შინაარსზე გადასვლა

დავით იოსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.

დავით გიორგის ძე იოსელიანი (დ. 30 აგვისტო [ ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1894, სოფელი ქვემო ხვედურეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 1968, თბილისი) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1942).

დაიბადა 1894 წლის 30 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ქვემო ხვედურეთში. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1917 წელს დაამთავრა ქ. პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1918 წელს დაინიშნა ორდინატორად ქ.თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა ქ.თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე ასისტენტად.

1928-1929 წლებში მივლინებულ იქნა ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. 1931 წელს აირჩიეს ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიის დოცენტურის გამგედ. 1934-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ქ.თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას, ხოლო 1941-1947 წლებში იყო ამ საავადმყოფოს დირექტორი. 1936 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1937 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგედ. ამავე წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1934-1947 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. 1940 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. 1947 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ.

გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.

მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, დაჯილდოებულია ლენინის და შრომის წითელი დროშის ორდენებით და აგრეთვე სხვა მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 188, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]