დადიანეთის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადიანეთის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

კომპლექსი მოიცავს დიდ ტერიტორიას და შედგება შემდეგი ნაგებობებისგან: ეკლესია, სამრეკლო, სასახლის ნანგრევი, სენაკები და გალავანი.

ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. საფასადო წყობა სწორხაზოვანია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღიანი, მაღალი სარკმელი - საფეხურებით. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა, რომელიც შედგება შეწყვილებული თაღედისაგან, რომლებიც მრგვალ სვეტებს ეყრდნობა. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებში იძირება. მხრებში შემორჩენილია კანკელის ბუდეები.

ეკლესიის გრძივი კედლები პილასტრებით ორ არათანაბარ მონაკვეთად იყოფა. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრების მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. დასავლეთის თაღი კრონშტეინებს ებჯინება. გრძივი კედლები დანაწევრებულია შეისრული თაღედით. დარბაზს სამივე მხარეს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის შეისრულთაღიანი, ხოლო სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით.

ჩრდილოეთი შესასვლელი არქიტრავულია, კარი ნაოთხალია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფრესკების დიდი ნაწილი ჩამორეცხილია.

ჩრდილოეთიდან ეკლესიას გეგმით, ორი სათავსისაგან შემდგარი სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლებიც ერთმანეთს არქიტრავული შესასვლელით უკავშირდება. მინაშენს აღმოსავლეთით და დასავლეთით სწორკუთხა სარკმლები აქვს. ნაოთხალი კარი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი.

ეკლესიას სადა ფასადები აქვს, კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი, რომელიც ამჟამად მრავალ ადგილასაა ჩამოცვენილი.

ეკლესიის ჩრდილოეთით 10 მეტრში, ორი სართულის დონეზე შემორჩენილია სასახლის ნანგრევი; ნაგებობა დიდი დარბაზისაგან შედგება. პირველი სართულის ოთხივე კედელში მოწყობილია ნიშები. მოჩანს სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად თლილი ქვა.

ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 მეტრში დგას მაღალი სამრეკლო, მისი პირველი სართული მთლიანად ამოვსებულია თავისივე ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულიდან შემორჩენილია ორი მასიური ოთხკუთხა სვეტი.

ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაგებობის ნანგრევია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობა აქვს. შესაძლოა ნაგებობა ეკლესია ყოფილიყო.

კომპლექსს გარშემო მაღალი გალავანი შემოუყვება. გალავანს შესასვლელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში აქვს. აქედან დასავლეთის კედელს თავისი კარიბჭე ჰქონდა. კარიბჭიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი.

კომპლექსის ღერძი ვითარდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 43-45