დაბრმავება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისააკ II ანგელოსის დაბრმავება ძმების მიერ. XV საუკუნის მინიატურა.

დაბრმავება — სამართლის ისტორიაში:

  • დამასახიჩრებელი სასჯელის ფორმა. ცნობილია უძველესი ეპოქიდან. უხშირესად იყენებდნენ პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად ბიზანტიაში, ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. შემორჩა სამართლის ზოგიერთ თანამედროვე სისტემაში (მაგ., პაკისტანი). ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში „დაბრმავების“ პარალელურად იხმარებოდა „მბნელობლობა“ და „სიბრმით დასჯაც“, რაც ორივე თვალის დაბნელებას (ამოთხრას ან ამოწვას) გულისხმობდა. ასე სჯიდნენ დამნაშავეს „საპატიჟო“ ან მოსარიდებელ ადგილას (სალარო, ეკლესია) ქურდობისა და ღალატისათვის. სასჯელის აღსასრულებლად საჭირო იყო ხელისუფლის დასტური. ქართული სამართლის წიგნებიდან დაბრმავება ითვალისწინებდა ბექა-აღბუღას სამართლის წიგნზე დართული კანონიკური სამარათალი (მუხლი 167) და ბაგრატ კურაპალატის სამართალი (მუხლი 152).
  • დანაშაულის სახე. ქართული სამართლის წიგნების მიხედვით, დამნაშავეს ეკისრებოდა ქონებრივი სასჯელი დაზარალებულის სოციალურ-წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად. საზღაურის ოდენობა ერთნაირად არ იყო განსაზღვრული. XVIII საუკუნის ვახტანგ VI-ის კოდექსში (მუხლები 44–45) ცალი თვალის დაშავებისათვის დაწესებულია „კაცის მესამედი სისხლი“, მხედველობის სრულიად დაკარგვისათვის კი — „მთელი სისხლი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძ ე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6);