შინაარსზე გადასვლა

დაინ II რკინისტერფი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაინ II
სხვა სახელები რკინისტერფი,
მთისქვეშეთის მეფე,
დურინის საგვარეულოს მეფე
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჯუჯა
ნაწარმოები ჰობიტში
ბეჭდების მბრძანებელი
დაუსრულებელი თხზულებები

დაინ II (რკინისტერფი) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ერებორის სამეფოს მეფე ბეჭდის ომის პერიოდში, დაბადებული მესამე ეპოქის 2767 წელს, წარმომავლობით დურინის საგვარეულოდან, ნაინის ძე და გრორის შვილიშვილი.

2799 წელს დაინის მამა ნაინი მოკლული იქნა ორკ აზოგის მიერ. დაინი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, შური იძია, აზოგის თავის წითელი ცულით მოკვეთით[1]. დაინმა დაადგინა, რომ ბალროგი ჯერ კიდევ ცხოვრობდა მორიაში, ამიტომ მოშორდა მის კარიბჭეს და ბიძაშვილი თრაინი გააფრთხილა, რომ ჯუჯების მორიაში დაბრუნების ჟამი ჯერ არ მოსულა.

დაინი დაუბრუნდა რკინის მთებს, სადაც ჯუჯების ბელადად იქნა არჩეული. მისი ხალხი სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებდა, მათ შორის - ფეხების დამცავ გამძლე საფარს, რომლის საიდუმლოსაც მხოლოდ თავად ფლობდა.

2941 წელს დაინი, თორინ მუხისფარის თხოვნით, 500 ჯუჯიან ჯართან ერთად მარტოსულ მთასთან მივიდა და კინაღამ ჯუჯათა და ადამიანთა/ელფთა შორის ბრძოლაში ჩაება. თუმცა, ჯადოსან განდალფის გაფრთხილების შემდეგ, მტრის გამოჩენისთანავე, სამივე ლაშქარმა ერთიანად შეუტია ორკებსა და ვარგებს. ეს იყო ხუთი ლაშქრის ბრძოლა.

თორინ მუხისფარი მოკლული იქნა ამ ბრძოლაში და დაინი მთისქვეშეთის სამეფოს მმართველად აირჩიეს. არწივთა მეფეს, განსაკუთრებული წვლილისათვის მან გადასცა ოქროს გვირგვინი. მან სამართლიანად გადაანაწილა ჯუჯათა განძი, რომლის ნაწილი მშვილდოსან ბარდსა და მის ხალხს ერგოთ. მან დაუბრუნა გირიონის კუთვნილი ზურმუხტები ბარდს, ხოლო ბილბოს უსაჩუქრა ვერცხლისა და მარგალიტის ყელსაკიდი. ორივემ ეს საჩუქრები მეფე თრანდუილს გადასცა.

დაინის მფლობელობისას ჯუჯები ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ გავიდა წლები და ბალინმა, 2989 წელს გადაწყვიტაჯუჯების მორიაში წაყვანა (თუმცა კი დაინი უარზე იყო). 3017 წელს მორდორიდან მათ ეწვია საურონის მაცნე, რომელმაც შესთავაზა ჯუჯათა შვიდი ბეჭდის დაბრუნება ბილბოს კუთვნილი ბეჭდის სანაცვლოდ. დაინმა იგი უპასუხოდ გაისტუმრა, მაგრამ ცხენოსანი დაბრუნდა ორჯერ და გააფრთხილა, რომ 3018 წლის ბოლომდე პასუხის ელოდა. დაინის ბრძანებით გლოინი და მისი ვაჟი გიმლი შუაველს გაემგზავრნენ, რათა ბილბოს შეხვედროდნენ და ელრონდის რჩევაც მოესმინათ.

3019 წლის მარტში სამხრეთელთა ჯარმა, რომელიც საურონის მხარეს იყო, მარტოსული მთა და ველი დალაშქრა. დაინი და მეფე ბრანდი, მშვილდოსან ბარდის ვაჟი, მიუძღოდნენ თავის ხალხს ველის ბრძოლაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა. 17 მარტს ბრანდი მოკლული იქნა, ხოლო დაინი მის გვამთან იდგა და ცულს მანამდე იქნევდა, სანამ მას იგივე ბედი არ ეწია.ჯუჯები და ველის ადამიანები შეეფარნენ მარტოსულ მთას მანამ, სანამ არ მიუვიდათ ხმები სამხრეთში გამარჯვების შესახებ. ამან საშუალება მისცა, გაედევნათ სამხრეთელები.მთისქვეშეთის სამეფოს შემდეგ მმართველად დაინის ვაჟი თორინ ქვისმუზარადი აირჩიეს.

დაინს უწოდებდნენ „დაინ რკინისტერფს“, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რკინის მთების ჯუჯები რკინის ფეხსაცმლებს ატარებდნენ. მას აგრეთვე ეწოდა დაინ II, ვინაიდან მას ასევე ჰყავდა წინაპარი დაინ I. დაინი მთისქვეშეთის სამეფოს მმართველის სახელითაც იყო ცნობილი, ვინაიდან მარტოსული მთის სამეფო ააღორძინა და მის მეფედ იქნა არჩეული. იგი აგრეთვე მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან და ცნობილი იყო დურინის ხალხის მეფის სახელით.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი „ჰობიტში“ არ ჩნდება, იგი მონაწილეობს პიტერ ჯექსონის ტრილოგიის „ჰობიტი“ მესამე ფილმში „ხუთი ლაშქრის ბრძოლა“. ჯუჯის როლს განასახიერებს მსახიობი ბილი კონოლი. [2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tolkien, The Peoples of Middle Earth, p. 284.
  2. Billy Connolly joins Hobbit cast. ONE News (9 February 2012).