დავითის ისტორიკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითის ისტორიკოსიდავით აღმაშენებლის მეფობის ამსახველი ნაწარმოების „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითის“ ავტორი, ისტორიოგრაფიაში შესულია დავითის ისტორიკოსის სახელით (მისი ვინაობა უცნობია). ნაწარმოები დაწერილია დავითის გარდაცვალების (1125 წელი) მომდევნო წლებში. ავტორის მიზანია დავითის პიროვნების სიდიადის ცხადყოფა და მეფის მოწინააღმდეგეთა („მაბრალობელთა“) არგუმენტების უარყოფა. თბილისის შესახებ იძლევა მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველ ცნობებს. აღნიშნავს, რომ დავითმა თბილისი პირველივე ბრძოლით აიღო (1122 წელი) და „დაუმკვდრა შვილთა თვსთა საჭურჭლედ და სახლად თვსად საუკუნოდ“ დავითის ისტორიკოსის თქმით, თბილისი იმთავითვე არ ყოფილა მტკიცედ შემოერთებული — „ჯერეთ არა სრულად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისა“.

იმ დროს თბილისში მძინვარებდა ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა: ...„სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და თვინიერ მიზეზისაცა მოსრნიან რაოდენნი პოვნიან ქრისტიანენი“. ამ უაღრესად საყურადღებო ცნობით ირკვევა, რომ თბილისელთა შორის ხშირი ყოფილა „ღავღავი“ (შფოთი, ამბოხი, მღელვარება), რასაც შედეგად მაჰმადიანთა მხრიდან ქრისტიანთა მოსვრა მოჰყოლია. ეს ცნობა პარალელს პოულობს ისტორიკოს ალ-ფარიკთან, რის საფუძველზეც მკვლევარებს გამოაქვთ დასკვნა, რომ თბილისში 1121 წლამდეც მიმდინარეობდა სოციალური კონფესიური ბრძოლა. ზოგის აზრით, ეს რელიგიური შუღლი არსებობდა ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ მუსლიმანურ ზედაფენასა და ქართველ ფეოდალთა შორის. რელიგიური დაპირისპირება თბილისის „დაბალი ხალხის“ მაჰმადიანურ და ქრისტიანულ ელემენტებში გამორიცხული ჩანს. ამ ცნობებზე დაყრდნობით ზოგი თბილისში საქალაქო კომუნის არსებობას ვარაუდობს (შ. მესხია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]