დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

დავათის სტელის ფრაგმენტი, ასომთავრული წარწერით.

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
დავათის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°59′29″ ჩ. გ. 44°49′14″ ა. გ. / 41.99139° ჩ. გ. 44.82056° ა. გ. / 41.99139; 44.82056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება VIII-IX საუკუნეები
დეტალები
მასალა რიყის ქვა
ღვთისმშობლის ეკლესია (2021 წ.)
ეკლესიის ხედი ჩრდილოეთიდან (2021 წ.)

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია — სამონასტრო კომპლექსი, არქიტექტურისა და არქეოლოგიის ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში. სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით, ტყით დაფარულ მთის წვერზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, ეგვტერი, ბერების საცხოვრებელი სახლი.

1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან. ამჟამად რესტავრაცია დასრულებულია და მიმდინარეობს ბერების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა[1].

ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული (დაახლოებით IV საუკუნე). იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა სამხრეთის ეგვტერით (8.3X7 მ), რომლის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ორი ფართო თაღითაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ სივრცეს ქმნის. ეგვტერი მთავარი ნავისგან ყრუ კედლითაა გამიჯნული და მას უკავშირდება ამ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ კიდეში მცირე სწორკუთხა სადგომი - სამკვეთლოა მოწყობილი, მას შესასვლელი ჩრდილოეთის ნავიდან აქვს. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი ეგვტერის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. მოგვიანებით (განვითარებულ შუა საუკუნეებში) ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, შემდგომ კი - სენაკი (3.5X3 მ) კამაროვანი აკლდამით, რომელსაც ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი დაუფარავს. ამის გამო ახალი კარი სამხრეთ ეგვტერის იმხნად განახლებულ სამხრეთ კედელში გაუჭრიათ. უფრო გვიან ამ კედლის დასავლეთით კიდეზე მიუდგამთ გეგმით კვადრატული ორსართულიანი კოშკი, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულდებდა. ამჟამად, რესტავრაციის შემდეგ, ეკლესიაში შესვლა ორი მხრიდან არის შესაძლებელი: სამხრეთ ეკვდერის დასავლეთ კედლიდან (სენაკი აღარ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ აკლდამა) და კოშკის პირველი სართულიდან.

დავათის სტელა

ეკლესია აგებულია მოზრდილი ზომის რიყის ქვის მეტ-ნაკლებად სწორხაზოვნად დაწყობილი რიგებით. გარეთა კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმელთა წირთხლები, თაღები, აფსიდის კუთხეები და ლავგარდანი ნაწყობია შირიმის სუფთად გათლილი ქვით. მთავარი ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია სამი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით მცირე კვადრატული ნიში. აფსიდის ნავის დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომელზეც დაყრდნობილი იყო შირიმით ნაწყობი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი. აფსიდის კონქი რიყის ქვითაა ნაწყობი. აფსიდს მთელ სიგრძეზე კარგად შელესილი საფეხური (სიმაღლე 35 სმ) გასდევს. საკურთხევლის შუაში შემორჩენილია შირიმის ქვისგან ნაწყობი ტრაპეზის ნაწილი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია აფსიდიდან საკმაოდ წინ წამოწეული, შირიმის თხელი ფილებით ნაგები კანკელით, რომლის თაღოვანი ნაწილი ეყრდნობა შირიმის რვაწახნაგოვან ბოძებს. კანკელის წინიდან მიდგმული აქვს შირიმის ქვაში გამოკვეთილი, კუბისებრი ფორმის ბაზისი, ჯვრის ჩასადგმელი ოთკუთხა ფოსოთი. მთავარი ნავი ჩრდილოეთის ნავთთან დაკავშირებულია კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო და მაღალი ნალისებრი თაღით. ბურჯი დაგვირგვინებულია ქვიშაქვის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) კაპიტელით. იგივე მასალისა და პროფილისაა თაღების განაპირა, კედლის სისქეში მოქცეული ორივე იმპოსტი. ბურჯის წყობაში ჩართული იყო მხატვრულად გაფორმებული და ასომთავრული წარწერით შემკული რამდენიმე ქვასვეტის ნაწილი, რომლებიც 1985 წელს, ძეგლის არქეოლოგიურად შესწავლისას, წყობიდან გამოიღეს და ამჟამად დაცულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზუმში. ბურჯის ზემოთ კედელს ასდევს შირიმის ქვით ნაწყობი ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომელსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. ერთი პილასტრია გამოყოფილი ნავის სამხრეთ კედელზეც. მის ორივე მხარეს თითო ყრუ თაღია. მათგან დასავლეთისაში, მთავარ ნავში, შესასვლელი კარია მოთავსებული. იგი ნავის მხრიდან თაღოვანია, ხოლო გარედან არქიტრავითაა გადახურული. ნავის შიდა სივრცე, აფსიდის სარკმლის გარდა, სამხრეთ კედელში მდებარე კიდევ ერთი სარკმლით ნათდება. ნავის კირსხნარით მოლესილი იატაკი მოგვიანებით რამდენიმე ადგილას ამოუჭრიათ და სამარხები მოუწყვიათ. ერთი მოზრდილი სამარხია ჩრდილოეთის ნავშიც.

