გურო (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუროს ნასოფლარი — ნასოფლარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში. მდებარეობს შატილიდან სამხრეთ-დასავლეთით, 7,5 კილომეტრზე. 1926 წელს აღწერის მიხედვით აქ მხოლოდ 20 სული სახლობდა. ძირითადად გოგოჭურების გვარისა. ამჟამად მუდმივი მოსახლეობა არ არის. 1813 წელს ივნისში სოფელ გუროში მეფის რუსეთის ჯარისა და ადგილობრივ მოსახლეობა შორის მოხდა დიდი შეტაკება. ცარიზმის დაპყრობითი პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლთ ალექსანდრე ბატონიშვილი ედგა სათავეში. იგი სოფელ შატილში იყო გამაგრებული. სოფელ ლებაისკარში დაბანაკებულმა რუსმა გენერალმა სიმონოვინმა ალექსანდრე ბატონიშვილს წერილი გაუგზავნა და ტყვედ ჩაბარება მოსთხოვა. ბატონიშვილმა გენერალი უპასუხოდ დატოვა . გენერალმა რაზმი შატილისკენ დაძრა. გზა სოფელ გუროზე გადიოდა. ხევსურებმა ქისტების დახმარებით ვიწრო ხეობა გაამაგრეს. მტერს მამაცურად შეებრძოლნენ და დიდი ზარალი მიაყენეს. გამარჯვება რუსეთის ჭარბსა და უკეთ შეიარაღებულ ჯარს ხვდა წილად. გენერალმა სიმონოვინმა შური იძია მოსახლეობაზე და სოფელ გურო მიწასთან გაასწორა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]