გურიის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურიის აჯანყება
თარიღი 22 მაისი - 13 სექტემბერი, 1841
მდებარეობა ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
Casus belli ფულადი გადასახადების შემოღება
შედეგი აჯანყების დამარცხება
მხარეები
რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია აჯანყებული გლეხები და თავადაზნაურობის ნაწილი
მეთაურები
რუსეთის იმპერია პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი,
რუსეთის იმპერია პოლკოვნიკი მოსე არღუთინსკი,
ოდიშის სამთავრო დავით დადიანი
ამბაკო შალიკაშვილი,
დავით გუგუნავა
აბესა ბოლქვაძე
ოსმალეთის იმპერია ჰასან-ბეგ თავდგირიძე
ძალები
~ 3000 კაცი

6 ქვემეხი

~ 7200 კაცი
დანაკარგები
32 მოკლული

115 დაჭრილი
17 ტყვე.[1]

~ 65 მოკლული

~100 დაჭრილი
50 ტყვე

გურიის აჯანყება — 1841 წელს გურიის გლეხთა შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მოჯანყეთა მარცხით დასრულდა. აჯანყების მიზეზები იყო გურიაში რუსული სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება და ოზურგეთის მაზრის შექმნა და ფულადი გადასახადების დაწესება. აჯანყებამ ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო და ანტირუსული შინაარსი შეიძინა და გლეხობის გარდა თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის მაზრა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა თვითნებობა, საქმისწარმოების გადაყვანა რუსულ ენაზე. უშუალო მიზეზი იყო 1841 წლის 10 აპრილის სამოქალაქო მმართველობის რეფორმა და მისი ფინანსური მხარე, რომლის მიხედვით სახელმწიფო გადასახადები ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. ნატურალური გადასახადის ფულადით ჩანაცვლება შეუსაბამო აღმოჩნდა გურიის ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაციისთვის. გურიაში 1829 წლის, რუსული მმართველობის დამყარების, შემდეგ რუსული ფული შემოდიოდა მხოლოდ დროებითი მმართველობის უფროსის ხელფასის სახით, რაც თვეში 600 მანეთს შეადგენდა. დროებითი მმართველობის სხვა წევრებიც კი ხელფასს ნატურით იღებდნენ. ხალხში ფულად ტრიალებდა მხოლოდ ოსმალეთის იმპერიის ფული, „თათრული ფარა“ მაგრამ ისე მსუბუქი, რომ კაპიკის 1/20-ის ღირებულება თუ ჰქონდა. 1837 წელს, გურიაში დიმიტრი ყიფიანის ყოფნისას მხოლოდ მაღალი თანამდებობის რუს მოხელეებს თუ ჰქონდათ წვდომა რუსულ ფულზე. გურულებმა დაიწყეს გადასახადების შეტანა ოსმალური ფულით, „ფარითა“ და „ყურუშით“, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადების რუსულ ფულზე გადახდას ითხოვდა, რაც გლეხებს არ გააჩნდათ. გარდა გადასახადებისა, ადგილობრივი გლეხობისთვის მიუღებელი იყო კარტოფილის მოყვანის მოთხოვნა

ვიკიციტატა
„რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური. რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ“
(გოგია ვადაჭკორია[2])

გადასახადების აკრეფა ხელისუფლებამ პირველად ლანჩხუთში სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. უბნის ბოქაული ბარათაშვილი ამის შემდეგ აკეთში გაემგზავრა და იქ სცადა, აეკრიფა გადასახადები.

აჯანყების მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტალღა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 მაისს (3 ივნისს) აკეთელი გლეხების ჯგუფი, ორმოცდათიოდე ადამიანი თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ ბარათაშვილს და წაართვა აკრეფილი ფული. გლეხებმა ბარათაშვილს ლანჩხუთამდე მისდიეს და ოდა-სახლი დაუნგრიეს. 300-მდე ლანჩხუთელმა და აკეთელმა მოსთხოვა ბარათაშვილს მაზრის ხელმძღვანელობასთან შუამავლობა, რათა მაზრის უფროსს აღარ მოეთხოვა გადასახადების აკრეფა და არც აჯანყებულთაგან დაესაჯა ვინმე. ბარათაშვილის შუამავლობამ არ გაჭრა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა ნიკოლა იაცენკო ეგერებით თავს დაესხა ლანჩხუთსა და აკეთს და დაიმორჩილა მოსახლეობა. ამბოხებული რჩებოდა მხოლოდ 8 ადამიანი. გადასახადების აკრეფა გრძელდებოდა, მაგრამ ამჯერად სოფელ ვანის გლეხები აჯანყდნენ. იაცენკო მათაც თავს დაესხა ეგერებით და ძალით აკრიფა გადასახადები.

