დავით ხარისჭირაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ხარისჭირაშვილი (დ. 1905, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1942) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავითი დაიბადა თბილისში 1905 წელს. მისი ახალგაზრდული იდეალიზმი ვერ შეეგუა საბჭოთა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და იგი ჭაბუკობიდანვე ჩაება სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 1927 წელს დავით ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. დასახლდა საფრანგეთში, პარიზში. მუშაობდა სოშო-ოდენკურ პეჟოს ქარხანაში. აქტიურად ჩაება ქართველ ემიგრანტთა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

ემიგრაციაში დაარსებულმა საქველმოქმედო და კულტურულმა ორგანიზაციებმა უდიდესი როლი შეასრულეს ემიგრაციის კონსოლიდაციისა და ახალი თაობისათვის ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ტრადიციების შესწავლაში. ქართულ ენას ბავშვები ძირითადად ოჯახებში სწავლობდნენ. განსაკუთრებით რთული იყო ენისა და მენტალიტეტის შენარჩუნება მათთვის, ვისაც დედა არაქართველი ჰყავდა. პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის დასაძლევად 1930 წლის ივლისში გადაიდგა, როცა კათოლიკური საზოგადოების ინიციატივით პარიზში კათოლიკური ბიბლიოთეკის შენობაში ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა. მომდევნო ნაბიჯი სახელმძღვანელოს გამოცემა იყო. 1931 წლის სექტემბერში მესტამბე დავით ხელაძემ იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“ დაბეჭდა. 1932 წლის თებერვალში პარიზის ქართულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული ენის კურსები, სადაც ბავშვებს დავით ხარისჭირაშვილი კვირაში ორჯერ უფასოდ ამეცადინებდა. თავდაპირველად მშობლები პასიურობდნენ და კურსებზე ცოტა ბავშვი მივიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა 1932 წლის ივლისში ჩატარებულ ბავშვთა დღეზე გამოჩნდა, რომ დავით ხარისჭირაშვილის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, დაუკრეს პიანინოზე და ვიოლინოზე, იცეკვეს, იმღერეს, ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ლატარია გაითამაშეს.

გარდა ამისა ემიგრაციაში ხშირად აღნიშნავდნენ საიუბილეო თარიღებს, აწყობდნენ ქართველ მწერალ კლასიკოსთა ხსოვნის დღეებს. დავითი ამ ღონისძიებებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. დავით ხარისჭირაშვილმა ემიგრაციაში სამედიცინო განათლებაც მიიღო. ევროპული კულტურისადმი ცხოველმა ინტერესმაც ერთგვარად შეუმსუბუქა დევნილის ეკლიანი გზა. დაოჯახდა, ცოლად შეირთო თამარ ჯაველიძე. 1938 წელს ვაჟიც შეეძინა. ფრანგულ ჯარში პატივს სცემდნენ. თითქოს ყველაფერი დალაგდა მის ცხოვრებაში, მაგრამ მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სისხლიანი რეპრესიების სურათი არ ასვენებდა. სწორედ ამან განაპირობა 1941 წელს მისი არჩევანი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქართველ ემიგრანტთა ნაწილი გერმანულ არმიაში გაწევრიანდა. მათ სწამდათ, რომ ბოლშევიკური რუსეთის დამარცხება მხოლოდ ნაცისტურ გერმანიას შეეძლო. შეიქმნა დივერსიული ჯგუფები, რომელთა ამოცანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად შემოღწევა, რათა მოსახლეობისთვის განემარტათ ვერმახტის ქართული ლეგიონების საბოლოო მიზანი – საქართველოს გამოხსნა საბჭოთა იმპერიის ბრჭყალებიდან. დავით ხარისჭირაშვილი ერთ–ერთი დივერსიული ჯგუფის „თამარ I“-ის წევრი გახდა. ჯგუფმა საქართველოში შემოსვლა მოახერხა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა უშიშროებამ მათ ადგილსამყოფელს მიაგნო. ვერმახტის ეფრეიტორი დავით ხარისჭირაშვილი 1942 წლის 17 დეკემბერს ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სუკ-ის რაზმთან შეტაკებისას ალყაში მოექცა და უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დავით ხარისჭირაშვილის ვაჟი ვასილ კარისტი ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლაძე, ფრანსუაზ. ქართველი ლტოლვილები ვერმახტში // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. თბ., 2009. გვ. 114-126
  • გოგიშვილი, კახა. "თამარ I"-ის ჩამოცვენილი არწივები / კახა გოგიშვილი // ქართული / გერმანიის ქართული სათვისტომო. თბ., 2012. გვ. 16-22
  • ცომაია, გიორგი. პირველი ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმი / გიორგი ცომაია // არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. - თბ., 2012. გვ. 36-38.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]