შინაარსზე გადასვლა

დაკვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაკვარა (თურქ. Dakvara) — კლარჯეთის რეგიონის ერთ-ერთი სოფელი. თუმცა, მას მოეხსნა სოფლის სტატუსი და ქუჩუქქოის სახელით გაერთიანდა ბორჩხასთან როგორც უბანი.

დაკვარა შესაძლოა მომდინარეობდეს ლაზური სიტყვა „კვარი“-დან, რაც ნიშნავს პურს, ან ქართული „კვარი“-დან, რაც ნიშნავს ფისს. სოფელში არსებული მდინარის სახელწოდებაა დაკვარღალი.[1][2]

დაკვარა მდებარეობს კლარჯეთში, რომელიც შუა საუკუნეებში შეადგენდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს. ოსმალებმა ეს რეგიონი ქართველებისგან დაიპყრეს XVI საუკუნის პირველ ნახევარში.

დაკვარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიეკუთვნებოდა ტრაპიზონის პროვინციის ოთხი სანჯაყიდან ერთ-ერთს, ლაზისტანის სანჯაყის ხოფის რაიონს. 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში დაკვარა აღრიცხულია როგორც სოფელი, სადაც ცხოვრობდა 197 ადამიანი 47 ოჯახში. წელიწდეულში ასევე აღნიშნულია სოფელში არსებული დასაბეგრი პირუტყვი: 200 ცხვარი და თხა, 10 ცხენი, 75 ძროხა და 6 ხარი.[3]

დაკვარა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1878 წელს ხელმოწერილი ბერლინის ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთის სახელმწიფომ რუსეთს გადასცა. რუსული მმართველობის ქვეშ, ბათუმის სანჯაყის გონიოს რაიონში შემავალი დაკვარას მოსახლეობა შედგებოდა 46 ადამიანისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ 12 ოჯახში - 21 კაცი და 25 ქალი. ამ რაიონს დაქვემდებარებული ბორჩხის თემი მოიცავდა მხოლოდ ბორჩხასა და დაკვარას. დაკვარას მოსახლეობა რუსული ადმინისტრაციის მიერ აღრიცხული იყო სახელწოდებით „აჭარლები“.[4]

ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ რუსული მმართველობის დროს სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. ქართველმა მკვლევარმა ზაქარია ჭიჭინაძემ ლაზეთის სოფლებს შორის დასახელებული დაკვარას მოსახლეობა 1892 წელს 5 ოჯახად მოიხსენია, აღნიშნავდა რა, რომ ადრე სოფლის მოსახლეობა უფრო მეტი იყო, მაგრამ რუსული მმართველობის დროს მათი უმეტესობა გადასახლდა ლაზისტანის რეგიონის ოსმალეთის მხარეს.[5]

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, რუსების ართვინის სანჯაყიდან გასვლის შემდეგ, დაკვარა საქართველოს საზღვრებში მოექცა. ეს ვითარება აღიარა საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულებით, ართვინის სანჯაყი და დაკვარა თურქეთს გადაეცა.

ართვინის ტოპონიმების ლექსიკონის მიხედვით, ამ დასახლების ქართული სახელწოდება მითითებულია როგორც ვაკურა.[6] 1922 წლის მოსახლეობის აღწერაში ნახსენებია არა დაკვარა, არამედ ვაკურა. ამ დროს სოფელში დარჩენილი იყო მხოლოდ 20 ადამიანი 5 ოჯახში - 10 ქალი და 10 კაცი. თუმცა, ამ რეესტრში სოფლის მოსახლეობა აღრიცხულია როგორც ლაზები. ვინაიდან ვაკურა არ იყო თურქული, სოფლის სახელი 1925 წელს შეიცვალა ქუჩუქქოით. 1926 წლის აღრიცხვის მიხედვით, ქუჩუქქოის მოსახლეობა შედგებოდა 66 ადამიანისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ 6 ოჯახში - 36 კაცი და 30 ქალი. 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ეს დასახლება მოხსენიებულია როგორც ქუჩუქქოი.[7] თუმცა, შემდგომ ჩანაწერებში ქუჩუქქოი ცალკე სოფლად აღარ მოიხსენიება. ჩანს, რომ ამ თარიღიდან მოკლე დროში ის როგორც უბანი, ბორჩხას შეუერთდა. 2019 წელს ქუჩუქქოის უბანში 863 ადამიანი ცხოვრობდა.

  1. ↑ ღალი - Lazca Sözlük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020. ციტირების თარიღი: 3 Ekim 2022.
  2. ↑ კვარი - დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 Kasım 2020. ციტირების თარიღი: 5 Eylül 2023.
  3. ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 366-367, ISBN 9789157871117.
  4. ↑ Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, "Batum oblastı" - 1212.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Aralık 2021. ციტირების თარიღი: 3 Ekim 2022.
  5. ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan'daki Köyleri (Gürcüce), 1913, Tiflis, s. 253.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 Ocak 2024. ციტირების თარიღი: 17 Ocak 2024.
  6. ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 263, ISBN 978-605-5708-85-6.
  7. ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 79.