მაგრამ გლეხების უკმაყოფილება იზრდებოდა. აკეთში დარჩენილმა 8 მეამბოხემ ახალი ძალები შემოიკრიბა. ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ და გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი. ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი „ფირალი“, რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. აჯანყებაში თანდათანობით ჩაერთნენ აკეთის, ლანჩხუთის, ვანის, შემოქმედის, ლიხაურისა და ასკანის გლეხები.

სოფელ აკეთიდან დაძრულმა გლეხებმა გადალახეს მდინარე სუფსა და გაემართნენ ოზურგეთისკენ, მაგრამ შემდეგ შეცვალეს გეზი, შემოუარეს მას, გაიარეს ასკანა, შემოქმედი და 3 ივნისს ჩავიდნენ ლიხაურში. ლიხაური ოსმალეთის იმპერიის მოსაზღვრე სოფელი იყო. საზღვართან აჯანყებულებს ეგულებოდათ ჰასან-ბეგ თავდგირიძე, როგორც მათი მოკავშირე. თავდგირიძე ამარაგებდა აჯანყებულებს ტყვია-წამლით. მას ამაში ეხმარებოდა ინგლისის ვიცე-კონსული გარაჩინო, რომლის მხარდაჭერითად თავდგირიძე ტრაპიზონში ყიდულობდა და გურიაში გლეხებს აწოდებდა ტყვია-წამალს. არსებული გეგმის მიხედვით თავდგირიძე თავს უნდა დასხმოდა შეკვეთილის წმ. ნკოლოზის ციხე-სიმაგრეს სამხრეთიდან და შესულიყო გურიაში აჯანყებულების დასახმარებლად, მაგრამ პოლკოვნიკ ბრუსილოვისა და მაზრის უფროს იაცენკოს მოთხოვნით მან შეაჩერა მოქმედება და გაეთიშა აჯანყებულებს. ბრუსილოვი თავდგირიძეს სთხოვდა, გასულიყო გურიიდან და მაშინ რუსეთის ხელისუფლება ადვილად მოერეოდა აჯანყებულებს. ბრუსილოვმა ერზერუმის სერასქირსა და ტრაპიზონის ფაშასაც მიმართა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნეიტრალიტეტის დაცვის მოთხოვნით. თავდგირიძე იძულებული გახდა, ჩამოსცილებოდა აჯანყებას და უკან გამოეხმო სოფელ ქაქუთის მკვიდრთა ასეული.

ამის შემდეგ ამბოხებული გლეხების რაზმმა გადაინაცვლა გურიანთასთან, სადაც დამაცხდა შეტაკებაში, მაგრამ აჯანყება ამით არ დამცხრალა.

გოგორეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გოგორეთის ბრძოლა.

9 ივნისს კვლავ იფეთქა გამოსვლებმა. ივლის-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო - მასში 7200-მდე კაცი მონაწილეობდა. მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც. აჯანყებამ ზენიტს აგვისტოში მიაღწია. ამ ეტაპზე აჯანყებაში ჩაერთო მართვის სადავეებს მოკლებული და რუსული მმართველობით უკმაყოფილო გურიის ფეოდალები და აჯანყების პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათ აიღეს თავის თავზე. 8 აგვისტოს თავად ამბაკო შალიკაშვილის მეთაურობით აჯანყებულების ნაწილი გაემართა გურია-იმერეთის საზღვარზე, იმერეთიდან მომავალი რუსის ჯარის შესაკავებლად, ხოლო მეორე ნაწილი გაემართა შეკვეთილის დასაკავებლად.

