მათ შორის ჩუქურთმები მუზეუმის ისლამური ერის განყოფილებაშია დაცული.

დამასკოს ეროვნული მუზეუმი ასევე მოიცავს მინისა და ლითონისაგან დამზადებულ ექსპონატებს, ისლამური ხელოვნების სხვადასხვა პერიოდის მონეტებს. ექსპონატებს შორისაა რელიგიური წერილები ომანიანთა და ოსმალთა მმართველობის პერიოდიდან.[7]

თანამედროვე ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შორისაა: სირიელების, არაბული სამყაროსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ნამუშევრები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Syria reopens national museum in recently-shelled Damascus after six years. The Independent Company. ციტირების თარიღი: 30 October 2018
  2. 2.0 2.1 2.2 Darke, Diana (2010). Syria. Bradt Travel Guides, გვ. 110. ISBN 9781841623146. 
  3. 3.0 3.1 Damascus National Museum. SDLC. ციტირების თარიღი: 30 October 2018
  4. Beattie, Andrew; Pepper, Timothy (2001) The Rough Guide to Syria, გვ. 94. ISBN 9781858287188. 
  5. Museums for Intercultural Dialogue - Alphabet of Ugarit.
  6. 6.0 6.1 Beattie, Andrew; Pepper, Timothy (2001) The Rough Guide to Syria, გვ. 91. ISBN 9781858287188. 
  7. 7.0 7.1 The National Museum of Damascus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-28. ციტირების თარიღი: 2021-09-10.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 National Museum of Damascus - Discover Islamic Art.
  9. 9.0 9.1 National Museum of Damascus. Sotheby's. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2021.
  10. Spycket, Agnès (1981) Handbuch der Orientalistik (fr). BRILL, გვ. 87–89. ISBN 978-90-04-06248-1. 
  11. Parrot, André (1953). „Les fouilles de Mari Huitième campagne (automne 1952)“. Syria. 30 (3/4): 196–221. doi:10.3406/syria.1953.4901. ISSN 0039-7946. JSTOR 4196708.
  12. Discover Islamic Art - Virtual Museum - monument_ISL_sy_Mon01_21_en. ციტირების თარიღი: 2020-05-31