გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი — ისტორიულ მონუმენტარული ხელოვნების ძეგლი მდებარეობს ქალაქ გურჯაანის დასავლეთ განაპირას, ფერდობზე. მემორიალი გაიხსნა 1978 წლის 9 მაისს. ეძღვნება 1941-45 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. კომპოზიცია რელიეფის შესაბამისად იარუსებადაა განლაგებული. I იარუსზე შერჩეული რიყის ქვის სწორი რიგებით ნაგები 5 ბურჯია, რომლებიც სიმბოლურად ომის ხანგრძლივობის 5 წელს აღნიშნავს. ბურჯებს შორის II იარუსზე ასასვლელი განიერი კიბეებია. II იარუსზე განლაგებულია შადრევნები და მოგებულია რკინა-ბეტონის ფილებით. III იარუსს წარმოადგენს მწვანე ფერდობი მასში ჩაწერილი განიერი კიბეები მიემართება IV იარუსზე მდებარე მარადისობის ორიკედლისაკენ. მათ გარდა ამ იარუსზე განლაგებულია: მუზეუმი, თეატრონი ესტრადით და კინო-საპროექციო ჯიხური. მარადისობის ერთ კედელზე, რომელიც ბოლნისის ტუფითაა მოპირკეთებული, ამოკვეთილია მშვიდობიანობისა და ომის ამსახველი სცენები. ამ კედლის მეორე მხარე წარმოადგენს ეკრანს. მის წინ მოწყობილია თეატრონი ესტრადით 3500 მაყურებელზე. მარადისობის მეორე კედელი ბაზალტის ფილებით წრიულად შემოფარგლავს ტერასას, რომლის შუაში მოთავსებულია მარადიული ცეცხლი. კედელი ორივე მხარეს მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. ინტერვალით ჩართულია ბოლნისის ტუფის იმდენი ფილა, რამდენი სოფელიცაა მუნიციპალიტეტში. ფილებზე ამოკვეთილია სოფლის სახელები, ხოლო მიმდებარე ბაზალტის ფილებზე შინმოუსვლელთა გვარები და ინიციალები. კედელი უერთდება მუზეუმს, რომლის წინა მხარე მთლიანად შემინულია. მას ზემოთ გასდევს ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ფრიზი, რომელზეც გამოსახულია მეორე მსოფლიო ომის სცენები. ფერდობის უმაღლეს ტერასაზე აღმართულია ბრინჯაოს მონუმენტი ჯარისკაცის მამა, რომელსაც ხელში ტანკისტის ქუდი და ჯარისკაცის ფარაჯა უჭირავს. ქანდაკება დგას შერჩეული რიყის ქვის სწორი რიგებით აგებულ ოთხკუთხა პორტამენტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]