9 აგვისტოს აჯანყებულებმა გლეხ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხეს დაღესტნის ბრძოლებიდან გამოწვეული პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი. რუსეთის რეგულარული ჯარის დამარცხებამ ახალი საბრძოლო შემართება მისცა აჯანყებულებს. ისინი დაედევნენ ოზურგეთისკენ უკან დახეულ ბრუსილოვს, დაამარცხეს ის ვაშნართან და ხელთ იგდეს დიდძალი სურსათ-სანოვაგით სავსე აღალი და ტყვედ აიყვანეს 4 ჯარისკაცი.

შეკვეთილის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეკვეთილის ციხე-სიმაგრე 1840-იან წლებში. შეკვეთილი ოზურგეთთან ერთად მაზრის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო და აკონტროლებდა საზღვარს ოსმალეთის იმპერიასთან

აჯანყებულების შემდეგი სამიზნე შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე იყო. ამბოხებულებმა სიმონ ქარცივაძის მეთაურობით აიღეს ჩოლოქის და ნატანების საგუშაგოები და გადაკეტეს შეკვეთილისკენ მიმავალი ყველა გზა. ბრუსილოვმა დასახმარებლად და შეკვეთილის დასაცავად უხმო რედუტ-კალეს პირველი სახაზო ათასეულის მეთაურ პორუჩიკ კომილევსკის და ოდიშის მთავარ დავით დადიანს, ხოლო შეკვეთილის ციხის კაპიტანმა შედრინმა დახმარება სთხოვა მეორე ქართული სახაზო ათასეულის უფროსს, მაიორ კრინიცკის. 9 აგვისტოს 2000 აჯანყებული დაიძრა შეკვეთილისკენ. რაზმი ორად გაიყო, ერთი ნაწილი ციხეს უტევდა, მეორე კი მდინარე ნატანების ხიდთან განლაგდა, რათა შეეჩერებინათ შეკვეთილის ციხის დამხმარე რუსული რაზმები. 10 აგვისტოს აჯანყებულებმა აიღეს წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე.

შეკვეთილისთვის ბრძლა ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით, 2 სექტემბერს ციხე-სიმაგრის ზღვიდან აღება სცადა შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა გენერალმა ანრეპმა. მან შეკვეთილში ზღვიდან სცადა დესანტის გადასხმა, მაგრამ ვერ მოახერხა, აჯანყებულებმა საგუშაგოს ირგვლივ ყველაფერი გადაწვეს.

გრიგოლეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 აგვისტოს აჯანყებულების წინააღმდეგ დაიძრა იმერეთის სახალხო ლაშქარი თავად მიქელაძის მეთაურობით. მიქელაძემ ნაგომრის შემდეგ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან ნასაკირალის უღელტეხილი ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული. მიქელაძის ლაშქარი ალყის საშიშროების წინაშე იყო, ამიტომ მან უკან დაიხია, ჩოხატაურისკენ და შეუერთდა ლივენის რაზმს. აჯანყებულებმა ლივენისა და მიქელაძის რაზმებზე ჩოხატაურში იერიში მიიტანეს და მიქელაძე თავისი სახალხო ლაშქრით იმერეთის სოფელ ეწერში გაიქცა.

აჯანყებულებს უკვე მთლიანად ეკავათ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, გურია-იმერეთისა და გურია-ფოთის საზღვრები, ოზურგეთ-ქუთაისის გზა და სხვა და მოქმედება ცენტრალურ გურიაში გადაიტანეს. მოკლე დროში მათ დაიკავეს გურიანთა, გადაწვეს ლიხაურის საგუშაგო და დასვეს ოზურგეთის აღების საკითხი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი — ერთადერთი იყო, რაც მთავრობის ხელში რჩებოდა და ისიც აჯანყებულთა მიერ იყო ალყაშემორტყმული. ოზურგეთს იცავდნენ პოლკოვნიკი ბრუსილოვი, მაზრის უფროსი იაცენკო, საფოსტო ოლქის უფროსი, გენერალი კახანოვი. საქართველო-იმერეთის სამოქალაქო მმართველობის უფროსი გენერალ-მაიორი სკალონი სასწრაფო მოქმედებას სთხოვდა რედუტ-კალეს რაზმსა და დავით დადიანს.

