გურზისებრი კლიტოციბე
| გურზისებრი კლიტოციბე | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Ampulloclitocybe clavipes | |||||||||||||
| |||||||||||||
გურზისებრი კლიტოციბე (ლათ. Ampulloclitocybe clavipes) — სოკოს ქუდი 4-6 სმ დიამეტრისაა. მისი ფერი მონაცრისფრო-ყავისფერია, ხოლო კიდეები შედარებით ღია შეფერილობისაა. თავდაპირველად ქუდი ამობურცული ფორმისაა, შემდგომ კი იშლება და იღებს ძაბრისებრ-ბრტყელ ფორმას ბორცვაკიანი ცენტრით. მისი ზედაპირი გლუვია და წყლიანი ტექსტურის, რაც მას ჰიგროფანულ თვისებას ანიჭებს. ქუდის კიდეები თავდაპირველად ოდნავ შეკეცილია, თუმცა შემდეგ იშლება, ტალღოვანდება და ხდება არათანაბარი.
ფეხი 4-8 სანტიმეტრის სიგრძისა და 1-3 სანტიმეტრის სიგანისაა. მისი შეფერილობა ემთხვევა ქუდის ფერს. ფორმით ცილინდრულია, თუმცა ძირში შეიმჩნევა გამსხვილება და განივ-გაბერილი, გურზისებრი სტრუქტურა. ფეხიც გლუვია და ჰიგროფანული, როგორც ქუდი.
ჰიმენოფორი შედგება საშუალო სიგანის ფირფიტებისგან, რომლებიც დაღმავლად ეშვება ფეხისკენ. ფირფიტები თეთრია. მათი კიდეები თავდაპირველად სწორი ფორმისაა, შემდეგ კი ტალღოვანი ხდება, ზოგჯერ კი დანაკვთულიც.
სპორები ელიფსური ფორმისაა, ზომით 5-7 x 3-4 მიკრომეტრი. სპორების ანაბეჭდი თეთრია.
რბილობი თეთრია, წყლიანი და ხასიათდება ხილის მსუბუქი სუნით.
სოკო იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, უმეტესად მაღალმთიან რეგიონებში, ნიადაგზე. ხშირად გვხვდება წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ფიჭვნარებში, თუმცა იშვიათად შეიძლება ფოთლოვან ტყეშიც შეგვხვდეს.
გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სოკო საკვებად ვარგისია, თუმცა მისი მიღება ალკოჰოლთან ერთად კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, რადგან ეს იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას. მოწამვლის სიმპტომები ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 2-7 საათში და მოიცავს ძლიერ თავის ტკივილს, პულსაციის გაძლიერებას თავისა და კისრის არეში, იშვიათ შემთხვევებში კი – ხელების შეშუპებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 168-169, ISBN 978-9941-8-4547-5