დაიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაიკონი
Daikon, Nara Prefecture, Japan.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  კომბოსტოსნაირნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  ბოლოკი
სახეობა:  ბოლოკურა
ქვესახეობა:  ბოლოკი
რანგის გარეშე:  დაიკონი
ლათინური სახელი
Raphanus sativus subsp. acanthiformis 
(Blanch.) Stank., 1985
სინონიმები

დაიკონი (ლათ. Raphanus sativus subsp. acanthiformis) — მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახის ბოლოკის გვარისა, ძირხვენა ბოსტნეული კულტურა. წარმოშობილია ჩინეთში, ველური სახით არ გვხვდება. ერთ- ან ორწლოვანი მცენარეებია, აქვთ 5–40 გრძელი და ფართო დანაკვთული ფოთლისაგან შემდგარი როზეტი და ძირხვენა, რომლის სიდიდე, ფორმა (მრგვალი, ცილინდრული, კონუსისებრი და სხვ.) და ფერი (თეთრი ან წითელი) დამოკიდებულია ჯიშზე. ყველაზე მეტად გავრცელდა იაპონიაში, სადაც ზრდიან საგაზაფხულო-საზაფხულო (ერთწლოვანი მცენარეები 1,0 კგ-მდე მასის ძირხვენით, რომელიც 40–60 დღეში ყალიბდება) და საშემოდგომო-საზამთრო ჯიშებს (ორწლოვანი მცენარეები 16 კგ-მდე მასისა და 1,2 მ-მდე სიგრძის ძირხვენით). დაიკონის ძირხვენა დიეტური პროდუქტია, აქვს სასიამოვნო გემო სიმწრის გარეშე; შეიცავს ცილებს, ვიტამინებს (С, B1, В2, РР, K) და სხვ. იყენებენ ნედლი, დამწნილებული, გამომშრალი და მოხარშული სახით. იაპონიის გარდა, დაიკონს ზრდიან ჩინეთში, კორეაში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში. ამუშავებენ როგორც ერთწლოვან კულტურას (თესლის მიღებისათვის — როგორც ორწლოვანს). მოჰყავთ საადრეო და საშუალო სიმწიფის ჯიშები. საადრეოები გამოირჩევიან პატარა ძირხვენით (0,5–1,0 კგ) და მოკლე ვეგეტატიური პერიოდით (40–80 დღე); აპრილის ბოლოდან თესენ 2–3-ჯერ. საშუალო სიმწიფის დაიკონებს (დაახლ. 120-დღიანი ვეგეტატიური პერიოდით) უფრო დიდი ძირხვენები აქვთ (მასით 3 კგ-მდე, სიგრძით 0,5 მ-მდე). თესვის ოპტიმალური დროა 10–15 ივლისი. მოჰყავთ ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგზე, სადაც ღრმადაა განლაგებული გრუნტის წყლები. მოვლა მოიცავს მავნებლებთან ბრძოლას, ნიადაგის გაფხვიერებას, მორწყვასა და გამარგვლას. მოსავლიანობა 70-მდე /ჰა. მავნებლები: ჯვაროსნების რწყილი, კომბოსტოს ბუზი. დაავადებები: ცრუ ფქვილოვანი ცვარი, თეთრი სიდამპლე, ალტერნარიოზი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пивоваров В. Ф. Овощи России. М., 2004;
  • Куленкамп А. Ю. ДАЙКОН // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 243.