დავით დადიანი, ოდიშის მთავარი და სახალხო ლაშქრის მეთაური, ეხმარებოდა რუსეთის ხელისუფლებას აჯანყებულთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა გრიგოლეთთან და სამეგრელოში დაბრუნდა

18 აგვისტოს გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია 1000 კაცით დავით დადიანის მეთაურობით. ბრძოლა 20-დან 23 აგვისტომდე, სამ დღეს გრძელდებოდა. დადიანმა განიმტკიცა პოზიციები მალთაყვასთან. კავკასიის კორპუსის გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი კოცებუ წერდა:

ვიკიციტატა
„ხელისუფლებისთვის ესოდენ განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, თუ როგორი ერთგულებითა და თავგამოდებით იბრძვიან მეგრელი მოლაშქრენი თვისტომთა წინააღმდეგ. მათი თავდადებული მოქმედება აშკარად ვლინდება მეამბოხე გურულებთან შეუპოვარ ბრძოლაში, სადაც მათთვის უმთავრესია არა ნათესაუ გვარ-ტომობით კავშირ-ურთიერთობანი, არამედ უმაღლესი ერთგულების გამოვლინება ხელმწიფე იმპერატორისა და მამულის წინაშე“

მაგრამ აჯანყებულების 2000 კაციანმა რაზმმა, რომლის ერთ-ერთი მეთაური გოგორეთის ბრძოლაში გამარჯვებული აბესა ბოლქვაძე იყო, 23 აგვისტოს დედაბერას წყლებთან, გრიგოლეთიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეაჩერეს დადიანის მილიცია. ბრძოლაში აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპა ორი ადამიანი: სიმონ ჭყონია და ქაიხოსრო გუგუნავა. სამეგრელოს სახალხო ლაშქრიდან დაიღუპა ერთი და დაშავდა 37 ადამიანი, მოიკლა 19 ცხენი. დადიანის მილიციამ თოფ-იარაღი აჯანყებულებს ჩააბარა. დადიანების კუთვნილი ერეკლე II-ის ხმალი ჯვარცხმელმა აზნაურმა ყარსუმ ბერიძემ ჩაიგდო ხელში. დადიანის მილიციას აჯანყებულებმა თავისუფლების პირობა მისცეს და მილიცია უკან დაბრუნდა სამეგრელოში.

აჯანყების დამარცხება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყებულთა წინააღმდეგ კავკასიის მეფისნაცვალმა გენერალმა გოლოვინმა გურიის დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ჩაუყენა წარმოშობით სომეხი, პოლკოვნიკი (შემდგომში გენერალი, დაღესტნისა და კასპიის მხარეთა შეიარაღებულ ძალთა უფროსი) მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი (1798-1855 წ.წ.). არღუთინკის განკარგულებაში იყო შტაბის უფროსი პავლე აქსტაფის ძე კოცებუ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი, რომელშიც შედიოდა:

  • ერევნის კარაბინერთა პოლკის 400 ხიშტოსანი
  • სამეგრელოს ეგერთა პოლკის 100 ხიშტოსანი
  • ქართულ გრენადერთა პოლკის მეორე ბატალიონის 600 ხიშტოსანი
  • ქართული სახაზო პოლკის მეორე ბატალიონის 215 ხიშტოსანი
  • დონის მერვე პოლკის 100 კაზაკი
  • მე-19 არტილერიის ბრიგადის ორი მსუბუქი და ოთხი სამთო ქვემეხი
  • ახალციხის ეგერთა შენაერთი
  • იმერეთის მილიცია
  • გურიის თავადაზნაურთა ლაშქარი თავად ერისთავის მეთაურობით

