დავით აღმაშენებლის ანდერძი გელათისადმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით აღმაშენებლის ანდერძი გელათისადმი — ძველი ქართული დიპლომატიკური ძეგლი.

ანდერძი დაუთარიღებელია. სავარაუდოდ შექმნილია 1125 წლის მომდევნო წლებით (ნ. შოშიაშვილი, ვ. სილოგავა, თ. ენუქიძე). დოკუმენტის მიხედვით, იგი დაწერილია საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის ბრძანებით მეფის მოძღვრის — არსენის მიერ დავითის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა არსენ ბერი საბუთის შემდგენლად მოხსენიებულია მხოლოდ სათაურში, ხოლო სათაური გვიანდელია. ანდერძის შემდგენლად ტექსტში მოხსენიებულია მეფის „მლოცველი ბერი“, რომლიც ვინაობაც უცნობია.

ანდერძით დავით აღმაშენებელი თავის ძეს დემეტრეს ტახტის მემკვიდრედ აცხადებს და უბარებს რიგი საქმეების აღსრულებას. საქმე ეხება თავისი ოჯახის, დედოფლის და შვილების პატრონობას, გელათისა და იქ არსებული საგვარეულო საძვალის კურთხევას. ამავე დროს მეფე თავის მემკვიდრეს ანდერძად უბარებს სხვა მონასტრებისა და მამულებისათვის სამეფო ხაზინიდან შესაწირავების გაცემას. დავითი თავის ანდერძში უფალს შესთხოვს მიწიერი ცოდვების მონანიებას და შენდობას, ხოლო დემეტრესათვის ამ დანაბარების შესრულებაში თანადგომას სთხოვს თავის მოძღვარს არსენ ბერსა და ქართლის კათოლიკოსს.

აღნიშნული ანდერძის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, თითქოს იგი ნაყალბევია და დავით აღმაშენებლის ბრძანებით არ არის შედგენილი. ამ მოსაზრების ავტორები ძირითადად ეყრდნობიან საბუთის დასაწყის ფრაგმენტს, სადაც, მათი აზრით, ჩანს, რომ ანდერძი დაწერილია მეფის გარდაცვალების შემდეგ: „...დამიტევა მე საწუთრომან და, დამძიმებული ცოდუათა სიმრავლითა, მწუხარედ განმიყუანა წინაშე მსაჯულისა“. ამავე დროს მას არა აქვს მეფის ხელრთვა, რაც ახლავს დავით აღმაშენებლის ანდერძს შიომღვიმისადმი. ეჭვს განსაკუთრებით აძლიერებს ის გარემოება, რომ დავითი ამ ანდერძით დემეტრეს უბარებს ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლას. კერძოდ, მეფე სთხოვს შვილს, რომ „თუ ვარგ იყოს ცუატაცა შემდგომად მისსა მეფე ყოს მამულსა ზედა“. აქ ლაპარაკია დემეტრეს უმცროს ნახევარძმაზე — ვახტანგზე. ეს მემკვიდრეობის პრინციპის დარღვევა იყო, რადგან, გაბატონებული ტრადიციის მიხედვით, ტახტი გადადიოდა მამიდან უფროს ვაჟზე და არა ძმაზე. ამიტომ, ამ მოსაზრებების ავტორთა ვარაუდით ეს ანდერძი ნაყალბევია. მიუხედავად ამისა, საბუთი მაინც მნიშვნელოვანია იმ ეპოქის საქართველოს ისტორიის რიგი საკითხების შესასწავლად. ანდერძში ვხვდებით ქვეყნის პოლიტიკურ-გეოგრაფიული საზღვრების დახასიათებას: „ნიკოფსიითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“, რაც იმის მანიშნებელია, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო კავკასიური იმპერია იყო, რომლის საზღვრები თითქმის მთელ კავკასიას მოიცავდა და დავით აღმაშენებელსაც ისტორიულ წყაროებში „ზღვიდან ზღვამდე“ მპყრობელის სტატუსი ჰქონდა.

ანდერძის დედანი დაკარგულია. არსებობს XIX საუკუნის 4 პირი. არსებულ პირებზე დაყრდნობით ანდერძი გამოსცეს მ. ბროსემ, მ. საბინინმა, თ. ჟორდანიამ, დ. ბაქრაძემ, ი. დოლიძემ. ბოლოს ეს ანდერძი შევიდა „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის“ I ტომში (თბ., 1984; რედაქტორი – ნ. შოშიაშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]