დავიდ დაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავიდ დაკო
დავიდ დაკო
საფოსტო მარკა დავიდ დაკოს გამოსახულებით
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აგვისტო, 1960 – 1 იანვარი, 1966
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ჟან ბედელ ბოკასა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1979 – 1 სექტემბერი, 1981
წინამორბედი ჟან ბედელ ბოკასა
მემკვიდრე ანდრე კოლინგბა

დაბადებული 24 მარტი, 1930
ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვლილი 20 ნოემბერი, 2003
იაუნდე, კამერუნი

დავიდ დაკო (ფრანგ. David Dacko; დ. 24 მარტი, 1930, ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 20 ნოემბერი, 2003, იაუნდე, კამერუნი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1960-1965 და 1979-1981 წწ.

დაიბადა მიწათმოქმედის ოჯახში. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მუშაობდა მასწავლებლად. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამაარსებლის, საკუთარი ბიძის, ბარტელემი ბოგანდას უახლოესი თანამებრძოლი, რომელსაც ამ პერიოდში ეკავა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ბოგანდას მთავრობაში 1957-1958 წწ. ეკავა სოფლის მეურნების, 1958 წელს — ადმინისტრაციულ საქმეთა, 1958-1959 წლებში — შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები. 1959 წელს ბოგანდას ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გახდა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1960 წლის 14 აგვისტოდან დამოუკიდებელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ბოკასას გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლის 1 იანვარს მისი ხელისუფლება დაამხო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, საკუთარმა ბიძაშვილმა ჟან ბედელ ბოკასამ. მისი დიქტატურის საწყის ეტაპზე დავიდ დაკო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ გაათავისუფლეს, მოახდინეს მისი რეაბილიტაცია და გახდა ბოკასას მხარდამჭერი.

პრეზიდენტობის მეორე ვადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 20 ნოემბერს, საფრანგეთის მხარდაჭერით ოპერაცია „ბარაკუდას“ შედეგად უსისხლოდ დაამხო ბოკასა და კვლავ დაიკავა რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა. სახალხო გამოსვლების გამო დაკო იძულებული გახდა დაემტკიცებინა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას (პრეზიდენტს ირჩევდნენ 6 წლით; ის ნიშნავდა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას). გამოცხადდა მრავალპარტიულობა და ადამიანის უფლებების დაცვა, შეიქმნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. 1981 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაკომ დააგროვა ხმათა 50,3% და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. არჩევნების შემდეგ დაკომ უარი თქვა დემოკრატიულ რეფორმებზე და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ოპოზიციურ პარტიებს საქმიანობა აეკრძალა, დაკოს მოწინააღმდეგე ზოგიერთი ლიდერი დააპატიმრეს და საპარლამენტო არჩევნები გაუქმდა. მაგრამ ამ ღონისძიებებმა დაკოს რეჟიმი ვერ იხსნა. 1981 წლის 1 სექტემბრის მორიგი პუტჩის შედეგად გენერალმა ანდრე კოლინგბამ დაამხო დაკოს ხელისუფლება

დაკო მონაწილეობდა 1992 და 1999 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა.

დავიდ დაკო გარდაიცვალა 2003 წლის 20 ნოემბერს, 73 წლის ასაკში, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, სადაც გადიოდა მკურნალობის კურსს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]