დავით ულუს აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით VII ულუს აჯანყება
საქართველოს ანტიმონღოლური აჯანყებების ნაწილი
თარიღი 1260[1]
მდებარეობა აღმოსავლეთი საქართველო
მიზეზი მონღოლთა ბატონობის გადაგდება
Casus belli მონღოლ მოხელეთა, ძირითადად გადასახადების ამკრეფთა თვითნებობა და უსამართლობა
შედეგი აჯანყების ჩახშობა
მხარეები
საქართველოს სამეფო (მხოლოდ აღმოსავლეთი) მონღოლთა იმპერია
მეთაურები
დავით VII ულუ

სარგის ჯაყელი

არღუნ-აღა
ძალები
დაახლ. 8000[2][3][4] 20 000 მონღოლი და ერაყელი[3][4]
დანაკარგები
მძიმე[5] მძიმე[2]

დავით VII ულუს აჯანყებასაქართველოს მეფის აჯანყება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა 1260 წელს. საბოლოოდ აჯანყებულები დამარცხდნენ და 1262 წელს გაემგზავრნენ ურდოში, რათა პატიება ეთხოვათ.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მულჰიდების სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ჰულაგუ-ყაენმა გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოც დაემორჩილებინა და დაეხარკა. 1259 წლის ზაფხულში დავით ნარინის წინააღმდეგ დიდი ჯარი გამოგზავნა, რომელიც მონღოლი და მუსლიმი მოლაშქრეებისგან შედგებოდა. აქვე გაემართა თავისი ჯარით არღუნ ამირაც (არღუნ-აღა). მათ შესახვედრად დასავლეთ საქართველოს ჯარით გადმოვიდა დავით ნარინი. ბრძოლა უკომპრომისო და სასტიკი იყო. ორივე მხარემ დიდი ზარალი განიცადა. საბოლოოდ მონღოლებმა ვერ შეძლეს დასავლეთ საქართველოში გადასვლა. არღუნი იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო და არღუნ-ყაენს ხლებოდა თავრიზში. მან ყაენს მოახსენა აქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ახალი დამხმარე ძალები ითხოვა. ილხანმა ბრძანება გასცა შეეკრიბათ ლაშქარი როგორც მონღოლთაგან, ისე ერაყიდან და საქართველოს დამორჩილებული ნაწილიდან. ქართველ დიდებულებს და დავით ულუს ებრძანათ თავიანთი ლაშქრით გადმოსულიყვნენ არღუნ-ყაენის დროშის ქვეშ. მაგრამ საქართველოში ჩამოსულ არღუნ-აღას დავით ულუც აჯანყებული დახვდა.[6]

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ულუს განდგომა და აჯანყება იმანაც გააბედინა, რომ სწორედ ამ ხანებში დავით ნარინმა ფაქტობრივად შეძლო მონღოლების დამარცხება. როგორც ჩანს, მონღოლები ითვალისწინებდნენ დავით ულუს შესაძლო შეყოყმანებას დავით ნარინის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ამიტომ მათ ოფიციალურად მოსთხოვეს ჯარის გამოყვანა, თითქოსდა ეგვიპტეში გასალაშქრებლად.

დავით ულუმ წინასწარ თადარიგი დაიჭირა. მან თავისი მეუღლე — დედოფალი გვანცა და ახალ შეძენილი ვაჟი, დიმიტრი ბიჯნისის ციხეში შეაფარა, თვითონ კი ქართველთა ლაშქრით ჯავახეთისკენ გაემართა. აქ მან მოიწვია დიდებულთა თათბირი და შეკრებილთ აცნობა თავისი გადაწყვეტილება, რომ მონღოლებს აღარ დაემორჩილებოდა. მან დიდებულებს თავისუფალი მოქმედების უფლება მისცა. სხვანაირად მას, ალბათ არც შეეძლო.[6] ქართველ დიდებუთლთა ნაწილი მონღოლების სამსახურში იყო ჩამდგარი და მედროვეობის გზას ადგა. მათ მიმართ ულუ დავითს არავითარი ძალა არ გააჩნდა. ურჩ და მეფის მიერ შერისხულ დიდებულებს მონღოლები მფარველობდნენ ხოლმე და საქართველოს მეფეს მათი დასჯის ან გადაყენების საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ სწერს მატიანე, რომ მეფემ „ვერ სცვალნა ერისთავნი შიშისთვის მონღოლთა“, ამდენად დიდებულთა ნაწილი აჯანყების მომხრე ვერ იქნებოდა და მეფეს მათი იძულების საშუალება არც გააჩნდა. დავითის მოწოდებას მონღოლთა წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ დიდ ფეოდალთაგან მხოლოდ სამცხის მთავარმა, სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი.[2]

ქვიშხეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ულუს და სარგის ჯაყელს მხოლოდ 8000-იანი ლაშქარი ჰყავდათ. მეფემ მხედართმთავრობა სარგის ჯაყელს დაავალა.

