დაბახანა (სახელოსნო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბახანა, დაბაღხანა — ტყავის დასამუშავებელი სახელოსნო, სადაც ამუშავებდნენ საქონლის ტყავს (წმენდდნენ, თრიმლავდნენ, ბალანს აცლიდნენ, აშრობდნენ, არბილებდნენ, პოხავდნენ, ღებავდნენ და სხვ.). ტყავის გამომყვან მოხელეს დაბაღი ერქვა. ტყავის გამოსაყვანად დაბახანებში იხმარებოდა სხვადასხვა მასალა: ნაცარი, კირი, შაბი, მარილი, ფქვილი, ქატო, წაქა, მუხის ქერქი (ბოლო წლებში — ნატრიუმი და სხვ.), ხელსაწყო-იარაღთაგან — დემური (რკინის მოხრილი დანა), ვარაჩო (ტყავის გასაჭიმი ხის ნაჭერი), მაჯაგანი (ტყავის მოსაქნელი რკინა), კირის აბაზანა, თაღარი, საზელი იასარორმო და სხვ. დაბახანებს აწყობდნენ ქალაქის გარეუბნებში, მდინარის ნაპირას, ორსართულიან შენობაში. პირველ სართულზე სახელოსნო იყო, მეორეზე — საწყობი. დაბახანაში გამოყვანილი ტყავეული ბარდებოდა ტყავის სახელოსნოებსა და გამსაღებელ პუნქტებს (დუქნებს). დაბახანები იყო თბილისსა (ლეღვთახევი) და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]