გუსტავი (ვაზას პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავი
წოდებები
შვედეთის კრონპრინცი
ვაზას პრინცი
დაიბადა 9 ნოემბერი, 1799
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაიცვალა 5 აგვისტო, 1877, (77 წლის)
დრეზდენი, გერმანია
საგვარეულო ჰოლშტაინ-გოტორპი
მეუღლე(ები) ლუიზა ამალია ბადენელი
(ქ. 1830 - განქ. 1843)
შვილ(ებ)ი კაროლა, საქსონიის დედოფალი
მამა გუსტავ IV, შვედეთის მეფე
დედა ფრედერიკა ბადენელი
რელიგია ლუთერანობა

გუსტავ ვაზა (შვედ. Gustav av Wasa; დ. 9 ნოემბერი, 1799, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 5 აგვისტო, 1877, დრეზდენი, გერმანია) — ჰოლშტაინ-გოტორპთა დინასტიის შვედური შტოს მამრობითი სქესის უკანასკნელი წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის უფროსი ვაჟი და შვედეთის კრონპრინცი. ვაზას პრინცი 1829 წლიდან გარდაცვალებამდე. საქსონიის დედოფალ კაროლას მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუსტავი დაიბადა 1799 წლის 9 ნოემბერს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფისა და მისი ცოლის, დედოფალ ფრედერიკა ბადენელის უფროსი ვაჟი. დაბადებიდანვე მას სამეფო ძიძები, ჰედვიგ ულრიკა დე ლა გარდიე და შარლოტა სტიერნელდი ზრდიდნენ.

1809 წელს შეთქმულებმა ჩამოაგდეს მამამისი, მეფე გუსტავი და მის ნაცვლად ტახტზე მისი ბიძა, კარლ XIII დასვეს. 1809-1810 წლებში გუსტავმა მოახერხა შეენარჩუნებინა შვედეთის კრონპრინცის წოდება, ვინაიდან მეფე კარლი უშვილო იყო, თუმცა მისი ცოლის, დედოფალ შარლოტას მეოხებით, რომელსაც სძულდა წინამორბედი დედოფალი და მისი ოჯახიც, გუსტავმა ეს წოდება დაკარგა. სწორედ დედოფალ შარლოტას გავლენით გამოაცხადა კარლ XIII-მ ტახტის მემკვიდრედ ფრანგი გენერალი შარლ ჟან ბერნადოტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია მემკვიდრეობასთან. გუსტავისა და მამამისისათვის ტახტისა და უფლებების ჩამორთმევის მთავარ მიზეზად ოპონენტები იმას ასახელებდნენ რომ ბებიამისს, დედოფალ სოფია მაგდალენა დანიელს გუსტავ IV ქმრის, ანუ მეფე გუსტავ III-ისგან არ გაუჩენია და იგი უკანონო შვილი იყო, რითაც, ცხადია ერთმეოდა მემკვიდრეობის უფლება.

სანამ შვედეთს დატოვებდნენ მათი ოჯახი პატიმრობაში იმყოფებოდა. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ გუსტავმა და მისმა ოჯახმა თავი დედოფალ ფრედერიკას ძმას, ბადენის დიდ ჰერცოგს შეაფარა. სწორედ აქ მიიღო გუსტავმა განათლება და ბადენშივე აღიზარდა. თავისი სამხედრო კარიერის განმავლობაშიც იგი სწორედ გერმანულ არმიაში იბრძოდა. როგორც ირკვევა, აქ მას ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა გუსტავი არასოდეს ივიწყებდა თავის მემკვიდრეობას და გამუდმებით ეძებდა მოკავშირეებს ტახტის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ.

1816 წელს ბადენელებმა მას გრაფი იტერბურგის წოდება მისცეს. უკვე 1829 წელს ჰაბსბურგთა არმიაში ერთგული სამსახურისათვის ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა მას ვაზას პრინცობა მისცა. 1821-1829 წლებში გუსტავი აქტიურად იბრძოდა საბერძნეთის დამოუკიდებლობის ომშიც. 1836 წელს იგი ავსტრიული არმიის ფელდმარშალიც ხდება.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828 წელს გუსტავი დაინიშნა პრინცესა მარიანა ნიდერლანდელზე, მეფე ვილემ I-ისა და დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის ქალიშვილზე, თუმცა მოგვიანებით ქორწილი ჩაიშალა. ამის შემდეგ, 1830 წლის 9 ნოემბერს კარლსრუეში გუსტავმა ჯვარი დაიწერა თავის ბიძაშვილზე, პრინცესა ლუიზა ამალია ბადენელზე, რომელიც მასზე 12 წლით უმცროსი იყო. წყვილი 1843 წელს განქორწინდა, თუმცა ორი საერთო შვილი დარჩათ:

  1. ლუდვიგი (1832), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. კაროლა (1833-1907), ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე ალბერტს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

გუსტავი გარდაიცვალა 1877 წლის 5 აგვისტოს, 77 წლის ასაკში. მისი ქალიშვილისა და შვედეთის ახალი დედოფლის, ვიქტორიას მეოხებით გუსტავის, მისი ვაჟისა და მამის ცხედრები მოგვიანებით გადაასვენეს და დაკრძალეს სტოკჰოლმის სამეფო აკლდამაში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Baden (1834), "Großherzogliche Orden" pp. 31, 49
  • Hof- und Staatshandbuch des Königreichs Bayern: 1846. Landesamt. 1846. p. 9.
  • Almanacco imperiale reale della Lombardia. 1834. p. 176.
  • Hessen-Darmstadt (1871). Hof- und Staatshandbuch des Großherzogtums Hessen: für das Jahr ... 1871. Staatsverl. pp. 8, 50.
  • Staat Hannover (1865). Hof- und Staatshandbuch für das Königreich Hannover: 1865. Berenberg. p. 75.