ზამთრის ყინვიანი დეკემბრის თვე იდგა. მტრის დანახვისთანავე ქართველები საბრძოლველად განეწყვნენ და „მყის ზედამიეტევნეს“. ქართველთა 1500 ცხენოსანმა დაამარცხა არღუნის 6000-იანი მეწინავე ლაშქარი.[3] მათი შეტევა ისეთი ძლიერი და ფიცხი იყო, რომ თათრებმა ვერ გაუძლეს და ოტებულნი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. მონღოლთა ამ რაზმიდან მცირეოდენიღა გადარჩნენ. გაქცეულებმა არღუნის ძირითად ბანაკს მიაშურეს და „შეიხვეწნენ რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა“. გამარჯვებული ქართველთა მეწინავენი თავიანთ ბანაკში დაბრუნდნენ და სარგის ჯაყელს მონღოლთა დამარცხების ამბავი მიუტანეს.[2]

ამ წარმატებით გამხნევებულმა ქართველთა სარდლობამ დაუყოვნებლივ მტრის ძირითად ძალაზე შეტევა გადაწყვიტა და მტკვარის ვიწროებიდან გამოვიდა. ეს ალბათ შეცდომა იყო, რადგან მონღოლთა უფრო მრავალრიცხოვან მხედრობასთან ქართველებს მტკვრის ვიწროებში უფრო გაუადვილდებოდათ შებრძოლება და უკეთესი იქნებოდა თვითონ იქ დაეცადათ და მტრის შემოტევას დალოდებოდნენ. მაგრამ გამარჯვებით გალაღებული ქართველები დაუყოვნებლივ შეტევას ეშურებოდნენ.[2] არღუნი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მის ლაშქარში მყოფმა ქართველებმა შეაკავეს.[3]

ბრძოლა დაიწყო მესხთა შეტევით. თვითონ „სარგის ჯაყელი უპირველეს ყოველთასა, მიუხდა რაზმსა და უმხნესი მათი, ჩინ-ბაადური, ჰოროლითი ცხენისაგან ქუეყანად დასცა“ — გადმოსცემს მემატიანე. როგორც ჩანს ჯარს თვითონ სარგისი ედგა. გაიმართა სასტიკი ბრძოლა („იქმნა ძლიერი ომი“). არღუნის ლაშქრიდან ბევრი დაიღუპა. ბოლოს მონღოლებმა ვეღარ გაუძლეს მეფის ჯარის შემოტევას და ბრძოლის ველიდან უკუიქცნენ. აქ კი მათ თავიანთი ჩვეული ხერხი გამოიყენეს:

ვიკიციტატა
„ვითა არს ჩვეულება თათართა ლტოლვა და გარე უკუქცევა, ანაზდად გარე უკუნიაქცეს.“

თათართა ამ მანევრმა გაჭრა — მტერს დადევნებული და გაფანტული („მიმოდაბნეული“) ქართველთა ჯარი შემობრუნებულმა და ჩასაფრებულმა მონღოლებმა შუაში მოიქციეს და სასტიკად დაამარცხეს.[2] როგორც ჟამთააღმწერელი აგვიწერს:

ვიკიციტატა
„სულთამოკლექმნილნი სპანი მეფისანი ილტვოდეს მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისროდეს… უწყალოდ ხოცდეს, და მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა.“

ქართველთა ჯარიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა. დავით ულუ და სარგის ჯაყელი შერჩენილი ჯარით სამცხეში გადავიდნენ. არღუნმა ქართველთა მეფის დადევნება ვერ გაბედა. მისი ზარალიც საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ იგი უკან, ურდოში გაბრუნდა.[5]

შემდგომი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო, 1261 წელს არღუნი ახალი ჯარით შემოვიდა საქართველოში და სამცხეს შეესია. სამცხეს რბევა ოც დღეს გაგრძელდა, მაგრამ მთავარი ციხესიმაგრე — ციხისჯვარი მონღოლებმა მაინც ვერ აიღეს. სამცხის მორბევის შემდეგ, 1261 წლის ივნისში არღუნი უკან გაბრუნდა. მან თავის მიზანს ვერც ამჯერად მიაღწია. მონღოლებმა ჯავრი ტყვეებზე იყარეს. დედოფალი გვანცა სიკვდილით დასაჯეს, ასევე მოკლეს მათთან ტყვედ მყოფი ამირსპასალარი ზაქარია, რომელსაც აჯანყებულებთან საიდუმლო ურთიერთობა შეუტყვეს. დავით ულუ და სარგის ჯაყელი დარწმუნდნენ, რომ მათი სამცხეში დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება უიმედო იყო, ამავე დროს მონღოლთა შემოსვლით ქვეყანა სასტიკად ირბეოდა, ამიტომ გადაწყვიტეს დასავლეთ საქართველოში გადასულიყვნენ.[5]

1262 წელს დავით ულუ სარგის ჯაყელთან ერთად გაემგზავრა ყაენთან, რათა პატიება ეთხოვნა. ჰულაგუ-ყაენმა დავითის აჯანყების სასამართლო გამოძიება დაიწყო.[7] სადუნ მანკაბერდელის რჩევით, სარგის ჯაყელმა მიზეზი შემდეგნაირად წარმოაჩინა: მონღოლი მოხელენი, მეტადრე კი გადასახადების ამკრებნი, საქართველოში დიდ უსამართლობას სჩადიოდნენ, ისინი ატყუებდნენ თვით ყაენსაც. საქართველოს მხარეს მონღოლთა მოხელეების ამ უსამართლო მოქმედებისგან თავდაცვის არავითარი საშუალება არ გააჩნდა, რადგან მათ ქრთამით ჰქონდათ შეკრული ყაენის კარი და საჩივარი ყაენის ყურამდე ვერ აღწევდა. ამის გამო თითქოს სხვა გზა, გარდა აჯანყებისა, არ არსებობდა რომ ყაენს მათთვის ყურადღება მიექცია. ჰულაგუმ ეს დაიჯერა. ამავე დროს მას აცნობეს, რომ ჩრდილოეთიდან ოქროს ურდოს ლაშქარი, თვით ბერქა ყაენის მეთაურობით ილხანთა სამფლობელოებისაკენ მოემართებოდა. ჰულაგუ-ყაენმა შეწყვიტა სასამართლო გამოძიება და დავით ულუს უბრძანა სასწრაფოდ შეეკრიბა ქართველთა ლაშქარი და თავისი ლაშქრით მასთან გამოცხადებულიყო.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-586-0. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]