შინაარსზე გადასვლა

დაზგური ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაზგური ხელოვნება — ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ ფერწერის, ქანდაკებისა და გრაფიკის დამოუკიდებელი ხასიათის ნაწარმოებებს, რომლებიც განკუთვნილი არაა კონკრეტული ადგილისათვის, როგორც მაგ., ფრესკა, შენობის რელიეფი, ქალაქის ძეგლი, წიგნის ილუსტრაცია და სხვა.

დაზგური ხელოვნების ნაწარმოების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანით მისი მხატვრულ-იდეური გამომხატველობა არ იცვლება. ტერმინი „დაზგური ხელოვნება“ წარმოდგება სიტყვისაგან „დაზგა“, რომელზეც იქმნება დამუშევარი. მაგ., ფერწერაში დაზგაა მოლბერტი. ევროპაში დაზგური ხელოვნება გავრცელდა აღორძინების ეპოქაში. განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში.

საქართველოში დაზგური ფერწერის ფორმები ჩაისახა XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც შეიქმნა მეფის ოჯახის წევრთა და დიდებულთა, აგრეთვე თბილისის მოქალაქეთა პორტრეტები. XIX საუკუნის II ნახევრიდან განვითარდა დაზგური ფერწერის ყველა ჟანრი: პორტრეტი, ყოფითი ჟანრი, ნატურმორტი, ისტორიულ-ბატალური ჟანრი და სხვ. პირველი პროფესიონალი მხატვრები, რომლებიც მუშაობდნენ დაზგურ ფერწერაში, იყვნენ გიორგი მაისურაძე, რომანოზ გველესიანი, ალექსანდრე ბერიძე, გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, მოსე თოიძე. დაზგური ქანდაკება, იაკობ ნიკოლაძის ძალისხმევით, ვითარდება XX საუკუნის დასაწყისიდან, დაზგური გრაფიკა კი — XX საუკუნის 10-იანი წლებიდან. მისი საწყისები უკავშირდება გიორგი ტატიშვილის, ა. ბერიძის, გ. გაბაშვილის, მ. თოიძისა და სხვათა სახელებს.

  • ქართული საბჭოთა სახვითი ხელოვნება, თბ., 1973;