დადია-ლეფქიმი-სუფლიონის ეროვნული ტყე-პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დადია-ლეფქიმი-სუფლიონის ეროვნული ტყე-პარკი

ბერძ. Εθνικό Πάρκο Δάσους Δαδιάς-Λευκίμης-Σουφλίου

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
უახლოესი ქალაქი სუფლიონი
კოორდინატები 41°08′N 26°13′E / 41.13° ჩ. გ. 26.22° ა. გ. / 41.13; 26.22კოორდინატები: 41°08′N 26°13′E / 41.13° ჩ. გ. 26.22° ა. გ. / 41.13; 26.22
სტატუსი ეროვნული პარკი
ფართობი 428 km2
დაარსდა 2006

დადია-ლეფქიმი-სუფლიონის  ეროვნული  ტყე-პარკი ( ბერძ. Εθνικό Πάρκο Δάσους Δαδιάς-Λευκίμμης-Σουφλίου ) —  2006 წელს შექმნილი ეროვნული პარკი საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ევროსის პერიფერიულ ერთეულში აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პერიფერიაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადია-ლეფქიმი-სუფლიონის ეროვნული ტყე-პარკი იკავებს 428 კმ2 ფართობს. პარკის უმაღლესი წერტილია კაპსალო, რომელიც ზღვის დონიდან 620 მეტრზე მდებარეობს. პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია ტყეებით, რომელთა სახეობრივი შემადგენლობა შეიქმნა ადგილობრივი კლიმატის, ნიადაგის და წყლის პირობების შესაბამისად.1980 წელს დადია-ლეფქიმი-სუფლიონი  აღიარებულ იქნა დაცულ ტერიტორიად, ხოლო 2006 წელს შეიქმნა ეროვნული პარკი. 2014 წლიდან აღნიშნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის კანდიდატია. [1] [2] [3] [4]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადია-ლეფქიმი-სუფლიონის ეროვნული პარკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში  წიწვოვანი ტყეებია, სადაც დომინირებს კალაბრიული ფიჭვი (Pinus brutia) და შავი ფიჭვი (Pinus nigra). მცირე ფართობებს იკავებს  ფოთლოვანი ტყეები, შერეული ტყეები და მაკვისი.

თავის მხრივ, ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთით დომინირებს მუხის ტყეები, რომლებიც შედგება რამდენიმე სახეობის მუხისგან, როგორიცაა უნგრული მუხა (Quercus frainetto), ავსტრიული მუხა (Quercus cerris) და Quercus pubescens. შუალედურ ზონებში არის მუხისა და ფიჭვის შერეული ტყეები. მეორეს მხრივ, პარკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძირითადად გვხვდება სუბტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა: ბერძნული წითელი ხემარწყვა  (Arbutus adrachne), ფართოფოთლოვანი ფილერია (Phillyrea latifolia), Erica arborea და Cistus creticus.

პარკში 360-400 სახეობის მცენარეა დარეგისტრირებული, მათგან 25 ორქიდეა. აქ აღმოჩენილ მცენარეებს შორის გვხვდება საბერძნეთის ორი ენდემური სახეობა: Minuartia greuteriana და Onosma kittanae. პარკში ასევე იზრდება იშვიათი მცენარეების სახეობები, მათ შორის: Cephalanthera epipactoides, Salix xanthicola, Zygophyllum album, Eriolobus trilobatus. [2] .

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძუძუმწოვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში 60-65 სახეობის ძუძუმწოვარია. მათგან აღსანიშნავია ისეთი სახეობები, როგოიცაა:  ევროპული შველი (Capreolus capreolus), წავი (Lutra lutra), მგელი (Canis lupus), ტყის კატა (Felis silvestris), გარეული ღორი (Sus scrofa), თეთრყელა კვერნა (Martes foina), დედოფალა (Mustela nivalis) და მაჩვი (Meles meles). პარკში   24 სახეობის ღამურა ბინადრობს, რომლებიც გამოქვაბულებს და ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ მაღაროებს აფარებენ თავს. [5] .

ფრინველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში დარეგისტრირებულია  36 სახეობის დღის მტაცებელი  და დაახლოებით 166 სხვა ფრინველის სახეობა. მათგან აღსანიშნავია: სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), გრიფონი (Gyps fulvus), Buteo buteo, ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი (Circaetus gallicus), ჩია არწივი (Hieraetus pennatus),  Clanga pomarina), ბოლოკარკაზი (Pernis apivorus), შავი ძერა (Milvus migrans), ქორი (Accipiter gentilis), Circus aeruginosus, მიმინო  (Accipiter nisus),  ქორცქვიტა (Accipiter brevipes), მთის არწივი (Aquila chrysaetos),  ბარი (ფრინველი) (Falco cherrug), თვალშავი (Falco vespertinus), იშხვარი (Ciconia nigra), გნოლი(Perdix perdix).

[5] [6] .

ქვეწარმავლები და ამფიბიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში ბინადრობს  29 სახეობის ქვეწარმავალი (მათ შორის ოთხი სახეობის კუ, თერთმეტი სახეობის ხვლიკი და თოთხმეტი სახეობის გველი) და 12-13 სახეობის ამფიბია, რომელთაგან ათი ბაყაყია, მათ შორის, წითელმუცლიანი გომბეშო (Bombina bombina). [5]

თევზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის წყლებში 17 სახეობის თევზია აღმოჩენილი. [5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geology-Morphology. Management Body Dadia-Lefkimi-Soufli Forest National Park. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  2. 2.0 2.1 Vegetation-Flora. Management Body Dadia-Lefkimi-Soufli Forest National Park. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  3. General Information. Management Body Dadia-Lefkimi-Soufli Forest National Park. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  4. National Park of Dadia - Lefkimi - Souflion. UNESCO. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Fauna. Management Body Dadia-Lefkimi-Soufli Forest National Park. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  6. K. Poirazidis, S. Schindler, E. Kakalis, C. Ruiz, D.E. Bakaloudis, Ch. Scandolara, Ch. Eastham, H. Hristov, G. Catsadorakis. Diurnal birds of prey in the Dadia-Lefkimi-Soufli Forest National Park: long-term population trendsand habitat preferences დაარქივებული 2023-03-24 საიტზე Wayback Machine. . W: Giorgos Catsadorakis, Hans Källander: The Dadia-Lefkimi-Soufli National Park, Greece: Biodiversity, management and conservation. Athens: WWF Greece, 2010, p. 151—168.