დათუნა ქსნის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დათუნა (დავით) ქსნის ერისთავი)

დათუნა (დავით) ქსნის ერისთავი (გ. 1717) — ერისთავი 1675-1696, 1700-1717, შალვა ქსნის ერისთავის ძე.

ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის ასული. 1675 წელს გიორგი XI-მ, რომელიც იმ დროს ქართლის გამგებლად იყო, გააძევა აჯანყებული იესე ქსნის ერისთავი და ერისთავად დათუნა დანიშნა. 1688 დათუნა ქსნის ერისთავი არ დაეხმარა გიორგი XI-ს აჯანყებული გიორგი არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლაში. არაგვის ერისთავი მაინც დამარცხდა და მეფის კარზე მივიდა პატიების სათხოვნელად, მაგრამ დათუნა ქსნის ერისთავის წაქეზებით მეფესთან არ შესულა, ისე გაიპარა. ქართლში ერეკლე I-ის გამეფებიდან (1688) დათუნა ქსნის ერისთავი ხან ერეკლე I-ს ემხრობოდა და ხან გიორგი XI-ს. 1696 ერეკლე I-მა დათუნა ქსნის ერისთავი გადააყენა და გიორგი XI-ის სხვა მომხრეებთან ერთად ირანში გაგზავნა. ერისთავად დათუნა ქსნის ერისთავის ბიძაშვილი დავითი დანიშნა.

1700 წელს დათუნას დედის წაქეზებით ქსნისხეველები აჯანყდნენ და დავით ქსნის ერისთავი მოკლეს. ერეკლე I-მა აჯანყება ჩააქრო, ირანიდან გამოიწვია დათუნა და კვლავ ერისთავად დასვა (1700), ვახტანგ VI-ის ქართლის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, როგორც ჩანს, დათუნა ქსნის ერისთავი ერთხანს ვახტანგის ერთგული იყო, შემდეგ მასაც გადაუდგა და გიორგი არაგვის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იესე მეფედ დანიშვნა სთხოვა. იესეს მეფობაში (1714-1716) იგი ქართლის მეფის სახლთუხუცესი იყო. 1717 წელს მეფე ბაქარმა სახლთუხუცესობა ჩამოართვა. დათუნა ქსნის ერისთავი მეფეს გადაუდგა. ბაქარმა თავისი ძმა ვახუშტი ბატონიშვილი გაგზავნა ჯარით დათუნას წინააღმდეგ, მაგრამ ერისთავის ბრძოლის დაწყებამდე გარდაიცვალა, მისი შვილები გადაიხვეწნენ, ვახუშტიმ ქსნის საერისთავო დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]