გურჯაანის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანის სამხრეთით განაპირას. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,8x9,5 მეტრი), ნაგებია რიყის მსხვილი და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრია.

შუა ეკლესიის გვერდით ეკლესიებზე თითქმის ორჯერ უფრო განიერია და მათ თითო კარით უკავშრდება. შესასვლელი შუა ეკლესიას დასავლეთდან აქვს (შემორჩენილია ორივე წირთხლი). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. საკურთხევლის ჩრდილოეთით მცირე ზომის, შვერილაფსიდიანი (ჩრდილოეთ გვერდი მონგრეულია) სათავსია, რომელსაც შუა ეკლესია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა.

სამხრეთ ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის წინ, დაახლოებით 1,3 მეტრ მანძილზე, შემორჩენილია შუა ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებული სწორკუთხა ბოძის ნაწილი (სიმაღლე – 0,5 მეტრი).

2010–2012 წლებში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ეკლესია აღადგინეს (პროექტის ავტორი ნ. მინდორაშვილი) და ჩრდილოეთ მხრიდან მიაშენეს ორფერდა სახურავით გადახურული კარიბჭე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]