სამკვეთლო კამარით გადახურული სწორკუთხა სათავსია, განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმლით. ღიობი, რომელიც მას ჩრდილოეთ ნავთან აკავშირებს, სამკვეთლოს მხრიდან ქვიშაქვის ზღუდარით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო ნავის მხრიდან თაღოვანია. ამჟამად აღდგენილი ეგვტერი ვიწრო და გრძელი სივრცეა, აღმოსავლეთით დასრულებულია გეგმით ნახევარწრიული, ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი აფსიდით. ეგვტერი გადახურულია რიყის ქვით ნაგები კამარით, რომლის წყობის ნაწილი შემორჩა შუა ნავის სამხრეთ კედელს თითქმის მთელ სიგრძეზე. მოგვიანებით ეგვტერის სამხრეთ კედლის იმეტესი ნაწილი აღუდგენიათ და კედლისათვის სამხრეთი მხრიდან ოვალური კონტრფოსი მიუშენებიათ. ეკლესიის ინტერიერი შელესილია.

ნაგებობის ორივე ფასადზე ორივე სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიან რელიეფური თავსართით. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მარტივპროფილიანი ლავგარდნით.

მცირე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ეკლესია

მცირე ეკლესია, რომელიც თავდაპირველ ნაგებობას დასავლეთიდან ეკვრის, მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები (5,4X4,5 მ). ერთადერთი შესასვლელი მას სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის გვერდებში სიმეტრიულად განლაგებულია თითო მაღალი, გეგმით სწორკუთხა ნიში. ორივე ნიში სამკუთხა თაღითაა გადახურული. ეკლესიის განათების ერთადერთი წყარო დასავლეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მარტივი პროფილის ლავგარდნით, რომლის ორი ქვა სამხრეთ კედელს შემორჩა.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი, რომელიც მოგვიანებით XIV-XV საუკუნეებში ააგეს, ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები (4,2X4,1 მ). გარეთა კუთხეების წყობაში აქა-იქ გათლილი შირიმის კვადრებია გამოყენებული. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა დასავლეთის მხრიდან. სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში კი კარი, რომლითაც სართული დაკავშირებულია მთავარი ეკლესიის სამხრეთის ნაწილთან. შესასვლელის მარჯვენა მხარეს წყობაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ქვასვეტის საფეხუროვანი ბაზა, რომლის ქვედა საფეხურზე წინა მხარეს შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერა. სართულის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კედლის სისქეში მოწყობილია კიბის ვიწრო უჯრედი, რომლითაც მეორე სართულის შესასვლელის წინ არსებულ ბაქანზე ვხდებით. კოშკის ეს სართული, ქვემოთა სართულთან შედარებით, უფრო მაღალია და, როგორც ჩანს, საცხოვრებლად იყენებდენ.

ეგვტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ეგვტერი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მისი იატაკის ქვეშ მოქცეული კამაროვანი აკლდამა (3,5X3 მ) – ეკლესიის მსახურთა განსასვენელებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წერეთელი კ., სტელები სოფ. დავათის ღვთისმშობლის ეკლესიიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 68 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 43-48

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]