შეკვეთილსა და გრიგოლეთში გამარჯვებებისა და ზურგის უშიშროების განმტკიცების შემდეგ აჯანყებულებმა 1 სექტემბერს შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ გარნიზონმა შეძლო მცირერიცხოვანი ძალების კონცენტრირება. ბრუსილოვის ბრძანებით ქალაქის შიდა ციხეში შეზიდეს განაპირა პუქნტებში არსებული სახაზინო ქონება. ქალაქის მცველებს შეუერთდნენ ლიხაურის საგუშაგოს მცველებიც. აჯანყებულებმა ლიხაურელი აზნაურის, სიმონ გოგორიშვილისა და დათა გუგუნავას მეთაურობით შეტევა მიიტანეს ოზურგეთზე. შეტევაში ჩაბმა დააგვიანა ლანჩხუთიდან მომავალმა დათა გურიელმა, რის გამოც ამბოხებულებმა ვერ შეძლეს ქალაქის აღება. ქალაქის მილიციამ, მაიორ მაკუხინის არტილერიამ და თავად მიქელაძის ლაშქარმა დაიცვეს ქალაქი. შეტევის დროს მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური აბესა ბოლქვაძე. წარუმატებლობამ ჩაკლა აჯანყებულთა სულისკვეთება და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის აღება მაინც შეეძლოთ შეტევის ნაცვლად თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ. ამასობაში არღუთინკიმ მოხერხებული მანევრით გვერდი აუარა ნასაკირალთან გამაგრებულ აჯანყებულებს, რომლებიც ქუთაისი-ოზურგეთის გზას კეტავდნენ და 5 სექტემბერს ოზურგეთთან გამოჩნდა. ადგილობრივი ფეოდალები მთავრობის მხარეს გადაიხარნენ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა თავად-აზნაურთა რჩევით იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი აჯანყებული დაიღუპა. ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდა კაპიტანი თავადი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც არღუთინსკიმ შემდგომ დააწინაურა გამოჩენილი თავდადებისთვის.

6 სექტემბერს არღუთინკიმ ნასაკირალის გადასასავლელიც დაიკავა, ხოლო 13 სექტემბერს შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ციხე აიღო. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მეამბოხეს იარაღი დაყრილი ჰქონდა. 2812 ოჯახი განმეორებით დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, 100-მდე გლეხს გაროზგვა მიუსაჯეს. არღუთინსკიმ გამარჯვების შემდეგ დაითხოვა ჯარის დიდი ნაწილი და დაიტოვა მხოლოდ ერთი ასეული, რომლითაც გამოაცხადა აჯანყების მეთაურების ძებნა. მხოლოდ 10-მდე მოთავემ მოახერხა გაქცევა ოსმალეთში. 16 ნოემბერს აჯანყების 16 აქტიური მონაწილე დაიჭირეს, ხოლო ნოემბრის ბოლოს კიდევ 10-მდე ადამიანი დააპატიმრეს. საერთო ჯამში დაპატიმრებულების რიცხვმა 50 შეადგინა.

მეთაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადი დათა გუგუნავა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ამბოხის მარცხის შემდეგ გამოძებნა საერთო ენა ხელისუფლებასთან

პირველ ეტაპზე, როცა აჯანყების წამყვან ძალას გლეხობა შეადგენდა, მას ხელმძღვანელებდნენ გლეხები, რომელთაგან ცნობილია შემდეგი სახელები:

  • გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები აკეთიდან
  • ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები და გოგიჩა გორდელაძე ლიხაურიდან
  • მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე ასკანიდან
  • გოგია და როსტომ მამინაიშვილები შემოქმედიდან

აგვისტოში, აჯანყების აღმავლობის პერიოდში თავადაზნაურობა აქტიურად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა. აჯანყების საერთო ხელმძღვანელები გახდნენ თავადები ამბაკო შალიკაშვილი და დავით გუგუნავა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგორიშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა, ათარმიზა თოიძე, ლევან, გოჯასპირ და სიმონ ჭყონიები, სიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვა. ბრძოლებში დაიღუპნენ სიმონ ჭყონია, ქაიხოსრო გუგუნავა და აბესა ბოლქვაძე. გურიის აჯანყებაში ჩართული იყო ქობულეთის ყოფილი ბეგი, ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი ჰასან-ბეგ თავდგირიძეც, რომელიც ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს ეხმარებოდა ტყვია-წამლის შოვნაში, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა ადრეულ ეტაპზევე ჩამოშორებოდა აჯანყებას და არ მიეღო მასში უშუალო მონაწილეობა. როდესაც აჯანყებამ აშკარად ანტიბატონყმური ხასიათი მიიღო, თავადების უმრავლესობა მთავრობას მიემხრო (დ. გუგუნავა და სხვა) და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვა).

