დათუნაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დათუნაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 500 მეტრზე, კურორტ „უჯარმისკენ“ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს გზიდან ოცდაათიოდე მეტრზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8,22x7,32 მეტრი). საშენი მასალა ორგვარია: რიყის წვრილი ქვა და კვადრატული აგური. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. არქიტექტურული ელემენტები და კონსტრაქტული ნაწილები გამოყვანილია აგურით. გარდა ამისა, აგური გარეთა კუთხეების და აქა-იქ კედლების წყობაშიცაა გამოყენებული. კედლების ზედაპირი, შიგნიდან და გარედან. გასწორებულია კირის სქელი დუღაბით, რომელიც საპირე ქვების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, გარეთა კედლებს ზედა ნაწილები და ლავგარდანი მონგრეული აქვს, დასავლეთ კედელია შუაში მთელ სიმაღლეზე გახეთქილია, დარბაზულია გრძივი კედლები, ინტერიერში ერია კამარის ნანგრევები. შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი შეისრულია. შიგნიდან ორივე ხის ძელებით თარაზულად იყო გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ღერძზე შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში შესასვლელის ზემოთ. აფსიდის გვერდებში თითო, ღრმა გეგმით ნახევარწრიული საშუალო სიმაღლის ნიშაა. ორივე ნიშა რიყის ქვითაა ნაწყობი. მათგან ჩრდილოეთისა ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, სამხრეთისა კი შეისრულთაღოვანია. აფსიდი გადახურულია მთლიანად აგურით გამოყვანილი, წესიერი ფორმის კონქით (ცენტრალური ნაწილი ჩამონგრეულია). გრძივი კედლების შუაში აგურით ნაწყობი. თითო შეკიდული პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი (შემორჩენილია თაღის ორივე ქუსლი). პილასტრები კაპიტელის გარეშეა. მათი წინა სიბრტყე, ჩვეულებისამებრ, ერთიანი კი არ არის, არამედ სამ ნაწილადაა დანაწევრებული, რომლებიც ერთიმეორის მიმართ დაახლოებით ათ-ათი სანტიმეტრითაა წინ წამოწეული, რის გამოც პილასტრები ზემოთკენ თანდათან სქელდება. პილასტრები დასავლეთ კუთხეებშიცაა. ეს უკანასკნელი შეკიდული პილასტრებისგან განსხავებით ძირითადად რიყის ქვითაა ნაწყობი. ორივე მტელ სიმაღლეზე ერთიანია და იატაკის დონიდან იწყება.

დარბაზის კამარისგან მხოლოდ გვერდებიღაა დარჩენილი. კამარა რიყის ქვითა და აგურითაა გამოყვანილი - ქვა თანაბარი ზომისაა და მოქცეულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებულ ორრიგად ნაწყობი აგურით გამოყვანილ თარაზულ ზოლებს შორის. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ნალესობის ფრაგმენტები მხოლოდ აფსიდშია შემორჩენილი.

ეკლესიის ფასადები სადაა. დასავლეთ ფასადის შუაში მაღალი შეისრული თაღით დასრულებული შეღრმავებული არეა რომლის გვერდები და თაღი აგურითაა ნაწყობი. სიმაღლეში იგი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ქვედა ნახევარი შესასვლელს უჭირავს ზედა ნახევარი ყრუა და ქვედასთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო ღრმაა. კარის ღიობი აგურითაა გამოყვანილი. თაღის ირგვლივ დარჩენილი არე კი აგურის ფიგურული წყობითაა შევსებული (თაღის და არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია). მხატვრული გამომსახველობის გაზრდის მიზნით, საკუთვრივ თაღზე და მის ირგვლივ არსებულ არეზე. წითელი საღებავით აგურის წყობის იმიტაციაა გამოსახული რაც შეკიდული პილასტრების ფორმასთან ერთად ეკლესიას ერთგვარ თავისებურებას ანიჭებს. სამხრეთ შესასვლეიც კედლის საფეხურით შეღრმავებულ, შეისრულთაროვან არეშია ჩასმული, რომელიც შესასვლელის ფორმას იმეორებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]