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან ცალკეული სოფლის გლეხებს, რომლებიც აჯანყების ძირითად ძალას შეადგენდნენ, ერთობლივი მოქმედების წინასწარ შეთანხმებული პროგრამა არ ჰქონდათ. აჯანყების მხოლოდ 10-მდე მეთაურმა შეძლო გაქცევა ოსმალეთში. მოძრაობის 50 მეთაური მთავრობამ ქუთაისის ციხეში ჩასვა, შემდეგ კი სამხედრო წესით გაასამართლა. სასამართლო 1842 წლის 13 მარტს გაიმართა ქალაქ ქუთაისში. მაგრამ ხალხის მღელვარების თავიდან აცილების მიზნით 49 მათგანი შეიწყალა, მხოლოდ ამბაკო შალიკაშვილს მიესაჯა ციმბირში გადასახლება, თუმცა ნაცნობი გენერლების წყალობით მანაც მოახერხა სასჯელისგან თავის არიდება.

ვიკიციტატა
„ამნაირათ ჩააქრეს გურიის აჯანყება, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად ყველაზე მეტი ის იყო, რომ იმის გარდა რაც შიგ რუსის ოქრო ჩაითხა, ამბოხების ჩასაქრობად ხელშეწყობისთვის პენსიის სახით, ჩვენი ხაზინიდან ეძლეოდა რუსის მოხელეებს მგონი ათჯერ მეტი იმაზე, რასაც აჯანყებული გურულებისგან თხოულობდნენ გადასახადების აკრეფისას, ხოლო კარტოფილის ნათესებზე ხმაც კი აღარავის ამოუღია. მრავლად დაიქცა რუსის ეგერთა სისხლი“

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის აჯანყება მხატვრულად აღწერა ეგნატე ნინოშვილმა ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიაში“. რომანის მიხედვით 1928 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო ფილმი „„ჯანყი გურიაში“. აჯანყების შესახებ არსებობს ხალხური ლექსი

კადრი ფილმიდან „ჯანყი გურიაში“

ყველა ბრუნდი და მართალი
აუღიათ იარაღი
შიშვლად აქვენ ხელში ხმალი
ვისაც არ აქვს იარაღი
აუღიათ თოხის ტარი
ერთმანეთს ეუბნებიან
ამოვიღოთ გულის ჯავრი
ჩვენს მოდაურსა ვეჩხუბოთ
აუდუღოთ სისხლის ღვარი
ღმერთმა ისეთ დროს მოგვასწროს
ამოგვეღოს მისი ჯავრი
თხოვნას ღმერთი აგვისრულებს
გაიმარჯვებს ჩვენი ჯარი

შემორჩენილია კიდევ ერთი ხალხური ლექსი, რომელიც მიუთითებს აჯანყებაში თავად ამბაკო შალიკაშვილის ხელმძღვანელ როლზე

ყველამ კარგად მოვუაროთ
ამბაკოს და ათარმიზას
თორემ საქმე წაგვიხდება
არღუთინსკი კას არ გვიზამს
ყველა მოჯანყე შემოკრბა
ყველა მოთავე აქ არის
ამბაკო შალიკაშვილი
თავი და ბაირახტარი

შალიკაშვილის ხმალი, რომლითაც ის აჯანყებაში იბრძოდა დაცულია ოზურგეთის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტრეველი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 314, თბ., 1978 წელი.
  • სიხარულიძე ი., „გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს“ — ბათუმი, 1956
  • ხაჭაპურიძე გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“ — ტფილისი, 1931
  • ენვერ გოგუაძე „1841 წლის ჯანყი გურიაში“ — გაზეთი „ალიონი“ N15-16, 22-23-24, 2016 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (რუსული) Гизетти А. Л. (1901). Сборник сведений о потерях Кавказских войск во время войн Кавказско-горской, персидских, турецких и в Закаспийском крае: 1801–1885/Под ред. В. А. Потто. С. 58.
  2. ზოია ტუღუში, „მოგონებები ნინოშვილზე, გურული ლექსიკა“ გვ. 7 — 2008